in

ყველაზე გრძელი მანქანის მოკლე ისტორია

შევთანხმდეთ იმაზე, რომ შეიძლება Limousine არ არის ის მანქანა, რომლითაც ყოველდღე სახლიდან სამსახურში ვიმგზავრებდით, მაგრამ ჩვენ ყველას მოგვწონს ის, რადგან მისი დახვეწილი და დეკადენტური დიზაინი ფუფუნებასთან ასოცირდება. ის ფილმების, წითელი ხალიჩებისა და გლამურული საღამოების მთავარი ატრიბუტია. საუკუნის წინაც, როდესაც ისინი პირველად გამოჩნდა გზებზე, მაშინვე სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოდ იქცა.

ისტორიის დასაწყისი

Limousine მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვიდა და სართულოვანი ტიპის იყო, თუმცა მას მალევე გამოუჩნდა მრავალი ვარიაცია. მათ თავიანთი სახელები ჰქონდათ. მაგალითად, Berline – რომელიც მძღოლის მხარეს აღჭურვილი იყო სრული გადახურვით; Brougham იყო ლიმუზინი, რომელსაც არ ჰქონდა სახურავი მძღოლის თავზე; Limousine De-Ville განკუთვნილი იყო ქალაქში მართვისთვის, ხოლო Limousine-Landaulet შექმნილი იყო კონვერტირებადი დიზაინით. 

პირველი Limousine-ის გამოშვების თარიღად 1902 წელი მიიჩნევა, თუმცა ის ჩვეულებრივი მანქანის ზომის იყო. 1928 წელს გამოვიდა პირველი „გადაჭიმული” მოდელი, რომელსაც ხშირად „დიდი ჯგუფის ავტობუსადაც” მოიხსენიებდნენ, რადგან თავდაპირველად, ძირითადად გამოიყენებოდა ლიდერების, მათი ორკესტრების და ასევე მათი ინსტრუმენტების გადასაყვანად.

საიდან მოდის სახელი

ამასთან დაკავშირებით ვერსიები არსებობს. ამბობენ, რომ ის ნასესხებია საფრანგეთის პროვინციის, Limousin-ის დასახელებიდან, თუმცა აშკარა კავშირი ამ რეგიონსა და ამ ძვირფას მანქანას შორის არ იკვეთება. არსებობს კიდევ მოსაზრება, რომ ეს სახელი მოსასხამებიდან მოდის, რომლებიც ადრე მძღოლებს ეცვათ ხოლმე. თუმცა, საბოლოოდ რომელი ვერსია იმარჯვებს, ამაზე დავა ავტომოყვარულებში დღემდე გრძელდება.

აღზევების ხანა

1930-იან წლებიდან  Limousine იქცა ავტომობილად, რომელსაც სასტუმროების სტუმრების გადასაყვანად იყენებდნენ აეროპორტიდან სასტუმრომდე. ასევე, ის გამოყენებული იყო სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებელ ტურებზე. 

მანქანების მზარდი პოპულარობის დანახვის შემდეგ, კინოინდუსტრია მაშინვე ჩაერთო და დაიწყო მათი გამოყენება გადამღები ჯგუფისა და სცენის პერსონალის მომსახურებისთვის. იმავე პერიოდში კინომსახიობებისთვის ეს მანქანა ერთგვარ აქსესუარადაც კი იქცა – თუ მსახიობი Limousine-დან არ გადმოდიოდა, ის თითქოს მსახიობად ვერ გრძნობდა თავს. 

ავტომობილის განახლება

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მალევე გამოიგონეს ექვსკარიანი Limousine. ექვსკარიანი მანქანა გახდა ახალი სენსაცია და გამოიყენებოდა კორპორაციული ღონისძიებებისთვის, წითელი ხალიჩებისთვის და დაკრძალვისთვისაც კი. კომფორტულობის, განსხვავებული სტილისა და ფუფუნების გამო, მასზე მოთხოვნამ მალე გადააჭარბა შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

Limousine-ების განვითარება 1902 წლიდან შეუფერხებლად გაგრძელდა. 1980-1990-იან წლებში ავტომობილს მრავალი ინოვაცია დაემატა. მდიდრული ფუნქციები, როგორებიცაა პერსონალური ბარები, სატელევიზიო სისტემა, ხმის სისტემა და ვიდეო თამაშებიც კი, ხელმისაწვდომი იყო მანქანით მოსარგებლეებისთვის.

Limousine-ები დღეს

მომდევნო წლებში წამყვანი საავტომობილო ბრენდები, როგორებიცაა BMW და Rolls-Royce საკუთარი წარმოების ლიმუზინებს ქმნიდნენ, რომლებსაც დამატებითი ფუნქციები ჰქონდა. ამჟამად ლიმუზინების უამრავი მოდელია ხელმისაწვდომი და მორგებული ისეთი მახასიათებლებით, როგორიც მის მფლობელს სჭირდება, რათა ავტომობილშივე მოიწყოს ოაზისი. თქვენ ახლა შეგიძლიათ იპოვოთ Hummer Limos და SUV Limos, რაც ბრენდის პოპულარობაზე მიუთითებს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დაემშვიდობე დაუპატიჟებელ ფიქრებს

კარფურის ახალი კამპანია – „ქართული პროდუქტები“