Lila Veil – ამ სახელით შეიძლება შეგხვედრიათ სიმღერა YouTube-ზე, Soundcloud-სა და სხვა პლატფორმაზე, მაგრამ არც გცოდნიათ, რომ აკუსტიკური გიტარის, მშვიდი ხმის ტემბრისა და სასიამოვნო ჰანგების უკან ქართველი მუსიკოსი იმალება. Lila საკმაოდ ბევრი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა საქართველოსთან კავშირი არ აქვს გაწყვეტილი. ამაზე მისი სიმღერაც მოწმობს, სახელად, „შემოვიაროთ”, რომელშიც არტისტი ქართულად მღერის და რომლის ტექსტიც საკმაოდ სულშიჩამწვდომია.
Lila Veil გერმანიაში პირველად 15 წლის ასაკში წავიდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ხოლო 19 წლიდან უკვე საბოლოოდ გადავიდა სასწავლებლად. ის საინტერესო არტისტი იმითაც არის, რომ მუსიკის კეთება უფრო ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა, სწორედ გერმანიაში გადასვლის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ამ სფეროს წარმომადგენლები იყვნენ და ბავშვობაში ფორტეპიანოზეც დადიოდა. თვითონ პირველ ნაბიჯებს მოგზაურობის პერიოდს უკავშირებს და ამბობს, რომ მუსიკოსობა მის ცხოვრებაში სპონტანურად მოვიდა.
Lila Veil:
გიტარით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი იყო და ვცდილობდი, დამოუკიდებლად შემესწავლა. სიმღერების წერაზე ადრეულ ასაკში არ მიფიქრია. პირველი დავწერე ესპანეთში მოგზაურობის დროს. თავიდან სულ მელოდიები მოდიოდა და ისინი ყოველთვის ბევრი იყო, ტექსტები ნაკლებად, თუმცა ნელ-ნელა, მელოდიასთან ერთად სიტყვებიც წამოვიდა და ასე შეიქმნა პირველი სიმღერაც.
M: როდის და როგორ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინათ?
ეს არა დაგეგმილად, არამედ სპონტანურად, თავისთავად მოხდა. როდესაც ვუკრავდი, ჩემ გარშემო ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. მე მუსიკას ვაკეთებდი იმიტომ, რომ ემოციები გამომეხატა და საკუთარ თავს დავკავშირებოდი, თუმცა ხალხისგან ყოველთვის უამრავი ემოცია მოდიოდა. მეკითხებოდნენ, სად შეიძლება ჩემი მოსმენა, რომ გამეზიარებინა მუსიკალური ბმულები და ა.შ. სწორედ ამის გამო დავფიქრდი პირველად იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ჩემი შემოქმედება ჩამეწერა.
M: თუ არის ისეთი მუსიკოსი, რომელიც გამორჩეულად მოგწონთ და რომელმაც გარკვეული გავლენა იქონია თქვენს შემოქმედებაზე?
რა თქმა უნდა, არიან ასეთი ხელოვანები, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მათი მოსმენა უფრო მას შემდეგ დავიწყე, როცა სხვა ადამიანებმა მიამსგავსეს ჩემი მუსიკა მათ რეპერტუარს. ასე აღმოვაჩინე და დღეს ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ ლასა დე სელას, Alice Phoebe Lou-სა და კიდევ რამდენიმე არტისტს.
ჩემზე ასევე დიდი გავლენა იქონია ბავშვობის მელოდიებმა, რომლებიც მოგვიანებით ჩემს სტილს შეერწყა. თავისთავად მოვიდა სიტყვებიც, რომლებიც სიმღერებში მაქვს გამოყენებული. ეს ყველაფერი თითქოს გამოხატვის თავისუფლებაა ჩემთვის.
M: რა არის ის მესიჯი ან ემოცია, რომლის გამოხატვაც გსურთ მუსიკით?
ვფიქრობ, მელოდიურად ჩემი მუსიკიდან მოდის სიმშვიდე. ზოგადად, ძალიან სენსიტიური ადამიანი ვარ და ბევრი რამ ახდენს სტიმულაციას ჩემს ემოციებზე, ამიტომ ჩემს ტექსტებს ყოველთვის ეტყობა, რომ როცა მათ ვწერდი, რაღაც მოხდა, უმიზეზოდ არ დამიწერია. არასოდეს ვჯდები სპეციალურად ტექსტის დასაწერად, უბრალოდ დიდ დროს ვატარებ ინსტრუმენტთან და მუსიკასთან ერთად სიტყვებიც მოდის. ჩემთვის სიმღერების წერა ემოციების გადამუშავებასთან არის პირდაპირ კავშირში. ვცდილობ, მეტაფორულად აღვწერო ის, რაც ჩემ ირგვლივ ხდება.
M: რა არის ხოლმე ყველაზე საინტერესო შემოქმედებით პროცესში?
საინტერესოა ყველა სიმღერაზე მუშაობა, რომელიმეს გამორჩევა ალბათ გამიჭირდება. განსაკუთრებულად მახსენდება კოლაბორაციები სხვადასხვა არტისტთან, ასევე, ჩემი დაწერილი სიმღერების ფორტეპიანოზე შესრულება, რადგან ბავშვობაში სულ მაკვრევინებდნენ ბახს ან სხვა კლასიკოსებს, საკუთარი კომპოზიციების დაკვრას კი რაღაც ახალი შეგრძნებები აღმოაჩნდა.
M: თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმა იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს და დაიმკვიდროს?
არ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ვიღაც, უნდა ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყო ავთენტური და ყველაფერი, რასაც ვგრძნობ, მაქსიმალურად გამოვხატო საკუთარ შემოქმედებაში.
კარიერული თვალსაზრისით კი ყველა ახალბედა მუსიკოსს ვურჩევდი, რომ არ თქვან უარი შესაძლებლობებზე და ცადონ, გამოსდით ბარიერების გადალახვა თუ არა.
M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია უახლოესი გეგმები?
ამჟამად ვმუშაობ ჩემს სოლოპროექტზე, რომელიც ახალ და ძალიან საინტერესო გამოცდილებას მაძლევს. ასევე, ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ლაივზე დავუკრა, ტურნეები მოვაწყო და ამ კუთხითაც ვიყო აქტიური.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დავუტოვებ ჩემს სიმღერას, რომელიც ქართულ ენაზეა და თან პირველია ჩემს ბოლო ალბომში.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი