in

როგორ აუმჯობესებს ლიმიტური დავალების ფუნქციონალი ინვესტირების პროცესს

ახლახან საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი გახდა ახალი ფუნქციონალი — ლიმიტური დავალება (limit order) — რომელიც ინვესტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სრულყოფილს ხდის. ეს მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელსაც პროფესიონალი ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პირველად გამოჩნდა და მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ახალი ფუნქციონალის შესახებ სიღრმისეული და პრაქტიკული ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ბანკის product owner-ს — გიორგი გურგენიძეს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

პირველ რიგში, მოდი, ავხსნათ, რა არის ლიმიტური დავალების ფუნქციონალი და როგორ მუშაობს ის საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე?

მარტივად რომ ვთქვათ, ლიმიტური დავალებების ფუნქციონალი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან ავტომატური ყიდვისა და გაყიდვის დავალებები.

უფრო დეტალური განხილვისთვის შეგვიძლია, მაგალითი მოვიშველიოთ: დავუშვათ, Microsoft-ის თითო აქცია ამჟამად $500 ღირს, მომხმარებელს კი სურს, ის შეიძინოს იმ შემთხვევაში, თუ ფასი $450-მდე შემცირდება. ამისთვის ინვესტორი საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულში შექმნის ავტომატური ყიდვის დავალებას, სადაც მიუთითებს სასურველ ფასს, აქციების რაოდენობას და ამ დავალების მოქმედების ვადას (მაქსიმუმ 90 დღე).

ამის შემდეგ, ინვესტორს აღარ უწევს ბირჟის აქტიურად მონიტორინგი — დავალება ავტომატურად გააქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული აქციის ფასი მითითებულ ნიშნულამდე შემცირდება (გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია, თქვენ მიერ არჩეულ დროის მონაკვეთში ფასმა თქვენთვის სასურველ ნიშნულამდე არ დაიწიოს და დავალება ვერ შესრულდეს).

იგივე ხდება გაყიდვის შემთხვევაშიც. როდესაც მომხმარებელს სურს, რომ მის მფლობელობაში არსებული რომელიმე აქცია უფრო მაღალ ფასად გაყიდოს, მას შეუძლია, გაყიდვის დავალება შექმნას. ინვესტორი მიუთითებს გაყიდვის სასურველ ფასს, გასაყიდი აქციების რაოდენობასა და დავალების მოქმედების ვადას.

ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ყიდვის დავალებას ქმნით, ის თანხა, რომელიც მის შესასრულებლად არის საჭირო, დროებით იყინება. შესაბამისად, სანამ ეს დავალება ავტომატურად ან მომხმარებლის მიერ არ გაუქმდება, გაყინული თანხის სხვა ტრანზაქციისთვის გამოყენება შეუძლებელია.

რა იყო ლიმიტური დავალების ფუნქციონალის დამატების მიზეზი — მომხმარებლების მოთხოვნა თუ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი?

ჩვენს მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია. მომხმარებლებისთვის პრობლემას უფრო ვაჭრობის დაწყება და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ფოკუსი უფრო მეტად პროცესის ამ ნაწილისკენ არის მიმართული — ლიმიტური დავალების ფუნქციონალი კი სწორედ ამას ემსახურება.

უკვე სტატისტიკაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომხმარებლები ამ ფუნქციონალს საკმაოდ აქტიურად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ინსტრუმენტი პლატფორმას დაახლოებით სულ რაღაც 10 დღის წინ დაემატა და ამ დროისთვის უკვე 1,000-ზე მეტი დავალებაა შექმნილი. ვფიქრობთ, საწყისი ეტაპისთვის ეს საკმაოდ კარგი ტემპია, თან იმის გათვალისწინებით, რომ საინვესტიციო სამყარო ჩვენი ბაზრისთვის ჯერჯერობით მაინც სიახლეს წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში გვსურს, რომ საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებლების მინიმუმ ნახევარს ჰქონდეს ლიმიტური დავალების ფუნქციონალი ერთხელ მაინც გამოყენებული.

