იმისათვის, რომ სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში უკეთ დაეხმაროს, LinkedIn-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციები შეიმუშავა. თითოეული მათგანის მიზანი კი პროდუქტიულობისა და წარმატების კოეფიციენტის ზრდაა.
პირველ რიგში, პრემიუმ მომხმარებლებისთვის დანერგა Jobseeker Coach. ეს უკანასკნელი სამსახურის მაძიებლებს საშუალებას აძლევს, გაცილებით სწრაფად მოიძიონ სასურველი ვაკანსიები. ამისათვის კი ერთი მარტივი მოთხოვნის მიცემაც საკმარისია: „დისტანციური სამსახური მარკეტინგის მიმართულებით კონკრეტულ ქალაქში და X ანაზღაურებით“. დანარჩენს უკვე ხელოვნური ინტელექტი მიხედავს.
გარდა ამისა, ამიერიდან ლინკდინზე ჩაშენებულ AI-ს შეუძლია პერსონალიზებული წინადადებების შექმნა, რომლებიც კონკრეტულ სამუშაო პოსტებზეა მორგებული. შესაბამისად, მომხმარებლებს თავიანთი განაცხადის შეცვლა/განახლება რამდენიმე წამში შეუძლიათ.
პერსონალიზებული სწავლება და ექსპერტის რჩევა
2030 წლისთვის სამსახურში საჭირო უნარები 68%-ით შეიცვლება, LinkedIn კი ამის საპასუხოდ პერსონალიზებული სწავლების შესაძლებლობას ნერგავს. LinkedIn Learning-ზე პლატფორმა მყისიერად აზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და მწვრთნელებისგან.
პერსონალიზებული ქოუჩინგი LinkedIn კურსების დროს
კურსების ყურებისას მომხმარებლებს შეუძლიათ, შინაარსის შეჯამება, გარკვეულ თემებში ჩაღრმავება ან მაგალითებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მოითხოვონ. ეს ფუნქცია ყველა პრემიუმ აბონენტისთვისაა ხელმისაწვდომი.