in ,

Lingwing – უცხო ენების შემსწავლელი ქართული ონლაინ პლატფორმა

Startauperi
Startauperi

უცხო ენების ონლაინ შესწავლა თანამედროვე ეპოქაში ადაპტირებული და საკმაოდ პოპულარული სწავლების ფორმაა, თუმცა მრავალ უპირატესობასთან ერთად, რასაც დროის დაზოგვა, დავალებების სასურველ დროსა და ადგილას შესრულების შესაძლებლობა და ა.შ. ჰქვია, ნაკლოვანებებიც თან ახლავს. მაგალითად, არსებული სახელმძღვანელოებისა და ტრადიციული, აუდიტორიული მეთოდოლოგიის გავლენა, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს პედაგოგის უშუალო მონაწილეობას, სწავლის პროცესში.

bog
bog-mob


Lingwing
– უცხო ენების შემსწავლელი ქართული ონლაინ პლატფორმა – მამა-შვილის, დავით და ვატო ველიაშვილების ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავდა უცხო ენის ონლაინ შესწავლას მარტივად, სწრაფად და გასაგებად. თავდაპირველად, პლატფორმა Teach.ge-ს სახელით პოზიციონირებდა, დღეს კი LINGWING-ით და გლობალურ ინტერნეტ სივრცეზე ორიენტაციით, მომხმარებლებს სთავაზობს 5 ენის შესწავლას: ინგლისური, იტალიური, ფრანგული, რუსული, ესპანური, რუსული. მარკეტერი ვატო ველიაშვილს ესაუბრა პროგრამის შექმნის საჭიროებაზე, სწავლების განსხვავებულ მიდგომასა და იმ პრობლემაზე, რასაც კომპანია Lingwing-ის არსებობა ჭრის.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/lingwingcom/videos/342459019512200/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

M: რის საფუძველზე მიხვდით, რომ საჭირო იყო უცხო ენების ონლაინ პლატფორმის შექმნა?
დაახლოებით 5-6 წლის წინ, მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ ინგლისური ენის ონლაინ რეჟიმში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე სხვადასხვა ამოცანა იდგა, მამაჩემი დამწყები იყო, ხოლო მე ცოდნის გაუმჯობესება მინდოდა, ვერცერთმა ჩვენგანმა მოვიძიეთ ისეთი რესურსი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა: პროგრამები იყო ან ძალიან მარტივი (მხოლოდ ვიზუალური ეფექტებით გაფორმებული); ან ძალიან რთული (სადაც საიტის ინტერფეისში გარკვევას იმდენი დრო სჭირდებოდა, რომ ინგლისურის სწავლა მეორე პლანზე გადადიოდა). შედეგად, თავდაპირველად მხოლოდ ჩვენთვის, შევქმენით საიტის პროტოტიპი teach.ge, თუმცა მალევე გაგვიჩნდა უკვე ჩვენთვის უცნობი, ამასთან, კმაყოფილი მომხმარებლები. მათი მხრიდან კი გაჩნდა ახალი ენების დამატების მოთხოვნა და დავამატეთ ინგლისურის ახალი კურსები, რუსული, იტალიური, ფრანგული ენები და ასევე, ქართული ენის შესასწავლი პროგრამა. M: რატომ შეწყვიტეთ teach.ge-ს სახელით სწავლება და რას უკავშირდება Lingwing-ის შექმნა?
ჩვენზე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ადრე თუ გვიან – საიტი ჩამოიშალა, რისი მიზეზიც, რუსთავი 2-ზე გასული ჩვენი სიუჟეტი გახდა. ამ დროს, ჩვენს საიტზე 8000-მდე მომხმარებელი შემოვიდა და ასეთ დატვირთვას ჩვენმა პროტოტიპმა ვერ გაუძლო. შესაბამისად, 
გადაწყდა, რომ გავაკეთებდით ახალ საიტს გლობალური ინტერნეტსივრცისათვის, სადაც იქნებოდა ბევრი ენა და ახალი შესაძლებლობები.

ასე გაჩნდა Lingwing.com, რომელიც  2017 წლის დასაწყისში ამუშავდა, საწყის ეტაპზე, 2 თვიანი სატესტო რეჟიმით. ამ ეტაპზე, საიტზე 30 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული, კონვერსია 3.3%, ხოლო განმეორებითი ყიდვები, დაახლოებით, 50%-ია. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 12 ადამიანი და ვაგრძელებთ პროექტის მასშტაბირებაზე მუშაობას. პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც ვებზე, ისე აპლიკაციაზე, Android-ისა და iOS ოპერაციული სისტემებისთვის. კომპანია საქართველოში ჩატარებული სტარტაპების არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მაგალითად, GITA-ს საგრანტო კონკურსის, სტარტაპ საქართველოსა და ა.შ.

