ცოტა ხნის წინ LinkedIn-ის პლატფორმას AI ინსტრუმენტი დაემატა, რომელიც სამსახურის მაძიებლებს დამსაქმებლებისთვის შეტყობინების მიწერაში ეხმარება. მოდელი კონკრეტული პროფილების გაანალიზების შედეგად მიღებულ ინფორმაციას იყენებს, რასაც სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინება და კომპანიის განსაზღვრაც ემატება.
ახლა კი პრემიუმ მომხმარებლები მეტ დახმარებას მიიღებენ „სამუშაო ქოუჩის“ ჩეტბოტის სახით. ეს უკანასკნელი სამსახურის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე გასცემს რჩევებს — მაგალითად, პოტენციური როლისთვის რომელი უნარებია საჭირო, ან რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ დამსაქმებელს, რა ფუნქციებია საჭირო მსგავს ინდუსტრიაში და ა. შ.
LinkedIn-ის პროდუქტის მთავარმა ხელმძღვანელმა, ტომერ კოენმა აღნიშნა, რომ ეს ფუნქცია OpenAI-ის მეშვეობით გაცოცხლდა და კანდიდატებისგან მიღებული გამოხმაურების საფუძველზე შეიქმნა. ძირითადად კი ამ კითხვებზე ფოკუსირდნენ: ვარ თუ არა ამ როლისთვის შესაფერისი? ან როგორ გავზარდო ჩემი შანსები?
გარდა ამისა, კიდევ ერთი AI ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ვრცელი პოსტების ძირითადი, შემაჯამებელი სახე მიიღონ. თანაც პერსონალიზებულ რჩევებსა და კონკრეტულ ინდივიდზე იქნება მორგებული — სხვა სიტყვებით, მოდელი გაითვალისწინებს, რა შეიძლება გაინტერესებდეთ კონკრეტულ პოსტში.