რაც დრო გადის, LinkedIn სულ უფრო აქტუალური პლატფორმა ხდება როგორც საქმიანი ადამიანებისთვის, ისე კომპანიებისთვის. Facebook-ისგან განსხვავებით, აქაური კონტენტი უფრო აკადემიური და ოფიციალურია, თუმცა კარიერული წარმატების გასაზიარებლად, დასასაქმებლად თუ კადრის საპოვნელად, ის არაჩვეულებრივი სოციალური ქსელია.
ბოლო წლებში მისდამი ინტერესი სულ უფრო უჩნდებათ ქართულ ორგანიზაციებსაც. თუკი რამდენიმე წლის წინ ცნობადი სახელები ფეისბუკზე აქტიურობდნენ და ზოგიერთი LinkedIn-ზე არც იძებნებოდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა.
სოციალური მედიის მენეჯერი და ამ მიმართულების ლექტორი, ციფრული მარკეტინგული კომპანია Simple Steps-ის დამფუძნებელი, ნიკა იორდანიშვილი თავის ხედვას გვიზიარებს საქართველოში LinkedIn-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და რჩევებსაც გვაძლევს, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი ბიზნესის ლინკდინ გვერდი.
M: სანამ მთავარ თემას შევეხებით, ზოგადად მიმოვიხილოთ ლინკდინი, როგორც პლატფორმა ბიზნესისთვის: როგორ იყენებენ მას კომპანიები და რამდენად საჭიროა ის მათთვის?
ლინკდინი, თავის მხრივ, კლასიკურად ჩაცმულ ფეისბუკს წააგავს, რომლის ინტერფეისი შედარებით ნაკლებად დატვირთული და უფრო მინიმალისტურია, ვიდრე სხვა მსგავსი პლატფორმების. როგორც სტატისტიკა გვამცნობს, ხარისხობრივად ლინკდინი უკეთ მუშაობს, როგორც დიდ, ასევე საშუალო ზომის კომპანიებთან მიმართებით. როგორც მარკეტერები აღნიშნავენ, 2-2.5-ჯერ უფრო მეტი ზუსტი კონვერსიის მიღება სწორედ ლინკდინიდან ხდება, ვიდრე სხვა მსგავსი პლატფორმებიდან.
M: საქართველოში პოპულარობით მერამდენეა ლინკდინი და რამდენად ბევრი მიმდევარი ჰყავთ ქართულ კომპანიებს?
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ლინკდინი მოცემული მომენტისთვის პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა ამ პლატფორმის ამოძრავების საფუძველს ნამდვილად ვხედავთ ბოლო 2 წელში. მსოფლიო მონაცემებით ლინკდინზე რეგისტრირებული პროფილების ოდენობა 900 მილიონს შეადგენს. ხოლო საქართველოდან რეგისტრირებული ექაუნთები 100 000-ს უტოლდება,(შედარებისთვის ფეისბუქზე 3,4 მილიონამდე რეგისტრირებული ინდივიდია, ხოლო პროფილი 2 ჯერ უფრო მეტიც.) ლინკდინზე გამოყენებაში 75 000-მდე პროფილია. მათგან 47-48% თვეში ერთხელ მაინც არის აქტიური, ხოლო დანარჩენი უფრო ხშირადაც. ყველაზე ცნობილი ქართული კომპანიების გამომწერთა რიცხვი 10 000-დან 65 0000-მდე მერყეობს, თუმცა ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი რამდენჯერმე უფრო მაღალია ვიდრე ფეისბუკზე.
M: როგორი კონტენტია უფრო ნახვადი ლინკდინზე? არის თუ არა განსხვავება ქართულ და უცხოურ კონტენტს შორის?
არსებობს ტექნიკური დეტალები, რომლებიც ნებისმიერი სახის კონტენტს წაეხმარება, გახდეს უფრო ნახვადი, მაგალითად, ფოტოს კონკრეტული ზომების დაცვა, პოსტის დასათაურებასა და პოსტის ტექსტურ ნაწილში სიმბოლოების ოდენობის რეკომენდაციების დაცვა, პირადი გვერდის ინფორმაციულად მოწესრიგება და ა.შ. თუმცა, თუ ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ და მხოლოდ კონტენტის ჭრილში განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მოწინავე ადგილს დაიკავებს საშუალო ზომის ინფორმაციული პოსტები და ვაკანსიები. როგორც ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებლებთან ყოველ წუთს 6000-მდე რეზიუმე იგზავნება, საიდანაც მინიმუმ 8 ადამიანი საქმდება. რაც შეეხება ქართულსა და უცხოურ კონტენტს შორის განსხვავებას, ლინკდინი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ეს განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე, თუნდაც, იყოს ფეისბუკი ან ინსტაგრამი, ქართულ სივრცეში სრულად განსხვავებული მიმართულებები მუშაობს, როგორც ორგანული გავრცელების, ასევე სარეკლამო ნაწილში. ლინკდინი კი თავისი აუდიტორიის ერთმანეთთან მიმსგავსებულობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს მკვეთრად განსხვავებულ კონტენტს.
M: თუ შეგიმჩნევიათ ის შეცდომები, რომლებსაც ქართული გვერდები უშვებენ ამ პლატფორმაზე და რა შეცდომებია ეს?
თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებსა და ლინკდინის შესაძლებლობების დიდი ნაწილის გამოუყენებლობას, ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომა არის მიდგომა ლინკდინის რეკლამასთან დაკავშირებით. კომპანიების ნაწილი უფრთხის სარეკლამო განთავსებებს ლინკდინის პლატფორმაზე და ეს ყოველივე გამოწვეულია რა თქმა უნდა რიცხვებზე დაყრდნობით, რაც ხშირად არც ისე სწორადაა აღქმული და მთლიანობაში არც ისე ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს პლატფორმის შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ლინკდინზე 75 000-მდე აქტიური პროფილია საქართველოდან და მათ ყურამდე ხმის მიწვდენას ლინკდინი საკმაოდ ძვირადაც გვიფასებს, მაინც ზოგადი ეფექტურობის მაჩვენებლითა და ლიდების ხარისხით, ლინკდინი 2.5-ჯერ უფრო უკეთეს შედეგს გვაჩვენებს B2B ნაწილში, ვიდრე ბევრად უფრო ფართოდ გავრცელებადი და დაბალი ფასის მქონე ფეისბუკ რეკლამა.
შესაბამისად, შეცდომაა, პირველ რიგში ის, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება რეკლამით მიღებული ინფორმაციის ხარისხის სწორი შეფასება და უპირატესობა ხშირად სიმრავლეს ენიჭება.
M: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბევრი გამომწერი გვყავდეს ლინკდინზე? როგორია თქვენი რჩევები ამასთან დაკავშირებით?
სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, რომელთა ალგორითმებმაც სახე იცვალეს და ორგანულ ჩართულობას სულ უფრო და უფრო ამცირებენ, ლინკდინის ალგორითმი კვლავ ძველებურად განაგრძობს ფუნქციონირებას, წააგავს ფეისბუკის ალგორითმს 2020 წლამდე.
სასურველია:
- ყოველდღიური აქტიურობა, თუნდაც, 1 პოსტის სახით, წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე, რომელთანაც უნდა ასოცირდეს საბოლოოდ ჩვენი სახელი.
- ვიდეო კონტენტის განთავსება, რაც ჩართულობას 5-6-ჯერ ზრდის ვიდრე სტანდარტული პოსტები.
- შესაბამისი ჰეშტეგების გამოყენება და ასევე პირადი ჰეშტეგის შექმნა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













