in

ლიკა მერაბიშვილი – ინგლისური ენისა და ფსიქოლოგიის ლექტორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, აქტივისტი

„ზუსტად ეს მრავალფეროვნება მაძლევს ძალას, ყველაფერი ერთად ვაკეთო“ 

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც, თითქოს, დღე-ღამეში 24-ის ნაცვლად, 48 საათია. შეუძლიათ, ერთმანეთთან ახლოს მდგომი, ან პირიქით – საერთოდ, კავშირში რომ არ არის, ისეთი საქმეები აკეთონ ერთდროულად. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, როგორ გამოსდის ეს ყველაფერი იმ პირველ კატეგორიას?! დღეს ლიკა მერაბიშვილზე უნდა გიამბოთ, რომელიც კითხულობს ლექციებს ინგლისური ენასა და ფსიქოლოგიაში, სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში, მუშაობს ორ არასამთავრობო ორგანიზაციაში და არის სამოქალაქო აქტივისტი.

„ლექტორობასა და სამოქალაქო სექტორში ჩართულობაზე მაშინ დავიწყე ფიქრი, როდესაც ნინო კაკუბავა გავიცანი. ის უნივერსიტეტში მასწავლიდა და თან ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდა. ძალიან მოვიხიბლე, რომ წარმოვიდგინე, მთელი დღე აკეთებდა ერთ საქმეს, დღის მეორე ნახევარში კი ლექციებს გვიკითხავდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო იდეალური მოდელი. მისი მაგალითი გახდა ჩემთვის მოტივაციისა და ბიძგის მომცემი. მალე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე – 24 წლის ასაკში გავხდი ლექტორი. მანამდე ჩავერთე სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში. სწავლება კი უფრო ადრე დავიწყე, მე-4 კურსზე, „დემირელის კოლეჯში“ ინგლისური ენის მასწავლებლობა შემომთავაზეს და რა თქმა, უნდა დავთანხმდი“, – ამბობს ლიკა მერაბიშვილი.

საქმიანობის მსგავსად, მას პროფესიაც რამდენიმე აქვს – 2010 წელს დაასრულა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობა – ამერიკათმცოდნეობა, მეორადი სპეციალობა – ინგლისური ენის მასწავლებელი. 2013 წელს, მიიღო საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, „საქართველოს უნივერსიტეტში“. 2016 წელს იყო გაცვლითი პროგრამა „Erasmus”-ის მონაწილე, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, „კორუნას უნივერსიტეტში“ (ესპანეთი), 2018 წელს კი დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე „სტუდენტთა ჩართულობა უმაღლესი განათლების ხარისხის მართვაში“,  („ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“, თსუ).

ამის პარალელურად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სკოლაში, საერთაშორისო ორგანიზაციასა, თუ კერძო სექტორში, 17 წლიდან მუშაობს. მათ შორისაა: სარეკლამო სააგენტოები „სეტა“ და  „ი-მოუშენი“, „შავნაბადას გიმნაზია“, „რუსთაველის ფონდი“, „აზიის განვითარების ბანკი“, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და კიდევ ბევრი, რაზეც თავად გიამბობთ. მისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული საქმიანობა მრავალფეროვნების გარანტი და თან, მოტივატორია. არ აქვს კონკრეტული ფორმულა წარმატებისთვიᲡ, ამბობს, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს და მისთვის მაქსიმალურად დაიხარჯო. მაგრამ აქვს თავისი წესი, აი, ისეთი, რიტუალს რომ ვეძახით ხოლმე.

„როცა საპასუხისმგებლო გამოსვლა მაქვს, ან საჯაროდ, დიდი აუდიტორიის, თუ სტუდენტების წინაშე უნდა წარვდგე, სარკის წინ ვიმეორებ ხოლმე ტექსტს, ვაკვირდები ჩემს მიმიკებს, ვისმენ ხმის ტემბრს, ბევრჯერ ჩემივე საუბარი ჩამიწერია და შემდეგ გამიანალიზებია, რას ვამბობდი სწორად, რას – არა“.

