in

რას ნიშნავს თანამშრომლობა თაობა ზეტთან ?

ლილო მოლმა“ ახალგაზრდებთან ერთად უპრეცედენტო სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. გზა „სკოლა-ბიზნესის ფორუმიდან“ „SchoolFest 2023“- მდე. 

შესაძლებელია თუ არა მინიმალური მარკეტინგული დანახარჯებით ფართომასშტაბიანი პროექტის წამოწყება და მაქსიმალური შედეგის ჩვენება, როდესაც პროექტი სკოლის მოსწავლეების დამენეჯმენტებულია და ბიზნესი თინეიჯერებთან კოლაბორაციას, როგორც „დამსაქმებელი-დასაქმებული“ ურთიერთობის ფარგლებში განიხილავს, სადაც მოზარდს ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე მიუხედავად სტატუსისა „ჯერ ბავშვია“ იგივენაირად „გამოსდის“  საქმე, როგორც ზრდასრულ დასაქმებულს.

ქართული შრომის ბაზრის მთავარი სტერეოტიპი — „კარგ სამსახურში ვერ დასაქმდები დიდი სამუშაო გამოცდილების გარეშე“ — ნელ-ნელა კარგავს აქტუალურობას, რადგან თანამედროვე, ცვალებად გარემოში წინა ფლანგზე იწევს კონკრეტული უნარები და არა, გამოცდილება. ამას კი, ვინ თუ არა „თაობა Z“ ნათლად დაგვანახებს.

განვიხილოთ „ლილო მოლისა“ და მისი შვილობილი კომპანია „L TV“-ის ექსპერიმენტული ქეისი „თაობა Z-თან“ კოლაბორაციაზე.

საიდან დაიწყო ყველაფერი?

ყველაფერი „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში გამართულ „სკოლა-ბიზნესის ფორუმზე“ დაიწყო, სადაც მეილზე მიღებული მოწვევით მივედით. ფორუმზე აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებიდან და სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე ბიზნესისგან დაფინანსების მოსაპოვებლად წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა პროექტი. ახალგაზრდებმა იმდენად საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი იდეები, რომ  იქვე გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენს შვილობილ კომპანია „L TV“ -თან ერთად საკუთარი წვლილი შეგვეტანა მათი ხედვების რეალობად ქცევაში. თანამედროვე გამოწვევებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ყურადღება ოთხმა პროექტმა მიიქცია.

ცხადია, თავდაპირველად არ გვქონდა მკაფიოდ გააზრებული, თუ რას შევეჭიდეთ, რადგან ჩვენთვის „თაობა Z-თან“ თანამშრომლობა ახალი, საინტერესო გამოწვევა იყო. თუმცა ერთად მუშაობის პროცესმა ყველაფერი დაალაგა და ამავდროულად, ამოაყირავა კიდეც, როგორც ეს „თაობა Z“-ს შეეფერება. გაგვიჩნდა ახალი იდეები, მიზნები და, შესაბამისად, მოლოდინები.

რა მოხდა ფორუმის შემდეგ და როგორ მივედით „SchoolFest2023”-მდე ?

82-ე სკოლის პროექტი „არქიტექTour”, მე-10 სკოლის პროექტი „არტერია“, 50-ე სკოლის პროექტი „კინოფესტივალი აღბეჭდე ფიქრი“ და 142-ე სკოლის პროექტი „გზა პროგრესული შედეგისკენ“ — იმ პროექტთა ჩამონათვალია, რომლებიც თანამშრომლობისთვის ფორუმზევე შევარჩიეთ. ამ პროექტების მიზანი მოზარდებში ისეთი საკითხების პოპულარიზაცია და წინ წამოწევაა, როგორებიცაა: კრეატიული უნარ-ჩვევების გააქტიურება, შემეცნებითი აზროვნების ხელშეწყობა, პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა. შ.

