in

ლიკა ბერუაშვილი – #პირველისამსახური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემმა ლექტორმა მაია რობაქიძემ PSP-ში სტაჟირების გავლა შემომთავაზა. ქალბატონი მაია, იმ დროს, კომპანიის HR დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და თავის სტუდენტებსაც ყოველთვის ეხმარებოდა თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. ამ წელს იღბლიან სტუდენტებს შორის მეც აღმოვჩნდი და ასე დავიწყე ჩემი პირველი სამსახური.

მახსოვს, სტაჟირების გავლა როდესაც შემომთავაზა იმდენად გამიხარდა, რომ არც კი მიკითხავს კონკრეტულად რა დამევალებოდა. ერთი მხრივ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად მეც გამომარჩია და მეორე მხრივ, ზუსტად ამავე მიზეზით, ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას მის წინაშე.

სტაჟირების პირველი დღე არაორდინალური იყო, დაემთხვა 2007 წლის 7 ნოემბერს, ამიტომ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მხოლოდ ნახევარი დღე მომიწია მუშაობა.

ადმინისტრაციულ და შერჩევის მიმართულებებთან შეხებით დავიწყე HR დისციპლინის დაუფლება. ვვითარდებოდი და ამასთან ერთად, კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ HR ზუსტად ის იყო, რისი კეთებაც მომწონდა და არასდროს მომბეზრდებოდა. მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევაში  განსაკუთრებული როლი ითამაშა ფსიქოლოგიის ცოდნამ, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე სწორი კომუნიკაციის დამყარებაში დამეხმარა.

3 წლის განმავლობაში ვიმუშავე პირველ სამსახურში, ამის შემდეგ, იყო გუდვილის, იუსტიციის სახლისა და თეგეტას HR დეპარტამენტები. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა კომპანიამ და იმ გუნდებმა, რომლებთან ერთადაც მიწევდა მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. უკვე მეექვსე წელია, რაც თეგეტა მოტორსის გუნდის წევრი ვარ და ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ყოველ დღე ძალიან ვვითარდები კომპანიასთან ერთად, ვიზრდები პროფესიულად და ვსწავლობ ახალს.

მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ მომენტში რამდენად რუტინული გეჩვენება ის რასაც აკეთებ, წარმატებისთვის მთავარია გჯეროდეს, რომ შენი კარგად შესრულებული საქმე დიდ მიზანს ემსახურება და ამასთან ერთად, აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

და კიდევ, ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე და პროფესიული განვითარების ყველა საფეხურზე, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის განვითარებას, გავხადოთ ის უკეთესი. საინტერესოა, რომ ასე კიდევ უფრო სწრაფად ვვითარდებით.

ლიკა ბერუაშვილი – თეგეტა მოტორსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი / თეგეტა აკადემიის დირექტორი

“კეთილი და პატიოსანი” სასმლის ვიზუალური კონცეფცია, რომელზეც Holy Motors-მა იმუშავა

„ჩემი კარიერა ჩემი ჰობია“ – ბადას ამბავი უკრაინის ყველაზე დიდ გემბლინგ კომპანიამდე