in

ქართველი მსახიობები ოსკარზე ნომირირებული რეჟისორის ფილმში — Light Falls

ენკენი ფილმსის დრამა Light Falls / სინათლის დაცემა 4 ქვეყნის საქართველოს, ალბათენის, საბერძნეთისა და გერმანიის თანაწარმოებაა, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია, რომელსაც ჰოლივუდში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. წარმოშობით ბერძენ კინორეჟისორსა და ოპერატორს საქართველოსთან მჭიდრო სამუშაო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. 

აქ ნახავთ სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილ გაუგებრობათა ჯაჭვს, რომელიც ძალადობასა და შურისძიებაში გადაიზრდება… ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ქართველ მოდელ კლარას საბერძნეთში შესთავაზენ გადაღებას და იქ თავის შეყვარებულ ელასთან ერთად გადაწყვეტს წასვლას. მეორე მხარეს, საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ახალგაზრდა ალბანელები არიან — ალტინი, ვეტონი და ედი. უბედური შემთხვევა კი მათ ერთმანეთთან შეახვედრებს…

მარკეტერი კი ფედონ პაპამაიკლთან, ნინი ნებიერიძესა და ელენე მახარაშვილთან პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ:

M: რისი თქმა სურს Light Falls-ს მაყურებლისთვის?

ფედონ პაპამაიკლი: ფილმი Light Falls „სინათლის დაცემა არის მეტაფორა, თუ როგორ შეიძლება რაღაც, ერთი შეხედვით, ნათელი, ჰაეროვანი და კაშკაშა, მოულოდნელად ბნელ საშინელ კოშმარად გადაიქცეს. აქ ნაჩვენებია ორი განსხვავებული სამყაროს დაპირისპირება. ახალგაზრდები განსხვავებული გარემოდან არასწორ დროს არასწორ ადგილზე აღმოჩნდებიან. კომუნიკაციის უუნარობა გადაიზრდება ძალადობასა და ტრაგიკულ მოვლენებში საბერძნეთის კინემატოგრაფიულ გარემოში. ამ ფილმით ვყვები ისტორიას ჰიბრიდულ ჟანრში, მომხიბვლელი თრილერისა და, ამავე დროს, სოციალური დრამის ფორმით, რომელიც გლობალურ მიმდინარე კრიზისებზე დაგაფიქრებს. 

M: რის მიხედვით შეარჩიეთ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები?

ფედონ პაპამაიკლი: წლებია ვიცნობ ელენსიოსა და ნინის და მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა მსახიობები იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ისინი ძალიან კარგები იქნებოდნენ დიდ ეკრანზე. ძალიან მომწონს მათი ინტუიციური ინსტინქტები. მათ ძალიან ბუნებრივად შეძლეს ფილმის პერსონაჟების ხასიათის განსახიერება. 

რაც შეეხება ალბანურ ტრიოს, ტირანაში დრამატურგიის ბევრ სტუდენტს მოვუსმინე. ძალიან გამიხარდა, რომ საკმაოდ ძლიერი და პროფესიონალი მსახიობები აღმოვაჩინე. ბედნიერი ვარ ჩემი საბოლოო შემადგენლობით: ძალიან ინტენსიური და ნამდვილია.

 M: ელენე, თქვენი პერსონაჟის შესახებ რომ მოგვიყვეთ, როგორია იგი?

ელენე მახარაშვილი: კლარას პერსონაჟი ფილმის დასაწყისში ერთი გამოუცდელი, უსუსური გოგონაა, რომელმაც არაფერი იცის ცხოვრების შესახებ. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კი, იგი იქცევა ძლიერ, დაუნდობელ, სასტიკ ქალად… მაყურებლისთვის საინტერესო იქნება კლარას პერსონაჟის გარდასახვა და იმის გააზრება, რომ კლარა ნამდვილად მსხვერპლია, თუმცა შესაცოდი არაფერი აქვს, რადგან ის უფრო ძლიერი და გამოცდილი დაუბრუნდება რეალობას. ამასთან ერთად, თუ დავუკვირდებით, ალბანელებიც ამ ცხოვრებისა და უსამართლობის მსხვერპლნი არიან, რის გამოც მაყურებლის ნაწილმა შეიძლება მათი სისასტიკე გაამართლოს და აზრიც ორად გაიყოს.

M: ნინი, გაგვიზიარეთ, როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?

