კარგად თუ დავაკვირდებით, ირგვლივ ყველა და ყველაფერი ცდილობს, ცხოვრება გვასწავლოს. სკოლიდან დაწყებული, ფილმებით და თუნდაც რეკლამით დამთავრებული – დაბეჯითებით ცდილობენ გვასწავლონ, გზა გვაჩვენონ და რამეში დაგვარწმუნონ.
ცოტა პრეტენზიულები კი გავხდით, პირდაპირი მოწოდებები გვაღიზიანებს, უფრო შეფარულ-გემოვნებიან „სწავლებებს“ ვნებდებით. გემრიელად, გვსიამოვნებს კიდეც.
ერთი წუთით! იქნებ არ ვართ თანახმა?
მორავიას მოთხრობა მახსენდება, თუ არ ვცდები „ყველაფერი როგორც რეკლამაშია“ ჰქვია. ქალი აღმოაჩენს, რომ რეკლამაში დახატული სქემების მიხედვით ცხოვრობს – ისეთი სახლი აქვს, როგორიც ჟურნალებშია, ისე აცვია როგორც ვიტრინებში გამოდებულ მანეკენებს, ოჯახიც კი ისეთი ყავს, იდეალური სარეკლამო პოსტერებიდან რომ აზეპირებენ ხალხს. ჰოდა გაჭედავს, უცებ ჩამოეშლება მთელი ცხოვრება და ლოგინიდან აღარ დგება, ძილის წამლები აქვს მომარაგებული, მიყოლებით სვამს და სულ ძინავს. აღარც ბავშვებს უვლის, აღარც გარეთ გადის. მთელ ამ პროტესტანტულ გამოხტომას მშვიდი და გაწონასწორებული ქმარი უნგრევს ერთი ხელის მოსმით – ერთ მშვენიერ დღესაც მანქანის ფანჯრიდან რომელიღაც ბილბორდისკენ გაახედებს და არ მუშაობს ეგ შენი პროტესტი, აი ნახე იმ ძილის წამლის რეკლამაზე ხარ გამოჭიმული, ლოგინში ტკბილად ჩაფლული და თავთან ფლაკონი გიდევსო.
ზუსტად აღარ მახსოვს დასასრული, მგონი არგუმენტი გაჭრის, ქალი დანებდება, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო იფიქრებს და გააგრძელებს ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას „როგორც რეკლამაშია“.
ეს სამოციანი წლების ამბავია, მაშინ კიდევ რა უშავდა, ასეთი ყოვლისმომცველი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტალღით არ იყო დედამიწა წალეკილი. დღეს რას ვშვებით?
რას ვშვებით და ტრენდებს მივყვებით, თანაც ყოველგვარი პროტესტის გარეშე, სრული მორჩილებითა და სიამოვნებით. მარკეტინგში მომუშავე ამბიციური ხალხი ხომ საერთოდაც, არათუ მიყვება, თავად ცდილობს ტრენდები შექმნას. მეც ასევე მორჩილად ვაკვირდები ტენდენციებს და კარგა ხანია ვცდილობ, აღმოვაჩინო სადმე ის მეორე ბანაკი თუ არსებობს, ნამდვილი პროტესტანტების. ჯერ ვერ აღმოვაჩინე. ილუზორული მეორე, მესამე და მეასე ბანაკი არის, კი, მეამბოხე იმიჯი ვისაც მოწონს იმათთვის წინასწარ გამზადებული ქცევის წესებით, ტანსაცმლით, სასმლითა და ნაირგვარი ბრენდებით მოპირკეთებული. მაგრამ ნამდვილ „ცივსისხლიან განდეგილებს“ ვერ წავაწყდი ჯერ. თუმცა, ადვილი შესაძლებელია სადმე არსებობდნენ კიდეც.
პრინციპში, რა არის ამაში ცუდი? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც მსჯელობის მომენტში წამოყოფს თავს.
ტრენდია ბალენსიაგაში ათასეულობით დოლარის გადაყრა ან რეტრო სტილის ტანსაცმლის ძიება მეორადებში? ტრენდია მარშალის ფერადი ყურსასმენებით ვიმოძრაოთ და ბერლინში გავისეირნოთ გაზელადიდასებით ფეხზე, მინიმუმ ერთი სიმბოლური ტატუთი აღჭურვილებმა? ღმერთმანი, თუ მოგვწონს და კარგად ვგრძნობთ თავს, ვისი რა საქმეა, ან რა საჭიროა ტვინი გავიცხელოთ. მერე რა, რომ ინსტაგრამის თვალიერების გარდა ათასმა პატარა დეტალმა ჩვენდაუნებურად გვიბიძგა აღმოგვეჩინა და მოგვწონებოდა ეს ყველაფერი რაც ირგვლივ შემოვიკრიბეთ.
ამ კითხვაზე ყველას თავისებური პასუხი ექნება. სანამ ჩემ პასუხს გაგიზიარებთ, მანამდე დავპაუზდეთ ცოტა ხნით და მარკეტინგის ამბებს მივუბრუნდეთ.
საინფორმაციო სივრცის მუდმივი სკანირება, ტრენდების იდენტიფიცირება ან თუნდაც წინასწარი პროგნოზირება უმნიშვნელოვანესი ასპექტია მარკეტერების, კომუნიკაციების სპეციალისტებისა და „რეკლამის ხალხის“ სამუშაო პროცესისთვის. პროგნოზირებისთვის რამდენიმე საბაზისო ტექნიკა არსებობს:
- მონაცემთა ანალიზი – რომელი ინდუსტრიაც გვჭირდება, ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია, ციფრები, კვლევის მონაცემები მოვიპოვოთ და გავაანალიზოთ.
- დაკვირვება – პუბლიკაციებზე, ინფლუენსერებზე, ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო კონტენტზე სისტემურად თვალყურის დევნება.
- საკუთარი მომხმარებლების კვლევა – კითხვარებით, ქცევაზე დაკვირვებით, ფოკუს ჯგუფებით და ა.შ.
- კონკრეტული სუბიექტების შერჩევა – ჩვენ წრეში არსებული გარკვეული ადამიანებისგან პერიოდულად ინფორმაციის ამოღება. სწორი კითხვების დასმა და ყურადღებით მოსმენა.
- უნდა შეგვეძლოს ტრენდის, fad-ის (მოკლევადიანი გატაცება) და მეგატრენდის ერთმანეთისგან განსხვავება. ჩვენთვის რელევანტურის შერჩევა.
- ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის სოციო-კულტურული სივრცე რომელშიც ვართ. ყველა ბაზარს თავის სპეციფიკა აქვს და ამიტომ მსოფლიო მეგა-ტრენდებსაც კი გააზრებულად ვეკიდებით და ვაანალიზებთ ჩვენ კონკრეტულ ბაზრამდე რა სახით შეიძლება მოაღწიოს.
ცალკე საკითხია აღმოჩენილ ტენდენციებს რაში გამოვიყენებთ. ბუნებრივია ცვლილებებს არ უნდა ჩამოვრჩეთ და მზად ვიყოთ ადაპტაციისთვის, თუმცა არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომ „ტრენდზე დაჯდომა“ ყოველთვის უპირობოდ კარგია. ხანდახან პირიქითაც კი ხდება, კონკრეტული მოკლევადიანი საკომუნიკაციო ამოცანის შესასრულებლად მის წინააღმდეგ წასვლა შეიძლება სჯობდეს.
მაგალითად, მომხმარებლის ქცევასთან დაკავშირებულ მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით Google-მა და Youtube-მა წინასწარ მოახდინეს ტრენდის პროგნოზირება და უკვე რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მინი რგოლების განვითარება. 6 წამიანი ვიდეო-ისტორიების კამპანიაც კი ჩაუშვეს, რომ პირველები მოძლიერებულიყვნენ ამ მიმართულებით, მოგვიანებით კი, როგორც სარეკლამო პროდუქტი ისე შეფუთეს. ბუნებრივია ეს ტრენდი არსად არ წასულა, ეტაპობრივად ვითარდება და იკრებს ძალას. რამდენიმე საინტერესო მაგალითი ამ ფლეილისთშია თავმოყრილი
ჩვენი ცხოვრების სტილის, არჩევანის და ხანდახან აზრების მწყემსების სამუშაო სქემებს თავი დავანებოთ და ისევ იმ ეგზისტენციალისტურ კითხვას რომ მივუბრუნდეთ:
– მერე რა, ვიცხოვროთ „ისე როგორც რეკლამაშია/ფილმებშია/ვლოგებშია/სურათებშია“ რა არის ამაში ცუდი?
– არც არაფერი.
გააჩნია რას მოვითხოვთ ცხოვრებისგან და რა ამბიციები გვაქვს. მარკეტერებისთვის ეს ყველაფერი საინტერესო და სასარგებლოა პროფესიული კუთხით. პიროვნულ ასპექტზე თუ ვისაუბრებთ – დინებას როცა მიყვები, ცურვაც გსიამოვნებს, წინაც მიდიხარ, ზედმეტად არ იღლები. მაგრამ აი რატომღაც თუ გაურკვეველი მოუსვენრობა გაწამებს, გინდა, რომ რამე გამორჩეული, ორიგინალური და ღირებული შექმნა, „როგორც რეკლამაშია“ ცხოვრების გზა არ გამოდგება. სხვების გამოგონილი და თავს მოხვეული სამყარო თუ არ გავარღვიეთ, „ნამდვილი მე“-ს აღმოჩენა შეუძლებლად მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ შექმნის ტექნოლოგია საკმაოდ კარგად მესმის, ჯერაც ვერ გავარღვიე საზღვარი, ამიტომ ეს პასუხიც მხოლოდ პირადი ჰიპოთეზაა, მეტი არაფერი.
ა, ჰო, მშვენიერი ტრენდია იუთუბის ტრენდების ყურება და წავალ ჩავუჯდები.
ამ ყველაფრისგან თავისუფალი და რეკლამის გარეთ მცხოვრები ნამდვილი პროტესტანტები თუ არსებობთ სადმე, შემეხმიანეთ, გამიხარდება.
ნინო კვაჭანტირაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი