ახალი სამსახურის ძიება ხშირად საკმაოდ სტრესულია, რადგან ვღელავთ როგორც სასურველი ვარიანტის პოვნაზე, ისე იმაზე, თუ რამდენად მოვეწონებით პოტენციურ დამსაქმებელს; ან, რამდენად შევეგუებით ახალ გარემოს თუ კოლეგებს. ამას ემატება დაუსრულებელი ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რისი თქმა სჯობს გასაუბრებაზე — როგორ ხდება ფორმალურობასა და ბუნებრიობას შორის ბალანსის დაცვა და ა. შ.
LinkedIn-ის უახლესი ხელსაწყო კი სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევს, მოკლე სამოტივაციო წერილი შექმნას. ის საჭირო ინფორმაციას ინდივიდისა და HR-ების პროფილებიდან აიღებს — ამ გზით შეძლებს კონკრეტულ ვაკანსიებზე მორგებული ტექსტების შექმნას; საჭიროების მიხედვით წამოწევს ამა თუ იმ მიღწევას და უნარ-ჩვევას.
ამიერიდან პრემიუმ მომხმარებლები ვაკანსიების დათვალიერებისას იხილავენ შეთავაზებას, რომ AI-მ დამქირავებელი გუნდისთვის განკუთვნილი სამოტივაციო წერილი შექმნას. მოთხოვნის საფუძველზე კი ხელოვნური ინტელექტი მალევე შეადგენს მოცემული თანამდებობისა და კომპანიის შესაბამის ტექსტს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად დაგენერირებული წერილი საკმაოდ ბუნებრივად იკითხება. თუმცა თუ რაღაცის შეცვლა მოგინდებათ, რედაქტირების ფუნქციაც აქვს — ასე შეგეძლებათ, მეტად მოარგოთ თქვენი საუბრის ტონს.