Behance – ვიზუალური არტისტების საყვარელი საერთაშორისო პლატფორმა, პერიოდულად ირჩევს მისთვის რჩეულ ნამუშევრებს და შესაბამის ბეჯს ანიჭებს. მათ შორის არის ილუსტრატორ ლიკა ლაბაძის ნამუშევრები. მისმა ილუსტრაციების სერიებმა – Nature and Landscape-მა, Home Sweet Home-მა კი ბეჯი ორჯერ მოიპოვა. არქიტექტურული ხედვა და ილუსტრაციის ემოციური სიზუსტის სინთეზი სწორედ ის ფაქტორია, რასაც შემოქმედი თავის ნამუშევრებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ფორმით, ფერითა და კომპოზიციით გადმოცემული ამბავი ბრენდსა და მომხმარებელს შორის უნიკალურ კავშირს ქმნის.
ლიკა ლაბაძე: „არქიტექტორი და ილუსტრატორი ის ორი როლია, რომელსაც სიამოვნებით ვუთავსებ ერთმანეთს. არქიტექტურა მასშტაბურ ხედვასთან, ხოლო ილუსტრაცია – ემოციურ სიზუსტესთან მაკავშირებს. ჩემთვის ილუსტრაცია არ არის მხოლოდ ვიზუალური პროდუქტი – ესაა ენა, რომელსაც შეუძლია გადმოსცეს ის, რასაც ხშირად სიტყვები ვერ იტევს.
ეს ის სფეროა, სადაც მარკეტინგული მოთხოვნები და ვიზუალური ესთეტიკა ბუნებრივად თავსდება ერთად. ვცდილობ, პროექტებში თხრობა მივიტანო ფორმით, ფერით, კომპოზიციით – ისე, რომ მაყურებელში გაჩნდეს რაღაც პირადი ემოცია. ხანდახან ეს შესაძლოა სულ პატარა დეტალია, რომელიც ადამიანში იწვევს იმას, რაც მისთვის ახლობელი და უნიკალურია.
“Home Sweet Home” – ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია, რომელიც სააგენტო Hans & Gruber-ში მუშაობის დროს შევქმენი. ამ და სხვა პროექტების Behance-ის მიერ დაფასება ჩემთვის დიდი სტიმულია – იმის მტკიცებულება, რომ გულით შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი თავის გზას ყოველთვის პოულობს. ამასთან, წინ ბევრი საინტერესო პროექტია, რომელზეც ახლა ვმუშაობ და მალე სიხარულით გავუზიარებ საზოგადოებას.“
Nature and Landscape
Home Sweet Home

ავტორი: თამარ მეფარიშვილი


















