3
Sep
2019

“ესაუბრე ტურისტს ინგლისურად” – Lingwing-ის უფასო კურსი ტურიზმის სფეროსთვის

3 Sep 2019

ტურისტულმა ემბარგომ ქართული ტურიზმი გამოწვევის წინაშე დააყენა. გაჩნდა ტურისტების მოზიდვის ალტერნატიული წყაროების მოძებნის აუცილებლობა. ინდუსტრიის მხარდასაჭერად აქტიურად გაერთიანდა ქართული საზოგადოება, კომპანიებმა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, ტურიზმში ჩაბმული ადამიანების წასახალისებლად, საკუთარი სერვისის უფასოდ შეთავაზება დაიწყეს.  აქტიური საინფორმაციო კამპანიის გარდა, რომელიც უცხოელებს საქართველოში ეპატიჟება, ქვეყანა დადგა ენობრივი გამოწვევის წინაშეც. ინგლისურენოვანი ტურისტების ხვედრითი წილის გასაზრდელად, მასპინძელმა ქვეყანამ ინგლისური ენის სწავლის გადაუდებელი საჭიროება დაინახა. სწორედ ამიტომ, უცხო ენების ციფრულმა პლატფორმამ Lingwing, ტერაბანკის მხარდაჭერით, ინგლისური ენიც უფასო კურსი შესთავაზა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. ამ დროისთვის, პროგრამაში 3000-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

“როგორც კი ახალი ქართული სტარტაპის, ლინგვინგის შესახებ შევიტყვეთ, მისი მხარდაჭერის სურვილი გაგვიჩნდა. წელს ტერაბანკი შიდა ტურიზმს აქტიურად ეხმარება და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარ საკომუნიკაციო პლატფორმას უთმობს. ვიფიქრეთ, რომ ლინგვინგის სპეციალური კურსი, რომელიც მსურველებს ახალი ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, ჩვენი ბრენდის ღირებულებებს, მიზნებსა და ტურიზმის მხარდაჭერის ინიციატივას ზუსტად მიესადაგებოდა. მართლაც, ლინგვინგის აპლიკაციით უცხო ენის შესწავლა უკვე ტურისტული ბიზნესის 3,000-ზე მეტმა წარმომადგენელმა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უცხოელ მოგზაურებთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ. ეს კი მათი ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს,” – ამბობს ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი, ქეთევან მეფარიძე.

“Lingwing გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და გვინდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მასპინძელს ჰქონდეს საშუალება ესაუბროს ჩამოსულ ტურისტებს ინგლისურად. რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა საგრძნობლად წაახალისა თავად მოსახლეობა, გააქტიურდნენ ევროპის ბაზრის მიმართულებით. ეს წელი იქნება გარდამტეხი საქართველოს ტურიზმისთვის და არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი აღადგენს თუ არა ფრენებს საქართველოს მიმართულებით, ჩვენი რაკურსი შეიცვლება ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ აქტიურად შევუწყოთ ხელი მოსახლეობას ტურისტულ რეგიონებში, რომ დაეუფლონ ინგლისურ ენას” – გვიამბო Lingwing-ის დირექტორმა, ვატო ველიაშვილმა.

M: რას მოიცავს კურსი? ასევე, რა ვადაში და რა დონეზე შეუძლია სწავლა პროექტის მონაწილეს?

გარდა არსებული ინგლისურის კურსებისა, შევქმენით სპეციალური კურსი, რომელიც მორგებული იქნება მასპინძლებისთვის ვისაც აქვს სასტუმრო, გესთჰაუსი, ჰოსტელი და სხვა. კურსი არის 650 დავალებისგან შემდგარი და უმოკლეს დროში მოამზადებს ადამიანს სასაუბრო ინგლისური ენის გაუმჯობესებაში, ზუსტად იმ ტერმინოლოგიით, რაც მას სჭირდება. კურსის შექმნა Spend Your Summer In Georgia-ს კამპანიის დაწყებისთანავე დავიწყეთ და ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით კურსის შექმნა. კურსის დასრულებას 5-6 კვირა სჭირდება. ამ კურსის გავლა ყველასთვის იქნება უფასო. ეს კურსი ერთადერთია Lingwing-ზე, რომელიც შესწავლაც სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. კურსის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ჩვენი ინტერაქტიული ვებსაიტისა და
აპლიკაციების მეშვეობით.

M: როგორ გეგმავთ მოიცვათ სამიზნე სეგმენტი?

სამიზნე სეგმენტზე ინტერნეტ რეკლამის მეშვეობით და ასევე, ჩვენი არსებული მომხმარებლების ბაზის მეშვეობით გავდივართ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კურსი თითქმის ყველასთვის არის სასარგებლო, დასაქმებულია თუ არა ის ტურიზმის ინდუსტრიაში, სამიზნე სეგმენტი საკმაოდ ვრცელია.

M: რა შედეგებია ამ დროისთვის?

კურსი 3000-მა ადამიანმა დაიწყო და უკვე 100-მდე ადამიანმა მიიყვანა ბოლომდე. ამ წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ რომ 10000 მომხმარებლამდე იქნება კურსში ჩართული, იქითა ტურისტულ სეზონამდე კი დაახლოებით 30 000 ადამიანი. ვფიქრობთ, ჩვენი ძირითადი კურსები და ტურიზმის უფასო კურსი სრულიად საკმარისია ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, რომ მათ თავისუფლად შეძლონ კომუნიკაცია უცხოელ ტურისტებთან, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სტუმარ-მასპინძლობის სერვისის ხარისხს.

 

[R]

განხილვა