პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა LIFE N STYLE, ბათუმის შემდეგ, თბილისში გადაინაცვლა. ის 31 ოქტომბერს, თიბისი გალერეაში გაიხსნება, 2 ნოემბერს ღვინის უბანში გადაინაცვლებს და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი Art Caucasus-ის მიერაა ორგანიზებული და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ბეჭდური მედიის, ხელით ბეჭდვის (სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა) პოპულარიზაციას. LIFE N STYLE მესამედ ტარდება საქართველოში, წელს კი მის საგამოფენო ფორმატს პრინტის თემაზე შექმნილი კოსტიუმები, პერფორმანსები, ფოტოინსტალაციები, ვიდეოარტი, საუნდი, ტექსტი, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზი ემატება.
„თუ აკეთებ გააკეთე“ – DO OR DO NOT, წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია და თემაა. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ხელით ბეჭდვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ, მსგავსი ღონისძიებით, ფესტივალის ორგანიზატორები ამ მიმართულების აქტუალიზებას ცდილობენ. ფესტივალში მონაწილეობას, საქართველოსთან ერთად, იღებენ აზერბაიჯანი, ესპანეთი, ისრაელი, თურქეთი, ლიბანი, კანადა, რუსეთი, შვეიცარია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენის ნაწილი იქნება მხატვრების პრინტებისგან შექმნილი ყოველდღიური მოხმარების საგნები – ჩაის საკოლექციო ჭიქები.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ისე მოხდა რომ ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ დარგად. არიან საკმაოდ მაღალი დონის მხატვრები, რომელთაც წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენაში, საქართველოში. დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები. ხელით ბეჭდვა – სერიგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავირა მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა. თუმცა, სამხატვრო აკადემიაში ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს გრაფიკის სახელოსნო. ფესტივალის 3 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრმა სხვა მედიაში მომუშავე მხატვარმა თბილისსა და ბათუმში გამოცადა თავისი თავი ბეჭდვით მედიაში“, – გვიყვება ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი – ნანა ყირმელაშვილი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, LIFE N STYLE სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობას ისევ გააგრძელებს. 2018 წლისთვის კი, ფესტივალის ბოლო, შემაჯამებელი გაჩერება თბილისია.











