ინსტაგრამის ინფლუენსერების ტრადიციული მოწოდება – „გადადით ლინკზე ბიოში“, შესაძლოა, მალე MySpace-ისა და ძველი Twitter-ის მსგავსად წარსულს ჩაბარდეს. როგორც ირკვევა, Meta კრეატორების ნაწილს რილსებში პროდუქტების პირდაპირ დალინკვის შესაძლებლობას მისცემს.
პროდუქტის მონიშვნის ფუნქცია საბოლოოდ გააქრობს იმ დისკომფორტს, რაც მომხმარებლის ჯერ პროფილზე გადასვლას და შემდეგ სასურველი ნივთის საპოვნელად დამატებით ბმულზე დაკლიკებას ახლდა თან. საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის კონფერენციაზე, Shoptalk Spring, Meta-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიახლე ამ გაზაფხულიდან ჯერ ხუთი შერჩეული ბაზრის კრეატორებისთვის ამოქმედდება, შემდეგ კი 22 ქვეყანაში გავრცელდება. რაც მთავარია, ერთ პოსტში 30-მდე პროდუქტის ბმულის დამატება იქნება შესაძლებელი. კონფერენციაზე კომპანიის გლობალური ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრეატორებისთვის პროდუქტების წარმოჩენის კუთხით “link in bio”-ს პრაქტიკა ოფიციალურად სრულდება.
რეალურად, პროფილის აღწერაში ბმულის მითითებისკენ მოწოდება იმ აპლიკაციაში გაჩენილი ალტერნატიული გამოსავალი იყო, რომელიც მომხმარებლების შიდა პლატფორმაზე შესანარჩუნებლად შეიქმნა. წლების განმავლობაში, ინსტაგრამი ბმულის დასამატებლად მხოლოდ ერთ ადგილს – პროფილის მთავარ გვერდს გვთავაზობდა. შესაბამისად, გაყიდვების ძაბრში აუდიტორიის გადასაყვანად, ინფლუენსერებისა და მარკეტერებისთვის “link in bio” ან პირად შეტყობინებებში ავტომატიზებული პასუხები სტანდარტულ პრაქტიკად იქცა.
მას შემდეგ, რაც პლატფორმა სოციალური კომერციის ჰაბად იქცა, ბმულებისთვის დამატებითი ალტერნატივები ეტაპობრივად ჩნდებოდა. ჯერ კიდევ 2016 წელს Meta-მ Stories-ში ლინკების დამატების ფუნქცია გაააქტიურა, 2023 წელს კი მომხმარებლებს პროფილზე ხუთამდე ბმულის განთავსების უფლება მისცა. ახლა, რილსებში დალინკვადი პროდუქტის თეგების დამატებით, კრეატორები ისტორიაში პირველად შეძლებენ პირდაპირ Newsfeed-ის კონტენტში მიუთითონ ბმულები. ეს სიახლე მათ აღმოჩენადობასაც გაზრდის, რადგან ინსტაგრამის ალგორითმი სარეკომენდაციო კონტენტს აქტიურად უწყობს ხელს.
აპლიკაციის ეს და სხვა დიზაინერული ცვლილებები იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა სოციალური პლატფორმების მოწყობის საკითხი სულ უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშაა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საქმეზე სასამართლომ Meta-სა და Google-ს 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. პარალელურად, კრეატორების სარეკლამო ხარჯები არნახულად იზრდება და 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 37 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Meta-ს ხედვით, რილსებში პროდუქტების მონიშვნა კრეატორებისთვის მონეტიზაციის პროცესის გამარტივების საუკეთესო გზაა, თუმცა ეს შესაძლოა მთელი ეპოქის დასასრულის დასაწყისიც იყოს. კომპანია ამჟამად Meta Verified გამომწერებისთვის პოსტის აღწერაში ბმულების დამატების ფუნქციასაც ტესტავს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ის ძველი ბარიერები, რომლებიც მომხმარებლების გარე ვებსაიტებზე გადასვლას ზღუდავდა, ძალიან მალე სრულად მოიხსნება.
წყარო: Fastcompany












