in

ქართულენოვანი და საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაცია, Liffit – ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით

აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ციფრულ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობ.

Startauperi
Startauperi

Liffit პირველი ქართულენოვანი და საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს.

დამფუძნებლები დაკო ლომიძე და ნინო მგელაძე არიან და თავადვე გვიზიარებენ სტარტაპის შექმნასთან დაკავშირებულ გამოცდილებას:

იდეა
დაკო ლომიძე, თანადამფუძნებელი: „მე და ნინოს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთად არაერთ პროექტზე გვიმუშავია, თუმცა ჩვენს ერთგვარ ამბიციას ყოველთვის წარმოადგენდა, ჩვენი სიტყვა გვეთქვა, ჯერ კიდევ, მამაკაცების მიერ დომინირებულ, ტექ.ინდუსტრიაში.

პანდემიის პერიოდში შეცვლილმა რეალობამ და ახალმა გამოწვევებმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და ერთ-ერთი საუბრისას იდეა დაიბადა, მობილური ფიტნეს აპლიკაცია შეგვექმნა.

დაკო ლომიძე

ნინო მგელაძე, თანადამფუძნებელი: „არაერთი კვლევა ჩავატარეთ, შევისწავლეთ მომხმარებელთა ინტერესები, მოთხოვნები, არსებული და ჯერ კიდევ, არარსებული ტრენდები, რაზეც აპლიკაციის კონცეფცია დავაშენეთ“.

იდეის სრულყოფის პროცესი
დაკო ლომიძე:
 „ჩვენც სტარტაპისთვის დამახასიათებელი გზა გავიარეთ. ჯერ ბრენდისა და კონცეფციის ნაწილში ჩამოვყალიბდით. ჩვენი საქმიანობა  ერთი კონკრეტული კონცეფციის ირგვლივ დაიწყო, რომელიც ადამიანთა მუდმივ მოძრაობას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და საერთო კეთილდღეობას გულისხმობს. როცა იწყებ ფიქრს, ინფორმაციების მოძიებას და ეს პროცესი სისტემატურად მეორდება, უკვე შენს იდეას იჯერებ. მოძრაობა უწყვეტი პროცესია, ის სჭირდება სხეულსაც და გონებასაც. 

ბრენდინგის მიზანი იყო, „ლიფფიტი“ პოზიციონირებდეს, როგორც ექსპერტი ფიტნეს ინდუსტრიაში. ამას კი ბევრი მუშაობა დასჭირდა როგორც ჩვენი, ისე მსოფლიოში წამყვანი პროფესიონალებისა და ქართველი თუ უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელების მხრიდან. ჩვენ მუდმივ განვითარებასა და მიზნებზე ორიენტირებული გუნდი შევქმენით, რომელიც იზიარებს თანამედროვე ხედვებს და იმ გლობალური პროექტის ავთენტურია, რომელსაც ვქმნით.

ჩვენ თავად ვართ აქტიური მოვარჯიშეები. მრავალი წელია, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევთ. მიუხედავად ამისა, გვესმის და საკუთარ თავზე გამოგვიცდია, რომ ძალიან რთულია არაპროგნოზირებად, ყოველდღიური საქმიანობითა და პრობლემებით დატვირთულ გარემოში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, ფიტნეს დარბაზის მომსახურებით ისარგებლო, ივარჯიშო და იყო ფორმაში, აკონტროლო შენი მიღწევები, შეინარჩუნო მოტივაცია და სხვისთვის მაგალითი გახდე. ამავდროულად, 21-ე საუკუნის გამოწვევებმა ნათლად დაგვანახა ვარჯიშის აუცილებლობა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მოკლედ, გამოწვევას გადაჭრა სჭირდებოდა და მათი გადაწყვეტა „ლიფფიტის“ აპლიკაციის შექმნა იყო.

ნინო მგელაძე

„ლიფფიტი“, როგორც სერვისი
ნინო მგელაძე, თანადამფუძნებელი:
 „ლიფფიტის“ ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. პროგრამები გათვლილია როგორც დამწყები, ისე საშუალო დონისა და გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. ვარჯიშის კომფორტს აპლიკაციის თანამედროვე ფუნქციონალი ქმნის. ფიტნეს აპლიკაცია სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ზოგავს დროს, ბიუჯეტს და მოტივაციას გაძლევს. მასზე მიჯაჭვულობის მეტი ალბათობა არსებობს, რადგან რჩევებს ალგორითმი გაძლევს, რომლის მიმართ სანდოობა დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადამიანების რჩევებზე დაყრდნობა. აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ციფრულ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობ.

„ლიფფიტი“ აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციონალით. ინტეგრირებული სმარტ საათებისა და ფიტნეს თრექერების მეშვეობით, მომხმარებელი პროგრესს რეალურ დროში აკონტოროლებს. აპლიკაციაშივე აქვს საშუალება, გაიცნოს და დაიმეგობროს სხვა ლიფფიტერები, მიღწევები და შედეგები სხვას გაუზიაროს. ჩაშენებული Apple Music და Spotify მომხმარებელს სასიამოვნო ვარჯიშისთვის მუსიკის უსაზღვრო არჩევანს სთავაზობს.

ჩვენი სტრატეგიული მიზნები გლობალურ ბაზარზე სამიზნე აუდიტორიის საჭიროების დაკმაყოფილებაა, სამიზნე აუდიოტირია კი უზარმაზარია. ყოველდღიურად გვიწევს, კულტურულად მრავალფეროვან ბაზრებზე მომხმარებელთან ურთიერთობის ინოვაციური სტანდარტების დანერგვაზე ვიმუშაოთ.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, ფიტნეს აპლიკაცია მდგრადი შემოსავლების მქონე ბიზნესია. როცა იდეა გაგვიჩნდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომლისთვისაც მომხმარებელი იქნებოდა ინდივიდი, კონკურენტების შესწავლის დროს აღმოვაჩინეთ, რომ სწორი დრო იყო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის, რადგან გლობალური ბრენდები, ჯერ კიდევ, განვითარების ეტაპზე არიან.

ჩვენ მიზნად საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, სრულყოფილი მოდელის შექმნა დავისახეთ.

„ლიფფიტთან“ ურთიერთობა
დაკო ლომიძე:
 „ლიფფიტის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გარკვეული ვარჯიშების სერიებით სარგებლობა უფასოა. პერსონალური პროგრამები, რომლებიც პირადი მონაცემებისა და მიზნების საფუძლველზე დგინდება კი – ფასიანი. მისი ღირებულება, გლობალურ ბაზარზე, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანია, ხოლო ქართველი აუდიტორიისთვის – ხელმისაწვდომი. საწყის ეტაპზე აპლიკაცია ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს მოიცავს: წონის კლება, მობილობა და მოქნილობა. 

აპლიკაციის დეველოპმენტი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე დებაგინგის პროცესს გადის. Liffit უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი როგორც Android, ასევე iOS ოპერაციულ სისტემებზე.  მიუხედავად ამისა, ჩვენ განახლებაზე უკვე ვმუშაობთ და მომხმარებლებს ბევრ ახალ, საინტერესო პროგრამებსა და შეთავაზებებს ვუმზადებთ.

„ლიფფიტი“, როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის საშუალება
ნინო მგელაძე: „ცალკე მინდა, აღვნიშნო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის კონცეფციის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს როგორც აპლიკაციისთვის, ასევე ჩვენი ქართული და უცხოური სოციალური მედიაარხებისთვის ვიდეოკონტენტის გადაღებას ქართულ ლანდშაფტებზე, რისი საშუალებითაც გვსურს, ჩვენს საერთაშორისო მომხმარებლებში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარიზაცია მოვახდინოთ და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ამ პრიორიტეტულ მიმართულებაში“. 

„აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი, ილია თოფურია, ბრძოლისთვის ემზადება

Virgin Galactic-ის ხომალდმა კოსმოსური ზღვარი გადაკვეთა!