in

LinkedIn-მა უხარისხო AI კონტენტს ომი გამოუცხადა

Lenovo
Lenovo

დღეს, ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა და მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელიც კია. თუმცა, პროფესიული სოციალური ქსელი LinkedIn-ი ამ რეალობასთან შეგუებას არ აპირებს და მკაფიო ზღვარის გავლებას ცდილობს – თუ სრულად არა, მიზნად მაინც იმ „AI ნაგვის“ საგრძნობლად შემცირებას ისახავს, რომელიც ბოლო დროს პლატფორმაზე უხვად გვხვდება.

კომპანია აპირებს მიზანში ამოიღოს დაბალი ხარისხის, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პოსტები, რომლებიც მომხმარებლებს ყურადღებას უფანტავს და რეალური ღირებულების პოვნაში უშლის ხელს. ეს პრობლემა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან ბევრი მომხმარებელი მხოლოდ ჩართულობის ხელოვნურად გასაზრდელად იყენებს ამ მეთოდს.

კომპანიის პროდუქტების მართვის გუნდში განმარტავენ, რომ LinkedIn-ი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ყველა პოსტს როდი კრძალავს. მათ კარგად ესმით, რომ ზოგიერთ მასალას გარკვეული პროფესიული ღირებულება მართლაც აქვს, თუმცა უშინაარსო, შაბლონური ტექსტების ადგილი პლატფორმაზე ნამდვილად არ არის. ცვლილებები მყისიერად არ მოხდება. კომპანია ნელ-ნელა განავითარებს შესაბამის ინსტრუმენტებს, ამიტომ მომხმარებლები თავიანთ „ფიდზე“ უსარგებლო კონტენტის შემცირებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეამჩნევენ. ახალი სისტემა ძირითადად სამ მიმართულებაზე ნადირებს: სტანდარტულ, შაბლონურ AI პოსტებსა და კომენტარებზე, ყურადღების მისაქცევად შექმნილ მანიპულაციურ ვიდეოებსა და იმ ავტომატიზებულ ხელსაწყოებზე, რომლებიც ამ კონტენტს მასობრივად აგენერირებენ.

იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს პლატფორმა ამ კონტენტის გაფილტვრას, ბევრი ტექნიკური დეტალი არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია იყენებს მიდგომას: „ხელოვნური ინტელექტით ვებრძვით ხელოვნურ ინტელექტს“.

ახლად შექმნილი სისტემები დეტალურად გააანალიზებენ პოსტებს და დაადგენენ, რომელი მათგანი შეიცავს ორიგინალურ, ავტორისეულ აზროვნებას და რომელს აკლია რეალური შინაარსი. ეს ალგორითმები დროთა განმავლობაში, მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებით კიდევ უფრო მეტს ისწავლიან. ისინი მარტივად გაარჩევენ უნიკალურ პერსპექტივას უკვე არსებული იდეების უბრალო, რობოტული გადამღერებისგან.

ამ პროცესში ადამიანური რესურსიც აქტიურადაა ჩართული. ადამიანები-რედაქტორები ათასობით პოსტს ხელით ნიშნავენ, როგორც „ორიგინალურს“ ან „შაბლონურს“, რითაც ალგორითმს წვრთნიან, რათა მან ზუსტად იცოდეს, რომელ პოსტს აუნთოს წითელი შუქი და რომელი დატოვოს ხელუხლებელი.

მსგავსი პრინციპით იქმნება იმ კრიტერიუმების ნაკრებიც, რომლებიც უხარისხო, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ კომენტარებს ახასიათებს. ამ ბრძოლაში მთავარი იარაღია სიტყვების განმეორებადი შაბლონები და კომენტარების გამოქვეყნების სიხშირე. როდესაც სისტემა მსგავს პოსტებსა თუ კომენტარებს აღმოაჩენს, ისინი სხვა მომხმარებლების სარეკომენდაციო ველში აღარ გამოჩნდება. თუმცა, სისტემა იდეალური მაინც არ არის – ავტორის უშუალო კონტაქტები და გამომწერები ამ მასალას მათ პროფილზე მაინც დაინახავენ.

საინტერესოა, რომ ბოტების მიერ დაწერილი კომენტარები LinkedIn-ის მოხმარების წესებს ისედაც არღვევდა, თუმცა ბევრი მომხმარებელი ალგორითმის მოსატყუებლად და საკუთარი პოსტების ხელოვნურად წამოსაწევად ამ ხერხს მაინც აქტიურად იყენებდა.

LinkedIn თავადაც იყენებდა ხელოვნური ინტელექტს საკუთარ სამუშაო პროცესებში. პლატფორმა მომხმარებლებს უამრავ გენერაციულ ხელსაწყოს სთავაზობს – დაწყებული პროფილის აღწერისა და სამუშაო გამოცდილების სექციების „გასაუმჯობესებელი“ ხელსაწყოებით, დამთავრებული სამსახურის მაძიებელთა დამხმარე ბოტებითა და რეკლამის განმთავსებლებისთვის კამპანიების ოპტიმიზაციის AI მოდელებით.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის მოცულობა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. Graphite-ის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა, რომლებიც AI-ის მიერაა გენერირებული, უკვე გაუტოლდა ადამიანების მიერ დაწერილ მასალას. ერთადერთი იმედისმომცემი ფაქტი ისაა, რომ ეს თანაფარდობა ამ ეტაპზე დასტაბილურდა და ბოლო პერიოდში მკვეთრი ზრდა აღარ შეიმჩნევა. კვლევებს თუ ვენდობით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატიები საძიებო სისტემებში რეალურ ადამიანურ კონტენტთან შედარებით ბევრად ცუდად პერფორმირებს და ნაკლებ ტრაფიკს იზიდავს.

თუმცა, LinkedIn საძიებო სისტემის პრინციპით არ მუშაობს. აქ მთავარი ნაცნობობა, პროფესიული კავშირები და რეალური ინტერაქციაა. სწორედ ამიტომ, კომპანიას სურს, რომ მომავალში პლატფორმაზე წარმოდგენილი კონტენტის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ რეალური ადამიანებისგან მოდიოდეს.

წყარო: Fastcompany

„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის