in

ბრილიანტის სამკაულის ქართული ბრენდი “ლიმერენსი”, რომლის ბრენდინგზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა

ქართულ ბაზარზე, ბრილიანტის სამკაულის ქართული ბრენდი “ლიმერენსი” ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ბრენდი მომხმარებლის წინაშე, დახვეწილი დიზაინით, პრემიარული კლასის პროდუქტითა და ვიზუალური იდენტობით წარდგა. “ლიმერენსის” ბრენდის იდენტობაზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა. ბრენდინგის შექმნისას, სრულად შემუშავდა მისი ფილოსოფია, საკომუნიკაციო ენა, სტილი, ღირებულებები და ვიზუალური იდენტობა. “ლიმერენსის ლოგო” კომპანიის დასახელებას კლასიკური ტიპოგრაფიით გადმოსცემს. ვიზუალის მთავარი ფერი ღია ცისფერია, რითაც კომპანია ერთდროულად უკომპრომისო და რომანტიკულ განწყობას ავლენს.

BOG
BOG

“ლიმერენსის” ბრენდის იდენტობასა და მისი შექმნის პროცესზე “ლივინგსტონის” სტრატეგიულ დირექტორს — ნინო კუპრაშვილს და სენიორ სტრატეგს, დაკო მებურიშვილს ვესაუბრეთ:

“ლიმერენსის ვიზუალური სტილი პრემიალური, მინიმალისტური და დახვეწილია. ბრენდის დასახელებას ლოგო კლასიკური და ნაზი, ხელნაწერი ტიპოგრაფიით გადმოსცემს. მთავარ ტიპოგრაფიასთან ერთად კი, გამოყენებულია წარწერა: ,,შექმნილია სიყვარულისთვის”, რაც ბრენდის ფილოსოფიის გამოძახილია და მის დიად მისიას აცხადებს. 

ვიზუალური იდენტობის მთავარი ფერი ღია, ჰაეროვანი ცისფერია, რომელიც შეხედვისთანავე ქმნის რომანტიკულ განწყობას. დამატებით კი, ვიზუალურ სტილში შემოტანილია მკვეთრი წითელი ფერი, რომელიც ლიმერენსის ხასიათის გამბედავ შტრიხებს ავლენს. 

ბრენდის იდენტობას ასახავს ლიმერენსის მაღაზიის ვიტრინის უნიკალური დიზაინიც, რომლის თითოეული დეტალიც სხვადასხვა ემოციურ მომენტს გამოხატავს და წყვილის რომანტიკულ ისტორიას აცოცხლებს.”

M: რა იყო ბრენდინგის შექმნისას მთავარი გამოწვევა სააგენტო Leavingstone-ისთვის?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც მუშაობის პროცესში წავაწყდით, იყო ის, რომ დღეს ჩვენ გარშემო უამრავი მოძველებული და გაცვეთილი რიტუალი არსებობს, რომლებიც თანამედროვე ადამიანს სათანადოდ ვეღარც გამოხატავს, თუმცა, ალტერნატივის არარსებობის გამო, მაინც ვინარჩუნებთ. მაგალითად, საყვარელი ადამიანისთვის ბებიის ნაქონი ბეჭდის, ან დედის მიერ შერჩეული სამკაულის ჩუქება. არადა, ვფიქრობთ, რომ ადრესატისთვის საყვარელი ადამიანის მიერ შერჩეული, მისთვის განკუთვნილი უნიკალური ბეჭედი უფრო ღირებულია. ზოგჯერ, ასეთ რიტუალებთან დაკავშირებული ემოციები ადრესატისთვის ძვირფასია, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი მიდგომა ნაკლებად ორიენტირდება მის ინდივიდუალიზმსა და უნიკალურ ემოციებზე. ამის გამო, ხშირად, საჩუქარი უფრო მეტად ნივთია, ვიდრე პირადი ემოციების გაზიარების საშუალება. ჩვენ განვიზრახეთ, ისეთი ბრენდი შეგვექმნა, რომელიც საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შეთავაზების პარალელურად, მომხმარებლების დამოკიდებულებისა და ქცევების ტრანსფორმაციას შეძლებდა. ასე შევქმენით გამოხატვის, გაზიარებისა და რიტუალიზაციის ახალი პლატფორმა, რომელიც ადამიანებს საკუთარი ძვირფასი ემოციების გაზიარებას შეაძლებინებს. ბრენდი, რომელიც სამკაულს მეტაფორებად აქცევს და მათ ისევე შეგვაყვარებს, როგორც მათ ადრესატებს; დაანგრევს მოძველებულ, უემოციო, მოვალეობად ქცეული საჩუქრების სტერეოტიპს და ახლებურ, ემოციურ რიტუალებს დაამკვიდრებს, რაც ბრენდისგან გამბედაობასაც მოითხოვს.