ლიკა მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ 15-მდე ქართველიდან, რომელიც Eastern Partnership Civil Society Facility-ის პროგრამის მონაწილე და როგორც თავად ამბობს, დიდი ოჯახის წევრია. მისი პროექტი, საქართველოში, ველოპოპულარიზაციას ეხებოდა. ძირითადი აქცენტი თბილისზე გააკეთა, იმ პერიოდში (2017 წელი), ჯერ კიდევ არ იყო ველობილიკი პეკინის გამზირზე, რომელიც დღეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აწყობდნენ ველომსვლელობებს, ჰქონდათ ადვოკატირებისა და საინფორმაციო აქტივობები, ქართულად თარგმნეს და ავრცელებდნენ სპეციალურ „გაიდლაინებს“.

„ჩვენი კამპანიის მიზანი იყო ველობილიკების პოპულარიზაცია, ამ თემის ადვოკატირება, ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილების ნორმების შესახებ ცნობიერების გაზრდა და ა.შ. მართალია, საგრანტო პროგრამაში მხოლოდ მე ვმონაწილეობდი, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გუნდთან ერთად ვაკეთებდი. Eastern Partnership Civil Society Facility-ის პროექტი რომ დასრულდა, მერიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელეთ ადვოკატირება, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ველობილიკი მოეწყოთ და მათზე გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო – ვატარებდით ტრენინგებს, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, თუ აქტივობებს სკოლებში, უნივერსიტეტებში, ქუჩაში.

ახლა რას საქმიანობთ? 

2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. მაშინ, ნინო  კაკუბავას სულ სხვა სამსახურისთვის ვთხოვე რეკომენდატორობა, რამდენიმე დღეში მითხრა, რომ ეს ორგანიზაცია თანამშრომელს ეძებდა და გასაუბრებაზე წასვლა შემომთავაზა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე. მაგალითად, ვზრუნავთ ბავშვების განათლებაზე, ვატარებთ ტრენინგებს და ვცდილობთ, ავამაღლოთ ცნობადობა, ყველას ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ქუჩაში მოძრაობისას, საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა. დიდი შრომის მიუხედავად, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. თუნდაც, ერთ ქუჩაზე დაყენებული შუქნიშანი, მოწყობილი გადასასვლელი, ერთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, ვინმესთვის, თუნდაც, მცირე პრობლემის მოგვარება, კარგი საქმის გაკეთება, ჩემთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულია. სხვისთვის ცხოვრების გამარტივება, დახმარება, მათ სიცოცხლეზე ზრუნვა ძალიან დიდი მოტივატორია.

რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ორგანიზაცია „განათლებისა და განვითარების სივრცე“ ჩამოაყალიბეთ . . . 

დიახ და ჩვენი მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც განათლების მიღება და თვითგანვითარება სურს. ორგანიზაციას დაფინანსებები ჯერ არ მოუპოვებია, ამიტომ, ამ ეტაპზე, მოხალისეობრივად ვგეგმავთ აქტივობებს. შევქმენით Facebook ჯგუფი „განათლებისა და განვითარების სივრცე“, იგივე “Space for Education and Development“ (“Space for ED“). სხვა ჯგუფებისაგან განსხვავებით, ჩვენი აუდიტორია ტარგეტირებული არ არის და ყველას,  ვისაც განათლების მიღება თუ პროფესიული განვითარება სურს, შეუძლია, შემოგვიერთდეს. დღეს, 1 700-მდე ვართ, ყოველდღიურად გვემატებიან ახალი წევრები და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი. ვგეგმავთ ტრენინგებს, სემინარებს, შეხვედრებს, სადაც საგზაო უსაფთხობის კუთხით, ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნას გავუზიარებთ მონაწილეებს, შევეცდებით ამ თემის და არა მხოლოდ ამ თემის მიმართ მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობადობა და პრაქტიკაშიც შევცვალოთ ბევრი რამ. ამ ეტაპზე, გვაქვს მოტივაციის ასამაღლებელი ვიდეოები, სადაც სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, ჩამოვაყალიბეთ Education and Development „ლაივები“, მოხალისეობრივად, ჩემს მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად, კონკრეტულ საკითხებს მიმოვიხილავთ. მაგალითად, გვქონდა „ლაივი“ სამოტივაციო წერილისა და CV-ს შედგენაზე, ვისაუბრეთ საჯარო გამოსვლებზე, წარმატების ფსიქოლოგიაზე, თვითშეფასების ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. უკვე10-მდე ჩართვა გავაკეთეთ. შევქმენით ორგანიზაციის YouTube არხიც, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეოები და კიდევ უფრო ბევრმა მიიღოს განათლების, განვითარების თუ საკუთარ თავზე მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი  ინფორმაცია.

