in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „დაცლილი სოფლის გაცოცხლება და გაციფრულება გადავწყვიტეთ“ – ლილი ფულარიანი

ფოტო: ზაზა ნიკოლოზიშვილი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გვიამბობს ლილი ფულარიანი, ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი, რომელმაც მშობლიურ სოფელში დაბრუნება და დაცლილი რეგიონის გამოცოცხლება დაისახა მიზნად, თანამოაზრეებთან ერთად. 

ბოლო წლებში, ციფრულ კომუნიკაციებში ვარ ჩართული. დისტანციურად ვასწავლი კიდეც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ რაიონის დატოვებისა და ცოდნის მიღების საშუალება. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ბიზნესთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მათ ციფრული არხების მოწესრიგებაში ვეხმარებოდი. პარალელურად, ვასწავლიდი ილიაუნიში, ჯეოლაბში, ახლაც ლექტორი ვარ – „ჯიპაში“. საქმეში დილიდან გვიან საღამომდე ვიყავი ჩართული. მოკლედ რომ ვთქვა, ქალაქში ცხოვრება დუღდა.

ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, რომ ერთ დღესაც XIX საუკუნის მშობლიურ სახლში დავბრუნდებოდი, ბაღდათის სოფელ დიმში, თუმცა არ მიფიქრია, რომ ეს ამ ფორმით და ასე მალე შეიძლებოდა მომხდარიყო. არადა, მახსოვს, მე და ჩემი და ჯერ კიდევ 6 და 4 წლისები ვიყავით, როცა ცისფერშპალერიან ოთახში ვისხედით და ვგეგმავდით, როგორ მივხედავდით აქაურობას, როცა კარიერულად შემდგარი ქალები ვიქნებოდით და საამისო ფულიც გვექნებოდა. თავდაპირველად, რეგიონში გადასვლა დიდ მიზნებთან არ ყოფილა დაკავშირებული, არსებულმა მოცემულობამ განაპირობა – მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობამ და იმერული სოფლის განსაკუთრებულმა მონატრებამ. ცოტა ხნით წავედით და რაკი კომუნიკაციები გამართული იყო და დისტანციურად მუშაობაშიც ხელი არ შემეშლებოდა. პანდემიის დროს, „სკიჯის სახლში“ აღმოვჩნდი, რომლის მასპინძელმა დაკა ბერძენიშვილმა საკუთარი გამოცდილება გამიზიარა და დამაფიქრა, რომ სოფელში დაბრუნების დრო სწორედ ახლა იყო. დამანახა, როგორ შეიძლებოდა ჩამერთო სამეზობლო და ერთიანი რესურსებით გაგვეახლებინა იქაურობა.

რა თქმა უნდა, პირველი რამდენიმე დღე სასიამოვნო იყო ჰამაკში გატარება და იქიდან მუშაობა. შემდეგ, როცა სოციალიზაციის დრო დადგა, საკმაოდ რთული მოცემულობის წინაშე აღმოვაჩინე სოფელი – უფროსი თაობის ქალები უმეტესად ემიგრაციაში იყვნენ და მეტიც, ჩემი თანატოლები, რომელთაც სოფელში სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარკვეული დროის შემდეგ, თავადაც აპირებდნენ სოფლის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას. როცა ჩემს თანატოლებს ვესაუბრე, დაიბადა „დიმელი ქალების“ იდეა – ეს უნდა ყოფილიყო განათლებისა და შემოსავლის მიღების საშუალება და შესაბამისად, ქვეყანაში დარჩენის მოტივაციის წყარო.

თავიდან, ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებოდით. მალევე მივხვდით, რომ შეკრებისთვის ცალკე სივრცე გვჭირდებოდა. ჯერჯერობით, ასეთი სივრცე არ გვაქვს, თუმცა შევძელით და თავშეყრის ადგილად ჩამოვაყალიბეთ ღია კინოთეატრი. ასევე, ვცდილობთ განვაახლოთ ბიბლიოთეკა. მონაწილეობა მივიღეთ საგრანტო პროგრამებში, რის შედეგადაც სამმა ქალმა აიღო გრანტი. მეც მოვიპოვე ორი გრანტი, სოფლის განვითარებისთვის. ვაქტიურობთ, ვწერთ განცხადებებს და ნელ-ნელა ვხედავთ შედეგებს. ჩვენი მიზანია, რომ სოფელი აგრო-ტურისტული მიმართულებით გავაძლიეროთ, დიმი იყოს სასურველი აგრო-ტურისტული დანიშნულება და სოფლის ტურიზმით დავაინტერესოთ ადამიანები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. სოფელში სტუმრობა არაა მხოლოდ კარგი ღვინის დალევა, ესაა კარგი გართობაც, კინოც, ველო და სალაშქრო ბილიკებიც და ა.შ. გვინდა სოფლის გაციფრულება. ბაღდათი არის ციცქა-ცოლიკოურის სამშობლო და მიკროზონა. აქ საკმაოდ კარგი ხარისხის ღვინო იწარმოება.

თავდაპირველად, აქაური ქალების ნაწარმი თბილისში მომქონდა. ბევრს გაუჩნდა იმედი, შესაბამისად, კვლავაც გავაგრძელებ სამეზობლოს ნაწარმის ქალაქში მოწოდებას და ადამიანებს დიმში სტუმრობით უფრო მეტად დავაინტერესებთ. სოფლის გაციფრულების ფარგლებში კი, გვინდა ადგილობრივი მარნები, რათა ადამიანმა ჩამოსვლამდე, ერთი დაწკაპუნებით შეძლოს მოგზაურობის დაგეგმვა და იცოდეს, რა ელის აქ. ვფიქრობ, ეს ძალიან გაამარტივებს და შეამოკლებს ჩვენს გზას მიზნამდე.

ზოგადად, როცა საქმეში ქალია ჩართული, ის ორმაგ სირთულეს აწყდება, თუმცა ქალის საქმე სოფლად ხუთმაგი სირთულეა, ხოლო როცა ამ ყველაფერს დაცლილ სოფელში აკეთებს – ეს ათმაგად რთულია. ამიტომ, ძალიან გაგვამხნევებდა ონლაინ მხარდაჭერა ყველასგან, თუნდაც წერილის მოწერა და გულშემატკივრობა, რომ ათმაგი ენერგიით ვაკეთოთ საქმე.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

როგორ აფასებს „თეთრი კვადრატი“ სფოთლაითის მხარდაჭერას

ლიბერთის მხარდაჭერით, უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩატარდა