in

კაფე „ლიმონი” – მრავალფუნქციური სივრცე თანამედროვე არტისტების ხელშესაწყობად

დავით იაშვილი და თეკლა პეტაშვილი
Startauperi
Startauperi

28 მაისს თბილისში ახალი კონცეფციის კაფე – „ლიმონი” გაიხსნა. მეტეხის 1-ში მდებარე ობიექტი კავკასიის ბიზნეს სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა – დავით იაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა – თეკლა პეტაშვილმა გახსნეს. ორი მეგობარი იანვრის შემდეგ მუშაობს კაფის იდეაზე, შედეგად კი,  მისი კონცეფცია განსხვავდება სტანდარტული კაფის კონცეფციისგან, ის, კვებითი დანიშნულების გარდა, ითავსებს საგამოფენო სივრცის ფუნქციას და იძლევა სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარების საშუალებას. კაფე მრავალფეროვანია ინტერიერის და სამზარეულოს მხრივაც. მასში გამოიყოფა ორი სართული – ვინტაჟური და მოდერნული სტილის ინტერიერით. რაც შეეხება სამზარეულოს, აქ არის როგორც ევროპული, ასევე, ქართული კერძების ფიუჟენი. კაფეს მთავარი იდეა კი დამწყები არტისტებისთვის ხელის შეწყობაა, რომელიც მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში გამოიხატება. კაფე ერთი თვეა ფუნქციონირებს, საინტერესოა, განვითარების რა ეტაპზეა „ლიმონი”, როგორი იყო მისი პირველი თვე და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ მისგან. ამ თემაზე კაფეს თანადამფუძნებელი – დავით იაშვილი გვესაუბრა:

დავით იაშვილი და თეკლა პეტაშვილი

M: რა გაითვალისწინეთ „ლიმონის” კონცეფციის შემუშავებისას და რა არის თქვენი მიზანი?
ვფიქრობთ, თბილისისთვის ცოტა განსხვავებულია „ლიმონის” ნარევი კონცეფცია, არ გვინდოდა სტანდარტული კაფე ყოფილიყო. ვცდილობთ, სიახლე შემვიტანოთ ამ სფეროში და რაც შეიძლება ორიგინალური გარემო შევქმნათ. დაახლოებით, თვეში ორჯერ ივენთებსაც ვაწყობთ, მაგალითად, 7 ივლისს დაგეგმილია მასშტაბური დიჯეი სეთი, რომელზეც, 200-მდე სტუმარს ველოდებით. ვცდილობთ ჩვენი კაფე ხელოვნებასმხატვრობას და მუსიკას ერთდროულად მოვარგოთ და ყველანაირი ასაკის ადამიანისთვის სასიამოვნო ადგილი გავხადოთ.

M: რაც შეეხება არტისტების ხელშემწყობ ინიციატივას, რა არის თქვენი გამოწვევა? 
ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა არტისტებს გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები ჩვენთან და განვითარდნენ. ჩვენ ვიმყოფებით ტურისტულ ზონაში და გვინდა ქართული კულტურის წარმოჩენა. გვინდა, რომ არა მხოლოდ წინა თაობების ნამუშევრები, არამედ, თანამედროვე ხელოვანების შემოქმედება წარმოვაჩინოთ. „ლიმონი” შესაძლოა მივიჩნიოთ მოდერნული ხელოვნების სივრცედ თბილისში, სადაც ნაკლებად ცნობილი ქართველი არტისტების ნამუშევრებს შეხვდებით. ამიტომაც, გვინდა მოვუწოდოთ დამწყებ ხელოვანებს გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები ჩვენთან, მეტი ახალგაზრდას დაინტერესება და ჩართვა ამ პროცესში ჩვენი გამოწვევაა.

M: ამჟამად, რომელი არტისტების ნამუშევრებს მასპინძლობს „ლიმონი”?
ამჟამად, გვაქვს მხატვრის და მოქანდაკის – ბესო კობახიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, იმ დამწყები მხატვრების, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ აკადემია და როცა ჩვენგან ეს შეთავაზება მიიღეს, ძალიან გაუხარდათ. გადავწყვიტეთ, სხვებისთვისაც გვეთქვა და მიგვეცა შანსი. გვინდა, რომ დავეხმაროთ ახალგაზრდა ხელოვანებს თავიანთი ნიჭის რეალიზებაში, სანაცვლოდ, ისინი ჩვენი კაფეს გარემოს გაამრავალფეროვნებენ და ამ გზით ვითანამშრომლებთ.

M: როგორია კაფეს სპეციფიკა სამზარეულოსა და ინტერიერის კუთხით? 
დიზაინის მხრივ, გვაქვს ორი სართული, პირველი არის ვინტაჟური, ხოლო მეორე – მოდერნის სტილში, არის უფრო თანამედროვე და ახალგაზრდებზე მორგებული, ქვემოთა სართული კი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა. ძირითადად, გვაქვს ევროპული სამზარეულო და ქართული ფიუჟენი. ჩვენ ტურისტულად აქტიურ ზონაში ვართ, ამიტომ, საჭიროა ქართული კერძების შეთავაზება, თუმცა, ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე, ტრადიციული ქართული რესტორანი არ ვართ, ამიტომ, ვთავაზობთ ქართულ ფიუჟენს.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია და რა სიახლის შეთავაზებას გეგმავთ მომხმარებლისთვის სამომავლოდ?
ჯერჯერობით, ვიყენებთ facebook მარკეტინგს, ვგეგმავთ გავიდეთ სატელევიზიო სივრცეში, „პროდაქთ ფლეისმენთის” მიმართულებით და ასევე, ვაპირებთ სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობას. დაახლოებით, ოქტომბრისთვის გვინდა კაფესთვის მესამე სართულის მიმატება. ვფიქრობთ, ეს ღია სივრცე საინტერესო იქნება სტუმრებისთვის და მოუხდება ძველ თბილისს. 

ფრთხილად, გზაზე ძროხაა! – Mercedes-ის ავტო მუხრუჭი და ორიგინალური პრინტ კამპანია

ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა წარადგინა