გარდა ამისა, Eastern Partnership Civil Society Facility-ის ფარგლებში, გავიარე „სთორითელინგის“ პროგრამა, იგივე ჯგუფს ტრენინგები გვიტარდებოდა გასულ წელსაც, შემდეგ უკვე მენტორშიპის პროგრამაში გავიმარჯვე. მართალია, Eastern Partnership-ის წარმომადგენლები, პანდემიის გამო საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ, თუმცა, „ონლაინ“ ვიმუშავეთ და შევქმენით პროდუქტი, რომელიც ეხებოდა შშმ პირების საგზაო გადაადგილებას. ამ მხრივაც საკმაოდ რთული ვითარებაა თბილისში თუ სხვა ქალაქებში – არ არის საკმარისი პანდუსები. ამიტომ,  ძალიან ცოტა შშმ პირი ახერხებს გარეთ გამოსვლას, გადაადგილებას, შესაბამისად – განათლების მიღებას, პროფესიის შეძენას, სამსახურის დაწყებას, რეალიზებას. სწორედ მენტორშიპის ფარგლებში გავაკეთეთ ვიდეო, რომელიც ამ პრობლემას და მისი მოგვარების გზებს ეხება. პროექტში ჩემი ორივე ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ასევე აქტიურად ხართ ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში . . . 

ვარ ფსიქოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი „თბილისის ღია უნივერსიტეტში“. ეს პროგრამა 2020 წელს შევქმენით, ახლახან დასრულდა აკრედიტაციის პროცედურები. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და აი, წელს უკვე პირველ სტუდენტებს მივიღებთ. გარდა ამისა, ვარ „კავკასიის უნივერსიტეტისა“ და თსუ-ს მიწვეული ლექტორი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთან კარგი დამოკიდებულება. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრულ და თანაზიარ გარემოში ვიყოთ. სულ ვეუბნები, რომ შეიძლება, დღეს მე ვასწავლი, ხვალ კი აუცილებლად მათგან ვისწავლი. მით უმეტეს, ტექნოლოგიები იმდენად განვითარებულია, რომ ნამდვილად ბევრი რამეა ისეთი, რაც ჩემზე კარგად იციან სტუდენტებმა. ამიტომ, ლექციებზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ. მით უმეტეს, ფსიქოლოგია ისეთი რამეა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნება, მისი განვითარება. მგონია, რომ ეს არის სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება. თანაც, როდესაც სტუდენტმა იცის, რომ ლექტორიც მზადაა, მუდმივად რაღაც ისწავლოს მისგან, მეტი მოტივაცია აქვს, ასეთ დროს სწავლისა და სწავლების პროცესი უფრო ეფექტური და სასიამოვნოა.

ლიკა მერაბიშვილი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი . . . 

ბევრი მიზეზი მქონდა, აქტივიზმში ჩავრთულიყავი. ზოგადად, სამოქალაქო სექტორში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ, თითქმის, არ არსებობს კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. თითქოს, სამოქალაქო საზოგადოება სხვა გზაზე დგას და სამთავრობო სტრუქტურები – სხვა გზაზე. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ 2006 წელს დაფუძნდა და მაგალითად, ღვედების გამოყენების შესახებ კანონის ინიციატორი იყო, რომელიც 2008 წელს მიიღეს. ასეთი კომპეტენტური კადრების, გამოცდილების, თუ კონტაქტების მიუხედავად, ნაკლები კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, ვისთან ერთადაც ძალიან მჭიდროდ უნდა ვმუშაობდეთ. არა და, უსაფრთხო გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს ეხება, გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ერთიცაა – ეს თემა იმდენ სტრუქტურაზეა გადანაწილებული, თბილისში – დედაქალაქის მერია, რეგიონების გზებზე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, ჯანდაცვის სამინისტრო – პიროვნულ დონეზე რომც სურდეთ სიტუაციის შეცვლა, ფიზიკურად ვერ მოხერხდება, სისტემური ეს ვერ იქნება. ცალკე პრობლემაა კანონის აღსრულება. იგივე ვითარებაა განათლების კუთხითაც – კომუნიკაცია და შესაბამისად, ეფექტური მუშაობა ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. და როცა ამ ყველაფერს ხედავ, ძნელია, გულგრილი დარჩე, არ ჩაერთო აქტივიზმში, არ ისაუბრო პრობლემებზე და არ შეეცადო, თუნდაც, პროტესტით, შეცვალო მოცემულობა.

ამდენი რამეს ერთად როგორ ახერხებთ? 

ძალას მრავალფეროვნება მაძლევს. დილით ინგლისურ ენაში ვკითხულობ ლექციებს, შუა დღეს – ფსიქოლოგიაში, დღის განმავლობაში ვმუშაობ ორ ორგანიზაციაში, ასევე ვპოულობ დროს და ენერგიას სამოქალაქო აქტივიზმისთვის, საღამოს კი, მეგობრებთან ერთად განტვირთვასა და გართობასაც ვახერხებ. მთელი დღე რომ ერთსა და იმავეს არ ვაკეთებ, ზუსტად ეს მაძლევს მოტივაციას, ენერგიას და ძალას, ვიყო აქტიური, პროდუქტიული და რა თქმა უნდა, ეფექტური, ყველა საქმეში.

რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც  განათლება, სამოქალაქო სექტორი, აქტივიზმი აინტერესებს? 

ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რა შეთავაზებაც ექნებათ, მოხალისეობრივი, სამსახურის თუ ცოდნის მიღების, არასოდეს არაფერზე თქვან უარი. 16 წლის სტუდენტი გავხდი და 17 წლისა უკვე ვმუშაობდი. ადამიანი მხოლოდ ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, გამოცდილების გაზიარებით, საკუთარ თავზე მუშაობით ვითარდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია „ნეთვორქინგი“, კავშირები, კომუნიკაცია. ადამიანური კაპიტალი კი სხვადასხვა ღონისძიებებში – ტრენინგები, სემინარები, გაცვლითი პროგრამები – მონაწილეობით შეგიძლია, დააგროვო. ამიტომაც არის საჭირო მუდმივად აქტიურობა. და მესამე – აუცილებელია, ყოველთვის გამოხატონ საკუთარი აზრი. რამე არ მოსწონთ, პრობლემებს ხედავენ ოჯახში, გარემოში, ქვეყანაში? აუცილებლად უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და გააპროტესტონ. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, თუ რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი და სამართლიანია. მხოლოდ ასე მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე და რეალურად შევცვლით უკეთესობისკენ სიტუაციას ჩვენს გარშემო თუ ზოგადად, ქვეყანაში.

 

[R]

პატარა ყავისფერი აბი, შესაძლოა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს

რეკორდული ხელშეკრულება – ნეიმარი Fortnite-ის სახე გახდა