M: რით იყო საინტერესო “ლიმერენსის” ბრენდინგზე მუშაობა?

ლიმერენსის ბრენდინგზე მუშაობის პროცესი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა. ფილოსოფიის შექმნისას, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოგვერკვია, რატომ, რა დიადი მისიის შესასრულებლად შეიქმნა ეს ბრენდი. გვჯეროდა, რომ ადამიანებს ემოციების გამოხატვისა და ერთმანეთისთვის გაზიარების დაუოკებელი სურვილი აერთიანებთ. სწორედ ამან მიგვიყვანა ბრენდის მთავარ ფილოსოფიამდე. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც ლიმერენსის გუნდთან ერთად, მივედით აზრამდე, რომ ეს ბრენდი სამყაროს სიყვარულითა და სიხარულით ასავსებად შეიქმნა.  შევთანხმდით, რომ ლიმერენსისთვის ბრილიანტის სამკაული ის მეტაფორაა, რომელიც ძვირფასი ემოციების გამოხატვასა და მომენტების უკვდავყოფას ემსახურება.

ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ძალიან ჰგავს ლიმერენსის ფილოსოფიას. ჩვენთვის ბრენდის გაცოცხლება, ხელშეუხებელი საიდუმლოებებისთვის ხელშესახები ფორმის მიცემა, წარმოუდგენლად სასიამოვნო პროცესია. ლიმერენსის ფილოსოფიასთან თავს იმითაც ვაკავშირებთ, რომ ჩვენს საქმიანობას ჩვენც მეტაფორულად აღვიქვამთ. ლივინგსტონში სტრატეგიული ბრენდინგი ერთგვარი მოგზაურობაა, რომლის დროსაც, ბრენდისთვის უნიკალურ ელემენტებს ვეძებთ და ყოველ ჯერზე, იმ მთავარ მეტაფორულ მიგნებას ვპოულობთ, რომლითაც ბრენდი სულიერებას იძენს,  შემდეგ კი, სწორედ ამ მიგნებაზე ვაგებთ ბრენდის თითოეულ გამოხატულებას. ლიმერენსის პროდუქტი ამბის, ემოციის უკვდავყოფას ემსახურება, ჩვენი პროდუქტი კი ბრენდების უკვდავყოფას. ლიმერენსისთვის ყველაზე ძვირფასი ემოცია სიყვარულია და ეს თითოეულ ნაკეთობაში აისახება. ამაშიც ჰარმონიული თანხვედრა გვქონდა. ჩვენც, თითოეული ბრენდი, რომლის იდენტობის შემუშავებასა და გაცოცხლებაზეც ვმუშაობთ, შვილივით გვიყვარდება და ვუფრთხილდებით.

კრედიტები:
კომპანია: ლივინგსტონი
არტ დირექტორი: კახა კახაძე
დიზაინის გუნდი: მარიამ ეპიტაშვილი, დათო მსახურაძე, დავით დრაილინგი
ექაუნთ მენეჯერი: მარიამ კარკალაია
სტრატეგიული გუნდი: ნინო კუპრაშვილი, დაკო მებურიშვილი, მზიკო ლაპიაშვილი

100 დღის განმავლობაში შექმნილი 100 ბიტი – მიშო ელიავას გამოწვევა დასრულდა

“პირველი არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდია საქართველოში” – Paralel • პარალელ