in

ლიკა კოვზირიძე – #პირველისამსახური

კარგ ლიდერს და პროფესიონალ მასწავლებელს ბევრი საერთო აქვს – ორივე მათგანი აზიარებს დაგროვილ ცოდნას და ამ პროცესში თავადაც სწავლობს და ჩემთვის ორივე მათგანის შესაძლებლობები ფასდება იმით, თუ რამდენად შეძლებენ ისინი დაეხმარონ ადამიანებს საკუთარი პოტენციალის და ინტერესების აღმოჩენაში და განვითარებაში.

ჩემი პროფესიული კარიერა სწორედ მასწავლებლობით დავიწყე, მაშინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი, მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ეუფლებოდა. ენის შესწავლის ცენტრის შესახებ ჩემი დის თანამშრომლისგან შევიტყვე და გასაუბრებაზე გასვლა გადავწყვიტე, მახსოვს რომ ძალიან ვღელავდი, თუმცა ჩემი მონდომება იმდენად მაღალი იყო, რომ ამ ასაკში ცენტრში ინგლისური ენის დაწყებითი ჯგუფის მასწავლებლობა შემომთავაზეს.

პირველი გაკვეთილისთვის საგულდაგულოდ მოვემზადე, თუმცა შერეულ ჯგუფში, ჩემზე ბევრად დიდი ასაკის ადამიანებთან გაკვეთილზე შესვლამ, მაინც ძალიან ამანერვიულა. ამ შეგრძნებას მერეც ვებრძოდი, ასაკი ბარიერი მეგონა და უხერხულობას მიქმნიდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ხშირად თავადვე ვაზვიადებთ უმნიშვნელო მოვლენებს, გვეშინია გარკვეული ნაბიჯების გადადგმის, რადგანაც ეს ახალი გამოცდილებაა და არ ვიცით წინ რა გველის; სამი შეხვედრის მერე მოსწავლეებთან უკვე დამეგობრებული ვიყავი, მივყვებოდი წინასწარ გაწერილ სასწავლო გეგმას, ვგრძნობდი საოცარ მხარდაჭერას კოლეგებისგან და მოსწავლეების დადებითი უკუკავშირი და პროგრესი ენერგიით მავსებდა.

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი და ვსწავლობდი, მასწავლებლის აუცილებელი რუტინის – ცოდნის სისტემაში მოყვანის, შეფასების, მოსწავლეების მართვის, პოტენციალის აღმოჩენის, მოტივაციის შექმნის შეძენილი უნარები კი, ჩემს მომავალ საქმიანობაში ძალიან გამომადგა.

ცოდნის გაზიარება, პოტენციალის დანახვდა და მოტივაციის გაზრდა ჩემი ერთ ერთი მნიშნელოვანი ღირებულებებია და მომავალში ვგეგმავ არაფორმალური განათლების მიმართულებით ჩემი წვლილის შეტანას, განსაკუთრებით 12-18 წლის ასაკის მოზარდებისთვის.

ამჟამად კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითის კვლევის მიმართულების ლიდი ვარ. კომპანიის მისია კლიენტებისთვის ცვლილებების ძალის – ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის – მიცემაა. ჩვენი მიზნების თანხვედრა ძალიან დინამიურ და დატვირთულ სამუშაო რეჟიმს სასიამოვნოს ხდის, ასე ხდება როდესაც აკეთებ იმ საქმეს რომელიც გიყვარს და შინაგანად გავსებს.  

ამ ეტაპზე კომპანია ტრანსფორმაციის პროცესშია, ეს კი ბევრ სიახლეს და ცვლილებას გულისხმობს, სადაც ზოგჯერ არ იცი რა გელის წინ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენი მხარდაჭერა, ნდობა და შენი გუნდის წევრების შესაძლებლობების რწმენა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მეტი ენერგიის მომცემი იქნება;

და თუ გინდა იყო კარგი ლიდერი, მაშინ უნდა გაიხსენო როგორია კარგი მასწავლებელი – ყოველდღე შენც ისწავლო რაღაც ახალი და ეცადო დაინახო ის შესაძლებლობები, რაც ყველა თანამშრომელს ინდივიდუალური აქვს, რომლის აღმოჩენას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუძლია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.

ლიკა კოვზირიძე – კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითის კვლევის მიმართულების ლიდი

გავრცელებული მითები მედიტაციის შესახებ

თიბისიმ DevRel-ის პოზიცია შექმნა – „დეველოპერების ხმა კომპანიაში“