LinkedIn-მა გადაწყვიტა, სრულიად განსხვავებული მიდგომა აერჩია და ტრადიციული სერიოზულობა იუმორით ჩაენაცვლებინა. დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ყურადღების მისაპყრობად, ქსელმა ახალი კამპანია ჩაუშვა, რომელიც მისი პროდუქტებისა და ბრენდის შესახებ ერთიან, სახალისო ისტორიას გვიყვება. სააგენტო McCann NY-სთან თანამშრომლობით შექმნილი კამპანია, სახელწოდებით „პროფესიული ქსელი, რომელიც შენთვის მუშაობს“ (The Network That Works For You), ორ მთავარ მიმართულებაზე – კარიერულ ზრდასა და მცირე ბიზნესის მფლობელებზე ფოკუსირდება. სარეკლამო რგოლების სერია სამუშაო გარემოს კომიკურ სიტუაციებს აერთიანებს და მათ LinkedIn-ის შესაბამის პროდუქტებს უკავშირებს.
კამპანიის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი განვითარდა. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ვხედავთ მცირე ბიზნესის მფლობელს, რომელიც კომპანიას მობილურიდან, LinkedIn-ით მართავს, სანამ მისი თანამშრომლები შესვენებაზე რობოტ მტვერსასრუტს ეთამაშებიან. მეორე რგოლში თანამშრომელი LinkedIn Premium-ის დახმარებით ახალ სამსახურს ეძებს, რადგან მისმა კოლეგამ ოფისში კატა მოიყვანა და პერანგში ჰყავს დამალული. მესამე სცენა კი საავადმყოფოს ხალათთან დაკავშირებულ მარადიულ დილემას ასახავს – წინიდან იკვრება თუ უკნიდან? კომპანიის ბრენდინგის ხელმძღვანელის, ჰიზერ ჰოპკინს ფრილანდის აზრით, ეს ხუმრობა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი გაგება სამედიცინო სფეროს მიღმაც მარტივია.
როგორც პლატფორმის წარმომადგენლები განმარტავენ, ამ კამპანიის მიზანი ბაზარზე განსხვავებული კუთხით პოზიციონირება იყო. თუ წარსულში LinkedIn ხშირად მეტად ამაღლებული და ოდნავ პათეტიკური კონცეფციებით გვევლინებოდა, ახლა მათ სურდათ, ყოველდღიური სამუშაო რუტინის რეალობასთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. კამპანია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მრავალფეროვანი არხებით გავრცელდება, მათ შორის ტელევიზიით, ონლაინ ვიდეოებით, სოციალური მედიით, გარე რეკლამებითა და აუდიო ფორმატით.
იუმორი, როგორც დამაკავშირებელი ხიდი
წინა კამპანიებში მკაცრი პროფესიული ტონის შემდეგ, პლატფორმამ გადაწყვიტა, ცვალებად დროს მორგებოდა. კომპანიის ხედვით, იუმორი ადამიანებთან ავთენტური კავშირის დამყარების საუკეთესო გზაა და კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია LinkedIn-ს მათი ცხოვრების ოდნავ გამარტივება. ბრენდის მთავარი ღირებულებები ხომ ოპტიმიზმი და პოზიტივია, იუმორი კი იქცა ერთგვარ გზავნილად: „ჩვენი გვესმის თქვენი და გვაქვს პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ“.
იდეების გენერირების პროცესში გუნდმა უამრავი პირადი სახალისო ისტორია განიხილა, თუმცა საბოლოოდ ისეთი უნივერსალური მომენტები შეარჩიეს, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გააცინებდა. ხუმრობების შესამოწმებლად შიდა ტესტირებებიც კი ჩაატარეს და ის სცენარები, რომლებიც მსუბუქ ღიმილს ან გულწრფელ სიცილს არ იწვევდა, სარეკლამო რგოლებიდან უბრალოდ ამოიღეს.
სტრატეგიული ხედვა და აუდიტორიის აღქმა
ერთიანი კომიკური ტონი კიდევ ერთ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება – დაფაროს პლატფორმის მომხმარებელთა სრული სპექტრი. LinkedIn-ის წევრი შეიძლება ერთდროულად იყოს Premium გამომწერიც, მენეჯერიც და რეკლამის შემსყიდველიც. ამიტომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, აუდიტორია დანაწევრების ნაცვლად, ერთ მთლიანობად აღექვა, რადგან ერთიანი კომუნიკაციის სტილი თითოეულ ინტერაქციას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.
იმ ფონზე, როცა სოციალური ქსელები ხშირად ეხვევიან სკანდალებში, LinkedIn-ს სურდა საკუთარი უპირატესობებისთვის გაესვა ხაზი. რადგან ეს სივრცე კარიერულ ზრდასა და პროფესიულ კავშირებზეა ორიენტირებული, მომხმარებლებს ბუნებრივად აქვთ სტიმული, იყვნენ ავთენტურები და საქმიანები.
წყარო: Adweek












