რა განსხვავებაა LinkedIn-ის ჩვეულებრივ პოსტსა და LinkedIn-ის ყველაზე წარმატებულ პოსტს შორის, რომელიც ასობით მოწონებასა და კომენტარს იღებს? თუ ამ სოციალური ქსელის ყველაზე გავლენიან კრეატორებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ მათი კონტენტი იზიარებს მსგავს მახასიათებლებს, ისეთებს, რაც ჩვეულებრივ პოსტს აკლია.
ეს სტატია LinkedIn-ის გამორჩეული კონტენტის შექმნაზეა. გადავხედავთ, როგორ გავუშვათ ისეთი პოსტები, რომლებიც გამოიმუშავებს მაღალ ჩართულობას და მეტი მიმდევრის პოვნაშიც დაგეხმარებათ.
გაიგეთ, რა არის თქვენი აუდიტორიის მგრძნობიარე წერტილი
LinkedIn-ის კრეატორთა უმეტესობამ იცის იმ ზოგადი ტკივილის შესახებ, რასაც მათი სამიზნე აუდიტორია აწყდება. გააკეთეთ მცირე ანალიზი თქვენს კონტაქტებში და დაწერეთ თემატური რჩევები, რომლებიც მათ თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება.
თუ გსურთ, რომ კარგად გაიაზროთ აუდიტორიის მგრძნობიარე წერტილები, თქვენს თავს დაუსვით ეს 2 კითხვა:
- რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი ამჟამად?
- როგორ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და რატომ არ მუშაობს მათი ამჟამინდელი სტრატეგია?
როდესაც ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ, აუდიტორიის გაანალიზებისა და პირდაპირი გამოკითხვის შედეგად, გააკეთეთ დოკუმენტი, რომელშიც ყველა ამ წერტილს მოინიშნავთ და ის დაგეხმარებათ კონტენტის გეგმის დაწერაში.
საგანმანათლებლო და საინფორმაციო კონტენტი
რადგანაც LinkedIn ცოდნასა და ზრდაზე ორიენტირებული პლატფორმაა, ამიტომ მასზე კარგად იკითხება საგანმანათლებლო და ინფორმაციული შინაარსი. უბრალოდ, გადახედეთ თქვენი LinkedIn-ის მთავარ გვერდს და აუცილებლად იხილავთ მრავალ პოსტს, რომლებიც მიზნად ისახავს რაღაცის სწავლებას.
მაშ, როგორ შეგიძლიათ შექმნათ ამ ტიპის შინაარსი? შეგიძლიათ, დაწეროთ სტატიები, რომლებიც იკვლევს ინდუსტრიის კონკრეტულ თემებს, გააზიაროთ კვლევები წარმატებულ სტრატეგიებზე ან შესთავაზოთ პრაქტიკული რჩევები საერთო გამოწვევების დასაძლევად. მთავარია ქმედითი რჩევებისა და ინფორმაციის შეთავაზება, რომლის გამოყენებაც პროფესიონალურად იქნება შესაძლებელი.
ამბის თხრობა
ხალხს უყვარს ისტორიები და ამ კუთხით, არც LinkedIn-ია გამონაკლისი. შეგიძლიათ, გააზიაროთ პირადი ან პროფესიული გამოცდილება, რათა მომხმარებელი, რომელიც თავის თავს დააკავშირებს თქვენს ისტორიებთან, გახდეს თქვენი მიმდევარი.
იმისთვის, რომ მოთხრობილი ისტორია რელევანტური იყოს ამ სოციალური ქსელისთვის, ეცადეთ, ისაუბროთ მნიშვნელოვან მომენტებზე თქვენი კარიერიდან. შექმენით დამაჯერებელი ნარატივები ამ გამოცდილების გარშემო, ხაზგასმით აღნიშნეთ მიღებული გაკვეთილები და მიღწეული ზრდა.
ვიზუალური კონტენტი
ციფრული მედიის ეპოქაში ვიზუალური კონტენტი მძლავრი ინსტრუმენტია ყურადღების მიპყრობისა და ინფორმაციის ეფექტურად გადასაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური შინაარსი, როგორც წესი, არის სხვა ტიპის კონტენტის დამატებითი დეტალი, ის შეიძლება ცალკეც იყოს გამოყენებული მთელ პოსტად. პოპულარული ვიზუალური შინაარსი მოიცავს ინფოგრაფიკასა და კარუსელს.
ინფოგრაფიკას შეუძლია, საშუალო პოსტი გადააქციოს თვალწარმტაც კონტენტად. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები, რომლებიც დიდ ყურადღებას იპყრობს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის LinkedIn–ზე.
თანმიმდევრული პოსტვა
თანმიმდევრულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია LinkedIn-ზე ხილვადობისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად. თქვენს ზოგად კონტენტსტრატეგიასთან ერთად, შექმენით კალენდარი, რომელიც დეტალურად ასახავს რას და როდის გამოაქვეყნებთ. ეს სხვა გუნდებთან თანამშრომლობის დროსაც დაგეხმარებათ.
აქვე გაითვალისწინეთ – მხოლოდ იმის გამო არ დადოთ პოსტი, რომ რაღაც უნდა გამოაქვეყნოთ და აქტიური იყოთ, მიზნად დაისახეთ ხარისხიანი კონტენტი და არა რაოდენობა. დარწმუნდით, რომ ყოველი პოსტი თქვენს აუდიტორიას გარკვეულ სარგებელს აძლევს.
რეკომენდაციები, რომლებიც ამ სტატიაში განვიხილეთ, სხვადასხვა კონტენტ და ციფრული მარკეტერის დაკვირვებებზეა დაყრდნობილი. მიჰყევით მათ და ეს იქნება თქვენი წარმატების გასაღები LinkedIn-ის სპეციფიკურ გარემოში.