ფორუმის შემდეგ „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა“ გახდა „ლილო მოლისა“ და  სკოლების დამაკავშირებელი რგოლი. სკოლებთან ინდივიდუალურმა შეხვედრებმა, მოსწავლეთა უკვე სამუშაო დისკუსიებში აქტიურად ჩართვამ, ჩვენი და მათი იდეების შეჯერებამ, „თაობა Z-თან“ თანამშრომლობის სრულიად ახალი კონტურები გამოკვეთა. გადავწყვიტეთ, შერჩეული ოთხი პროექტის მიხედვით მოგვემზადებინა სატელევიზო ფორმატის გადაცემები, რომლებსაც სრულად მოსწავლეები დაამენეჯმენტებდნენ. მალევე დავინახეთ, რომ ყველა პროექტს  ერთი მთავარი იდეა აერთიანებდა — ფართო საზოგადოებამდე (ბიზნესი, მშობლები, თინეიჯერები, მასწავლებლები, ბებია-ბაბუები და ა. შ.) მიეტანა „თაობა Z-ის“ მთავარი სათქმელი. ასე გაჩნდა „SchoolFest2023“-ის იდეა. მოზარდებს თავად უნდა შეექმნათ სიუჟეტის ტექსტები, მოერგოთ რესპონდენტების, ჟურნალისტებისა თუ ოპერატორების ამპლუა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღებითა და შესაბამისი უნარების გამომუშავებით, ახალგაზრებისთვის ხელი შეგვეწყო, სამომავლოდ შრომით ბაზარზე საკუთარი თავები უკეთ დაეპოზიციონირებინათ.

თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდების მიერ 4 გადაცემა უკვე მომზადდა და „L TV“-ის ეთერშიც გავიდა.

რა არის კომპანიისთვის თაობა Z-თან მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა?

სამწუხაროდ, საქართველოში ტენდენციური არ არის ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა მოზარდებთან. ამას თავისი მიზეზები აქვს. არასრულწლოვნებთან მუშაობა დიდ სიფრთხილეს, განსხვავებულ მიდგომებსა და მეთოდებს საჭიროებს. მითუმეტეს, როდესაც ბიზნესის მიზანია, ახალგაზრდები ჩართოს სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე, ეს დამატებით კიდევ სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პროცედურებს მოითხოვს.

„ლილო მოლისთვისაც“, რა თქმა უნდა, სიახლეა მოსწავლეებთან ასეთი აქტიური თანამშრომლობა, თუმცა მუშაობის პროცესში დავრწმუნდით, რომ „თაობა Z“ არის ის თაობა, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს, პირიქით, მარტივად შეუძლიათ არსებული ვითარების გაანალიზება და შესაბამისად მოქმედება. ასეთ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან არა მხოლოდ ისინი, არამედ ჩვენც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ მათგან.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, კიდევ ერთი გამოწვევა — დროის მენეჯმენტი. ერთი მხრივ, უნდა გაგვეთვალისწინებინა ჩვენი სამუშაო გუნდის სიმცირე და, მეორე მხრივ, მოზარდების ინტერესი, ხელი არ შეგვეშალა სასწავლო პროცესში. დროის სწორად გადანაწილებაში კი ძალიან დაგვეხმარა ელექტრონული ცხრილები. ელ.ცხრილების მეშვეობით, ახალგაზრდებს ყოველკვირეულად სამოქმედო გეგმას ვთავაზობდით, რამაც სამუშაო პროცესი უფრო ორგანიზებული და პროდუქტიული გახადა.

მოლოდინები „SchoolFest2023“-თან დაკავშირებით…

პირველყოვლისა, „ლილო მოლის“ და მისი შვილობილი კომპანია „L TV“-ის  მოლოდინი და ერთგვარი მიზანი  სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტთან დაკავშირებით ქართული ბიზნესის ახალგაზრდებით დაინტერესებაა. სასურველი და საამაყო იქნება თუ „ლილო მოლი“ საკუთარ წვლილს შეიტანს ბიზნესის, მოზარდებთან, თაობა Z-თან, აქტიური თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვაში. ასეთი აქტივობები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი იდეები, გამოსცადონ საკუთარი თავი და გამოიმუშავონ სამომავლოდ საჭირო  უნარ-ჩვევები.

ამ ეტაპზე პროექტის ღირებულება 100 000 ლარით შემოიფარგლება. ჩვენი კომპანიისგან არის მზაობა — სასკოლო ფესტივალს მიეცეს ყოველწლიური სახე და „ლილო მოლისა“ და  „L TV“-ის თანამშრომლობა მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდეს. სასურველი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ პროექტით, შემოგვთავაზებენ თავიანთ პროგრესულ ხედვებს და მოზარდობის პერიოდიდანვე საკუთარ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილებითაც გაამრავალფეროვნებენ.


სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში სკოლა-ბიზნესის ფორუმები ფორუმები ტარდება ყოველწლიურად, საქართველოს 11 რეგიონში. მათში მონაწილეობენ პროგრამის პარტნიორი სკოლები რეგიონის მასშტაბით და ადგილობროვი კერძო სექტორის წარმომადგენლები.

[R]

4 გზა კარიერაში მიმდინარე ცვლილებებთან გასამკლავებლად

Pepsi 125 წლის იუბილეს განახლებული ვიზუალური იდენტობით აღნიშნავს