Lineate მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდია ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით, ხოლო საქართველოში ორი წელია, რაც ოპერირებს და 200-ამდე თანამშრომელს აერთიანებს.
გარემოს დაცვა ბრენდის საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილია და მის ფარგლებში ჩაერთო გუნდი CENN-ის მიერ წამოწყებულ პლასტმასის შემცირების კამპანიაში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია უჭერდნენ მხარს. ამ პერიოდში მათ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს მდგრადი პრაქტიკის დანერგვის თაობაზე, ისწავლეს, რა ცვლილებები შეეტანათ ოფისში უფრო ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად.
ამ კამპანიაში მონაწილე სხვა კომპანიების მსგავსად, Lineate Georgia-მ დაიწყო პრობლემის შესწავლა და აღმოაჩინა, რომ პლასტმასის ნარჩენების უმეტესი ნაწილი მიდიოდა ლანჩებსა და ღონისძიებებზე. ოფისმენეჯერთან ერთად გუნდის წევრებმა დაითვალეს, ზუსტად რამდენი პლასტმასა იხარჯებოდა და შეიმუშავეს მისი ჩანაცვლებისა თუ გადამუშავების ახალი ტაქტიკა.
შედეგად, ოფისში მოხმარებიდან ამოღებულ იქნა პლასტმასის ბოთლები წვენისთვის, ცივი ყავის ჭიქები; ლანჩის შეკვეთისას თანამშრომლები კომენტარად ურთავენ საკურიერო კომპანიას, რომ არ იქნეს გამოყენებული პლასტმასა, ერთჯერადი კოვზები ხის კოვზებით ჩანაცვლდა, ასევე, დაინერგა მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენების პრაქტიკა.
პლასტმასის გარდა, გუნდმა იფიქრა სხვა ტიპის ნარჩენებზეც, ამიტომ ცალკე დაიდგა ყუთი ელექტროსიგარეტებისა და ელემენტების შესაგროვებლად.
Lineate Georgia-ს წარმომადგენლები ქვემოთ მოცემულ ვიდეოში გვიყვებიან გარემოსდაცვითი მიმართულებით საკუთარი გამოცდილების შესახებ.