ნინი ნებიერიძე: ეს იყო მშვენიერი მოგზაურობა და მშვენიერი დრო ნამდვილ პროფესიონალთან ფედონ პაპამაიკლთან ერთად, რომელსაც მთელი არსებით ესმის და იცის კინო, რომელმაც პირველივე კვირას იმაზე უკეთ და ღრმად გამიცნო, ვიდრე მე ვიცნობდი ჩემ თავს, ეს იყო მუშაობა ისეთ ადამიანთან, რომლის გამოცდილება და შეხედულებები ჩემთვის ყოველთვის ინპირაცია იქნება, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და იმედია, კიდევ ვიმუშავებთ ერთად. მთელი კინოს პროცესი საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან არ მიყვარს მხიარული კინოები, ეს არ მაინტერესებს. Light falls უფრო ტკივილზეა და ძალადობაზე, საყვარელი ადამიანის დაკარგვასა და უსამართლობაზე, რაც ჩემთვის უფრო დასაფიქრებელი და აღმოსაჩენი გამოცდილება იყო სიბნელისა და ტკივილის მიღმა ცხოვრების.

რაც შეეხება ალბანელ მსახიობებთან მუშაობას, მათთვის, როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ემიგრაციის თემა საკმაოდ ნაცნობია და ორგანული. ამიტომ, ემოციურად ყველა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ხოლო ელენე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია, დიდი ხნის მეგობარია, რთული იყო იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა — ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო…

M: რა კავშირი გაქვთ საქართველოსთან და რატომ გადაწყვიტეთ, მთავარი პერსონაჟებიც ქართველები ყოფილიყვნენ?

ფედონ პაპამაიკლი: საქართველოსთან მუშაობის რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება მაკავშირებს, პირველი გადაკვეთა 27 დაკარგული კოცნის (1999) გადაღებებისას შედგა. ჩემთვის შთამაგონებელი იყო ქართული კინოს ისტორიის სიმდიდრის აღმოჩენა და, ასევე, ბოლო 25 წლის მანძილზე იმაზე დაკვირება, თუ როგორ იზრდებოდა ქართული კინოსაზოგადოება პროფესიულად. ბევრი ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი გამოჩნდა. ზოგადად, მაქვს სურვილი და ვგეგმავ ვიმუშაო მეტ სიუჟეტზე, რომელიც საქართველოსთან და საქართველოში გადაღებასთან იქნება დაკავშირებული. ჩემთვის ეს არის ერთგვარი შემოქმედებითი განტვირთვა ჰოლივუდის ყოველდღიური ცხოვრებისგან.

რაც შეეხება მსახიობებს, მე მომწონს საზოგადოების ეს კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ჩვენი ფილმის ორი ახალგაზრდა ქართველი გმირი წარმოადგენს. ეს თაობა არის თავგადასავლების მოყვარული, თავისუფალი სულისკვეთებით და ყოველთვის ცნობისმოყვარეობით სავსე. უყვართ მოგზაურობა და ძალიან თანამედროვე მოაზროვნეები არიან. მინდოდა, მეჩვენებინა კონტრასტი სხვადასხვა კულტურასა და სოციალურ აღზრდას შორის, კონფლიქტის წარმოქმნის და გაღვივების შედარება, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ერთი და იმავე თაობის წარმომადგენლები არიან… 

M: რა შემთხვევაში ჩათვლით ფილმს წარმატებულად?

ფედონ პაპამაიკლი: ჩემთვის ფილმი Light Falls უკვე დიდი წარმატებაა, რადგან ვიმოგზაურე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე და სხვადასხვა ჩვენებით ლოს-ანჯელესში. ფილმს საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა და აჩვენა, რომ შეძლებს მოხიბლოს ფართო აუდიტორიაც. მივიღეთ შეფასებებიც, რომ ფილმი გამოვიდა ძალიან მიმზიდველი, ევროპული სტილით, მაგრამ არა, ნელი არტ-ჰაუსით. ბევრმა მითხრა, რომ ფილმზე ფიქრს ვერ წყვეტენ…

Light Falls-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, Tallinn Black Nights Film Festival 2023-ზე შედგა, ხოლო საქართველოში პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში Light Falls, იტალიური კომპანია 102Distribution-ის მიერ, წარდგენილი იქნება ბერლინალე 2024-ის ფარგლებში ევროპულ კინობაზრობაზე, სადაც ფილმის საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება. გარდა იმისა, რომ სინათლის დაცემა საქართველოს კინოთეატრებში 1-ლი თებერვლიდან გამოჩნდება, თებერვალშივე ფილმის ჩვენება იბიცას საერთაშორისო კინოფესტივალზეა დაგეგმილი. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ქართველების მიერ დაფუძნებულ Universal Transit-ის სერვისზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა წერს!

„შეინარჩუნე შენი არსი“ — Porsche-ს ახალი კამპანია