in

საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Mercedes-Benz-ის გუნდში სტაჟირებას გაივლის

ლიკა კეშელავა, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი, Mercedes-Benz-ის გუნდში სტაჟირებას არტ დირექტორის პოზიციაზე გაივლის. ამ შთამბეჭდავი თავგადასავლის შესახებ კი თავად გვიამბობს:

„ჩემი გზა მერსედესამდე (და ცოტა მერსედესს იქითაც)

საქართველოს ბანკის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით 1 წლის წინ ჩამოვედი ბერლინში და Miami Ad School Europe-ში დავიწყე სწავლა, Art Direction-ის მიმართულებით.

ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, რამაც პირველივე დღიდან გამიადვილა სასწავლო პროცესთან ადაპტაცია.

გარდა იმ ცოდნისა, რასაც Miami Ad School Berlin-ში ვიღებთ, აქ გვეძლევა უდიდესი შესაძლებლობა ძალიან დიდი და ძლიერი კომპანიების „შიდა სამზარეულოში“ შევიხედოთ, ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი გავიცნოთ, რომლებიც დღეს ინდუსტრიის კომპასად ითვლებიან, ქმნიან ლეგენდარულ ნამუშევრებს, აწესებენ ტენდენციებს.

სტაჟირება MASE-ში სწავლების ნაწილია. ერთწლიანი ინტენსიური კურსების შემდეგ ქმნი პორტფოლიოს, რომელსაც MASE-ს მიერ შემოთავაზებულ სააგენტოებში აგზავნი. სააგენტოები გარჩევენ შენი ნამუშევრების, აკადემიური მოსწრების და ტექნიკური შესაძლებლობების საფუძველზე. სწორედ ასე მოვხვდი antoni-ში — Mercedes-Benz-ის სააგენტოში. 

antoni ევროპის წამყვანი სააგენტოა, რომელიც 2015 წელს ექსკლუზიურად Mercedes-Benz-ისთვის დაარსდა. ყველა რეკლამა, კამპანია, პროექტი, რომელიც მერსედესის ნებისმიერი მოდელისთვის ან ქვებრენდისთვის კეთდება, შექმნილია antoni-ში. კონკრეტულად კი იმ დეპარტამენტის მიერ, რომელშიც მე დავიწყე სტაჟირება — „antoni Garage“-ში .

უკვე ჩავერთე საკმაოდ დიდ პროექტებში, რასაც არ ველოდი სტაჟირების პირველივე კვირას, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ჩემი სამომავლო გეგმებისთვის შესანიშნავი გამოცდილება და შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, პროექტებზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ გავცემ, რადგან მკაცრად კონფიდენციალურია, თუმცა მომავალში არ გამოგაპარებთ.

კიდევ 2 სტაჟირების შესაძლებლობა მაქვს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთ გეგმად და მიზნად Sony Music დავისახე, კომპანია ტერიტორიულად მადრიდშია, ამიტომ ესპანურის სწავლა მიწევს. ენას თავად ვსწავლობ, Duolingo-ს დახმარებით და დიდი იმედი მაქვს გამომივა.

საბოლოოდ, სად გადავწყვეტ ხანგრძლივად მუშაობას, ჯერ არ ვიცი, თუმცა ვცდილობ ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული ინდუსტრია მოვსინჯო და მაქსიმალურად ბევრი, დიდი და მსუყე პროექტი დავაგროვო“.

Nike თავის Web3 პლატფორმაზე ახალ ვირტუალურ კოლექციას უშვებს

როგორ იყენებს ჯეფ ბეზოსი სთორითელინგის ტექნიკას?