M: სწავლებისადმი როგორი მიდგომა გაქვთ და რა პრობლემას ჭრის კომპანიის ფუნქციონირება?
ჩვენი პროგრამები ამოცანის დასმისა და ალგორითმების სპეციალისტების მიერ არის შექმნილი, პროგრამისტებსა და უცხო ენების სპეციალისტებთან ერთად. პირველ რიგში, ჩვენი სწავლების განსხვავებული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ დავალებების შესრულება საწყისი ეტაპიდანვე წერითი ფორმით ხდება, რაც მასალის დამახსოვრებას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ნასწავლი მასალის გამყარების მექანიზმი ხორციელდება ინტერვალური გამეორების, მათემატიკური ფორმულებისა და ალგორითმების საშუალებით, რაც გარანტირებულ დადებით შედეგს იძლევა და რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, არის კონტენტის შექმნის პრინციპი და დავალებების ალგორითმები. კონტენტის შექმნის პრინციპი უკავშირდება მომხმარებლის მიყვანას დიალოგამდე და მონოლოგამდე. ყოველი ახალი თავი, რომელსაც ახალი გრამატიკული მასალა „აშენდება“, სწორედ ამას ემსახურება. მომხმარებელი მისთვის შეუმჩნევლად და იოლად ერთვება სულ უფრო რთულ დიალოგებსა და მონოლოგებში, ამასთანავე, ეს ყოველივე ხდება გრამატიკული წესების დაზეპირების გარეშე.

M: კონკრეტულად, რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?
დაწყებითი დონის შესასწავლი პროგრამის სტრუქტურა დავალებების 12 ძირითადი ტიპისგან შედგება. ესენია: კარნახი; თარგმნა; გამეორება; შეცდომების გასწორება; ანბანი; დიალოგი; გრამატიკა; წინადადებაში გამოტოვებული სიტყვების შევსება; საკუთარი ხმის ჩაწერა და რეალურთან შედარება; ხმის ამოცნობა; სიტყვების დამახსოვრება. ყოველ დავალებას აქვს დასაშვები შეცდომების ლიმიტი და ეს ლიმიტი მცირდება დავალების სწორად შესრულების შემდეგ, ყოველ მომდევნო ეტაპზე (სულ 3 ეტაპი/დონეა) და შესაბამისად, რთულდება მისი შესრულება.
ერთი და იმავე სიტყვის დაწერა ისე, რომ ეს მოსაბეზრებელი არ გახდეს, სხვადასხვა წინადადებაში, ერთსა და იმავე ეტაპზე, მინიმუმ 10–ჯერ უწევს მომხმარებელს. პროგრამის დასრულებამდე  ამგვარი ინტერვალური გამეორების პრინციპის გამოყენება, გარანტირებულ დადებით შედეგს იძლევა.პროგრამაში ყველა დავალება გახმოვანებულია ენის მატარებლების მიერ. პროგრამა ავტომატურად ახმოვანებს დაწერილ სიტყვას/წინადადებას. გარდა ამისა, მომხმარებელს ნებისმიერი დავალების გახმოვანება თავად შეუძლია იმისათვის, რომ შეადაროს მის მიერ ნათქვამი სიტყვა/წინადადება დიქტორის მიერ გახმოვანებულ ტექსტს. დავალებების გარკვეული ნაწილი კი მომხმარებლის მიერ წარმოთქმული ტექსტის კომპიუტერული პროგრამის მიერ ამ ტექსტის ამოცნობაზეა ორიენტირებული.

M: სასწავლო პროგრამის დასრულების დრო ავტომატიზებულია?
სტატისტიკის მიხედვით, ერთი ნებისმიერი კურსის დასასრულებლად, დაახლოებით, 40 საათია საჭირო. დავალება შესრულებულად/ნასწავლად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მასზე მომხმარებელი, პროგრამის გავლის სხვადასხვა ეტაპზე, 3-ჯერ გასცემს  სწორ პასუხს. არასწორად შესრულებულ დავალებებს პროგრამა იმახსოვრებს და პერიოდულად უბრუნდება მას, სანამ სწორი პასუხი არ იქნება გაცემული. ამიტომ, პროგრამის ალგორითმი გამორიცხავს რაიმე მასალაზე „გადახტომასა“ და გამოტოვებას.

M:
როგორია თქვენი სამომავლო გამოწვევები?
დღეისათვის მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებთ მხოლოდ საქართველოში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 18 ქვეყნიდან შეიძინეს ჩვენი პროგრამა. 
უკვე წლის ბოლოსათვის, პროგრამის გავრცელების პრიორიტეტული მიმართულებები იქნება დსთ-ის ქვეყნები და თურქეთი. მომავალი წლიდან კი აშშ, რის შემდეგაც ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები გახდება ჩრდილო და ლათინური ამერიკა, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები.

ფოტოხელოვანების მიერ iPhone 8-ით გადაღებული ლამაზი, საინტერესო და ხარისხიანი ფოტოები

ოსკაროსანი ჯორჯ კლუნის რეჟისურით შექმნილი ვიდეორგოლი Nespresso-სთვის