in

ლიკა კვარაცხელია Google-ში – აფხაზეთიდან დევნილი გოგონას ისტორია

დღეს კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გვსურს, გაგაცნოთ, რომელმაც, რთული გზის მიუხედავად, მოახერხა და დღესდღეობით ტექნოლოგიების მსოფლიო გიგანტად წოდებულ Google-ში მუშაობს. ლიკა და მისი და, ვიქტორია კვარაცხელია, რომელიც ჩვენს მკითხველს ადრე, ერთ-ერთ სტატიაში გავაცანით, აფხაზეთიდან დევნილები არიან და რთული, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვთ, თუმცა ამჯერად ლიკასთან ინტერვიუს წარმოგიდგენთ.

ლიკა უკრაინაში დაიბადა. გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა, თუმცა უმაღლესი განათლების მისაღებად შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში გაემართა. აქ სწავლა  ევროპულ მეცნიერებათა დარგში მან ევროკავშირის სრული დაფინანსებით შეძლო. ტექნოლოგიები მისთვის ახალი სამყარო იყო, როდესაც პოლონეთში, ვროცლავში გადავიდა და მუშაობა დაიწყო. მისი ოცნების სამსახური კი ყოველთვის Google იყო.

ლიკა კვარაცხელია:

თავიდან მალმოს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამის (კურსის) კოორდინატორად ვმუშაობდი. პოლონეთში გადასვლის შემდეგ Centra Technology-ში senior customer experience associate პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამყარო სრულიად უცხო იყო ჩემთვის, მოკლე დროში გავხდი „სენიორი”. ჩემი როლი მოიცავდა პროდუქტის ცოდნის, ფუნქციონალის ათვისებისა და გამოყენების ხელშეწყობას, კლიენტებისთვის კონსულტაციასა და პლატფორმის მხარდაჭერას ბიზნესმიზნების მისაღწევად. 2023-ში წლის თანამშრომელი გავხდი. 

M: როგორ მოხვდით Google-ში?

ყოველთვის ვოცნებობდი Google -ში მუშაობაზე. ამ კომპანიის გავლენა ჩემს ცხოვრებაზე უდიდესია. მისმა პროდუქტებმა ბევრი კარი გამიხსნა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ყოველთვის მინდოდა პროდუქტის ცოდნის სრულყოფილად ათვისება და საკუთარი წვლილის შეტანა. გავიარე ხანგრძლივი გასაუბრების პროცესი, რომელმაც ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან თავად პროცესი სრულიად განსხვავებულია. არასდროს დამავიწყდება ეს გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ შემახსენა ამ კომპანიის ღირებულება და მისი უნიკალურობა. ამ კომპანიის ადამიანები, მიზნები, გუნდების დინამიკა – ყველაფერი იმდენად შთამაგონებელია, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის მოუთმენლად მივდივარ და მუდმივად ვსწავლობ.

M: რამდენი ხანია, რაც გუგლში ხართ და უშუალოდ თქვენი როლი რას მოიცავს?

ამჟამად ვმუშაობ Google-ის gTech Ads მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში, როგორც პროდუქტის მხარდაჭერის კონსულტანტი. ჩემი, როგორც პროდუქტის მხარდაჭერის კონსულტანტის, მთავარი ამოცანაა, ღრმად ვიცოდე პროდუქტი, უზრუნველვყო მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მხარდაჭერა და ვიზრუნო მომხმარებელთა პრობლემების გადაწყვეტაზე. ასევე, შეიძლება მომიწიოს შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, რათა მომხმარებელთა პრობლემებსა და კითხვებზე კომუნიკაცია გავუწიო. Google ქმნის პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს, ხოლო ჩემი გუნდის როლია, დაეხმაროს მათ რეალობაში განხორციელებაში.

M: თქვენ ხართ აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე…რა სირთულეები ახლავს ამ სტატუსს და რა გზა გაიარეთ წარმატების მისაღწევად?

ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია. ყველა დევნილმა ბავშვმა იცის, რა სირთულეებს აწყდები ცხოვრებაში, როდესაც გიწევს სახლის დატოვება, სხვა ქვეყანაში აღზრდა და ხშირი გადაადგილება. მე პრივილეგირებული ოჯახიდან არ ვარ, ადრეულ ასაკშივე გავეცანი მძიმე ეკონომიკურ ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ საწვავი იყო ჩემი წარმატებისთვის.

ცხოვრებაში ყოველი სირთულე საწვავად გამოვიყენე, რომელიც უფრო მეტად მიბიძგებდა ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლაში.

ძალიან მინდა, ჩემი ისტორიით შთაგონება მივცე ბავშვებს და ვუთხრა, რომ შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება და საზღვარგარეთ სწავლა, შესაძლებელია ახალი უნარების შეძენა და საოცნებო სამსახურის შოვნა.

M: აღგვიწერეთ, როგორია Google-ში მუშაობა, რა სპეციფიკა აქვს, როგორი კულტურაა…

Google-ს განსაკუთრებულს ხდის რამდენიმე ფაქტორი: 

ინოვაცია: Google მუდმივად ინოვაციურია და ქმნის პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ცვლის სამყაროს.

მომხმარებელზე ორიენტირება: Google-ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებაა. კომპანია ცდილობს, შექმნას პროდუქტები, რომლებიც მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად და რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება.

გლობალური გავლენა: Google-ის პროდუქტები და სერვისები გამოიყენება მთელ მსოფლიოში და მათ დიდი გავლენა აქვთ ადამიანების ცხოვრებაზე.

კორპორაციული კულტურა: Google-ს აქვს უნიკალური და ინოვაციური კორპორაციული კულტურა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების კრეატიულობასა და თანამშრომლობას. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების კეთილდღეობას და ქმნის კომფორტულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს. 

მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა: Google აფასებს მრავალფეროვნებას და ცდილობს, შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას.

M: რა რეკომენდაციებს მისცემდით სხვა ადამიანებს, რომლებსაც გუგლსა და მსგავს დიდ ბრენდებში მუშაობა ოცნებად აქვთ?

აუცილებელია, ყველას ჰქონდეს განვითარებული დაუღალავი ცნობისმოყვარეობა და გატაცებული იყოს პრობლემების გადაჭრის გზების პოვნით. 

იყავით უნიკალური და გახსოვდეთ, რომ ესაა თქვენი პერსპექტივა, რომლითაც Google-ის მსგავს ინოვაციურ ბრენდებს მოეწონებით. ყოველთვის გამოეხმაურეთ გამოწვევებს და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პროკრედიტში ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო

გაიგე, რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა 14 თებერვალს