in

“ლინჩისეული” ამინდის პროგნოზი ერთი წლისაა!

მსუბუქი ნიავი, ცისფერი ცა და ოქროსფერი მზე…

veon
veon

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დევიდ ლინჩმა თავისი არასტანდარტული ამინდის პროგნოზი შემოგვთავაზა, რომელსაც ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებდა – ტრადიციულად, ვიდეოების მოცულობა 1 წუთს არასდროს აღემატებოდა.

რეჟისორმა ეს ბნელი, პანდემიური პერიოდიც გაანათა…“მსუბუქი ნიავი, ცისფერი ცა და ოქროსფერი მზე” – მთელი წლის განმავლობაში ძირითადად ასეთი იყო ლოს-ანჯელესის ამინდი. გარდა 2020 წლის 2 ივნისისა, როდესაც დევიდმა ჩუმი ვიდეო ატვირთა, რომელშიც ფონად თეთრ ზედაპირზე დაწერილი სიტყვები ჩანს – “BLACK LIVES MATTER”. 

სულ რაღაც ერთ წელიწადში მისმა 365 დღის ამინდის პროგნოზმა 10 მილიონი ნახვა დააგროვა, YouTube- ზე და მისმა არხმა  DAVID LYNCH THEATER კი, 270 000 გამომწერს მიაღწია. მადლიერების ნიშნად, რეჟისორმა თავის მაყურებლებს მადლობა გადაუხადა – “როგორი შესანიშნავები ხართ, ვინც ყოველდღე მოდიხართ ამინდის პროგნოზის საყურებლად. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასეთი კარგები ხართ”.

რა თქმა უნდა, დევიდ ლინჩის ამინდის პროგნოზი მხოლოდ რუტინული საქმიანობა არ არის, არამედ, შესაძლოა, კიდევ ერთ კინემატოგრაფიულ ნამუშევრადაც კი მივიჩნიოთ… მაგალითად, განსაკუთრებით სამახსოვროა გასული წლის 21 აგვისტოს ვიდეო:

დღეს შავი სათვალეები მიკეთია, რადგან მომავალს ვხედავ და ის ძალიან კაშკაშაა

ეტაპობრივად რეჟისორის ოთახი შეიცვალა, რასაც “ადვილად” შეეგუა მაყურებელი. თუმცა ყველაზე მკვეთრ ცვლილებას დევიდის წვერი წარმოადგენდა – თაყვანისმცემლებს არასდროს უნახავთ მის სახეზე ამხელა წვერი და შესაბამისად, რამდენიმე ჰიპოთეზაც კი წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს Netflix-ის ახალი სერიალის პერსონაჟის ნაწილი იყო.

დროდადრო ფარენჰეიტსა და ცელსიუსს ფონად დილანის, ელვის პრესლისა თუ სხვა მუსიკოსების სიმღერები გასდევდა. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ლოს-ანჯელესის რადიო სადგური KCRW დევიდ ლინჩის ამინდის პროგნოზს იყენებს.

ჩვენ არ ვიცით, რამდენხანს გაგრძელდება “ლინჩისეული” ამინდის პროგნოზი, მაგრამ ვიდრე დროა, უბრალოდ დავტკბეთ და ვუსმინოთ ლინჩს!

როგორია დიდ კომპანიებში ინოვაციების მართვის ახალი მოდელი?

გაიცანით პირველი „მომავლის ასტრონავტი“ საქართველოში – Porsche-ს ვიდეორგოლში