რაში დაეხმარება ლიმიტური დავალების ფუნქციონალი საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებლებს?

პირველ რიგში, ეს ფუნქციონალი ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ყიდვის/გაყიდვის ზუსტი პირობები წინასწარ განსაზღვრონ, რაც მათ დროის დაზოგვაში ეხმარება. ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება და ბაზრის მუდმივი კონტროლი საჭირო აღარ არის.

გარდა ამისა, ეს ინსტრუმენტი იმპულსური გადაწყვეტილებების თავიდან აცილებასა და რისკების უფრო ეფექტიანად მართვაში გვეხმარება. ლიმიტური დავალების ფუნქციონალის გამოყენებისას ინვესტორს საკმარისი დრო აქვს იმაში დასარწმუნებლად, რომ კონკრეტული ტრანზაქცია მის გრძელვადიან ფინანსურ მიზნებთან თანხვედრაშია.

გარდა უკვე აღნიშნულისა, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ან კონკრეტული პირობები, რომელთა შესახებაც მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ?

გარდა იმისა, რომ ლიმიტური დავალების მოქმედების მაქსიმალური ვადა 90 დღეს შეადგენს, კიდევ ორი შეზღუდვა არსებობს:

  1. ამ ფუნქციონალის გამოყენებისას, მობილბანკში ინვესტირების ჩვეულებრივი პროცესისგან განსხვავებით, შესაძლებელია მხოლოდ მთელი აქციების შეძენა და არა წილადობრივი ინვესტირება — მაგალითად, შეგიძლიათ იყიდოთ Apple-ის 1, 2, 3… აქცია და არა — 1.2, 2.4, 3.5 და ა. შ.
  2. არსებობს კიდევ ერთი ლოგიკური შეზღუდვა: ყიდვის დავალების შექმნისას მითითებული ფასი აქციის მიმდინარე ღირებულებაზე დაბალი უნდა იყოს, ხოლო გაყიდვის დავალების გამოყენებისას შეგიძლიათ, მხოლოდ ამჟამინდელზე მაღალი ფასი მიუთითოთ.

როგორ აცნობებს აპლიკაცია მომხმარებელს, რომ ლიმიტური დავალება შესრულებულია?

პირველ რიგში, ყიდვის/გაყიდვის დავალების შექმნის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, მთავარ გვერდზე დააკვირდეს აქტიური დავალებების სექციას, სადაც ჩანს მიმდინარე დავალება, რომელიც მოქმედია და ჯერჯერობით არ შესრულებულა.

დავალების შესრულების ან ვერშესრულების შემთხვევაში კი მომხმარებელს SMS-ის სახით შესაბამისი შეტყობინება მისდის.

როგორ უმკლავდებით პოტენციურ დაბნეულობას ახალბედა ინვესტორებს შორის, რომლებიც შეიძლება ვერ ერკვეოდნენ მსგავსი ფუნქციონალების არსსა და საჭიროებაში?

პირველ რიგში, საზოგადოებას ვუხსნით, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება კაპიტალის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო და სტაბილური წყაროა. ვატარებთ კურსებსა და ვორქშოპებს, რომელთა მიზანიც აუცილებელი საინვესტიციო ცოდნის ფართო საზოგადოებამდე მიტანაა.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, იგეგმება ისეთი ფუნქციონალების დამატება, რომლებიც ჩვენს პროდუქტს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. ჩვენი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმამ დამწყებ ინვესტორებს გაუმარტივოს პირველი ნაბიჯების გადადგმა და მათ ამ პროცესთან დაკავშირებული წინაღობების გადალახვაში დაეხმაროს.

[პარტნიორის კონტენტი]

AI4Globe: BTU-ს ინიციატივა გლობალური AI წიგნიერების გასაძლიერებლად

COVID-19-ის შეზღუდვებმა თინეიჯერების ტვინი დააბერა — კვლევა