სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე გააანალიზებთ, რომ თქვენი თავის ღირსეულად წარმოჩენა, რეალური კავშირების დამყარება და იმგვარი ავთენტური გზების ძიება გჭირდებათ, რომლებიც გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ. ამისთვის კი საუკეთესო პლატფორმა ლინკდინია. სწორედ ამიტომ, მოგიყვებით, როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი პროფილი საუკეთესო შეთავაზებების მისაღებად:
გააკეთეთ თქვენი პროფილის აუდიტი
სინამდვილეში ლინკდინი თქვენი ციფრული რეზიუმე კი არა, პერსონალური ბრენდის სათაო ოფისია, რომლითაც დამსაქმებელზე პირველ შთაბეჭდილებას ახდენთ. შესაძლოა, კონტენტკრეატორობა თქვენს მიზნებში არ შედიოდეს, მაგრამ ძლიერი პროფილით სანდოობის მოპოვება და მრავალი შესაძლებლობის პოვნაა შესაძლებელი. ამიტომაც, თქვენს პროფილს რეკრუტერის თვალით გადახედეთ. დააკვირდით, რამდენად მკაფიოდ ჩანს თქვენი საქმიანობა და უპირატესობები, უბრალოდ ყოფილი დამსაქმებელი კომპანიების სია იკითხება თუ ამბებიც მათ მიღმა…
სათაური — ამას ბოლო პოზიციის სახელის აღნიშვნის გარდა, ყველაზე მთავარი რამ აკისრია. სწორედ სათაურით შეგიძლიათ სხვების ყურადღების მიპყრობა, ამიტომაც იმას გაუსვით ხაზი, რაც საუკეთესოდ გამოგდით და რითაც გინდათ, რომ ცნობილი იყოთ. მაგალითად: „ფინანსური სერვისების ლიდერი, რომელიც მონაცემებს დოლარებად აქცევს“.
მთავარი ფოტო — აქ უკვე შეგიძლიათ თქვენი მიღწევები, ჯილდოები, აღიარებები და ბრენდები ჩასვათ, რომელთანაც წარსულში გითანამშრომლიათ. ბევრის თქმის შესაძლებლობას გთავაზობთ, მით უმეტეს, რომ პროფილის ზედა ნაწილშია მოთავსებული და დიდ ყურადღებას იპყრობს.
ჩემ შესახებ — ეს სივრცე თქვენი ამბის მოსაყოლადაა შექმნილი, რათა აჩვენოთ, ვინ ხართ რეალურად, თქვენი რეზიუმეს მიღმა. რაღაც სია კი არ უნდა ჩამოწეროთ, არამედ მიმზიდველი ნარატივი ჩამოაყალიბოთ, რომელიც აუდიტორიასთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ, მათ შორის, რა გაძლევთ მოტივაციას, რისი გაკეთება გსიამოვნებთ, როგორი იყო კონკრეტულ ეტაპამზე მოგზაურობა, რა არის თქვენი უნიკალური თვისება, რა პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ და რა გხდით განსხვავებულს. ასე ნდობასაც მოიპოვებთ და სხვა ადამიანებს ინტერესსაც გაუჩენთ.
Featured — აქ თქვენი ნამუშევრები, მედია დაფარვები, დიდი გამარჯვებები და მსგავსი ამბები ახსენეთ. თუ ჯერ არცერთი გაქვთ, პერსონალური ვებგვერდის ლინკი დაამატეთ, რეზიუმეს ან პოსტის, რომელიც თქვენს გამოცდილებაზე საუბრობს. ნებისმიერი რამ, რაც თქვენს About me სექციას გააუმჯობესებს.
გამოცდილება — გაზომვად შედეგებსა და მთავარ პროექტებს გაუსვით ხაზი, აჩვენეთ, როგორ განახორციელეთ ცვლილება. პირდაპირ მოუყევით მკითხველს, რა გააკეთეთ და რა შედეგებს მიაღწიეთ, გამოიყენეთ მონაცემები, საზომები და კონკრეტული მაგალითები თქვენი გავლენის საჩვენებლად.
საკუთარი თავის წარმოჩენა პლატფორმაზე
ეს კი უკვე პატარა ნაბიჯებით შეგიძლიათ, დაიწყოთ:
- გააზიარეთ გაკვეთილი, რომელიც ბოლო დროს მიიღეთ.
- ისაუბრეთ გამოწვევაზე, რომელიც დაძლიეთ.
- შესთავაზეთ ინსაითები თქვენი გამოცდილებიდან.
რაც უფრო ხშირად დაპოსტავთ, მით უფრო გაიზრდება თქვენი შემჩნევის ალბათობა, ეს კი პირდაპირ მეტ შესაძლებლობად შეგვიძლია, ვთარგმნოთ. თუმცა თუ პოსტების მოყვარული დიდად არ ხართ, შეგიძლიათ, სხვისი კონტენტი გადააზიაროთ ხშირად, ოღონდ აქაც, კარგი იქნება, თუ რამდენიმე სიტყვით თქვენს აზრს დაურთავთ.
კომენტარებიც მნიშვნელოვანია. ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და შთაბეჭდილების მოხდენაში გვეხმარება, ასე სხვებისთვისაც დასამახსოვრებელი ვხდებით. ამიტომაც, მიზნად ღირებული კომენტარების დატოვება დაისახეთ და ამ გზით სხვებსაც დაუჭირეთ მხარი.
სამსახურიდან გათავისუფლება კი დასასრულს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ, შესაძლოა, აუცილებელიც იყოს თქვენთვის საკუთარ თავსა და განვითარებაზე ორიენტირებისთვის. ამგვარად, ლინკდინს გადახედეთ და გათავისუფლება რაღაც დიდის საწყისად აქციეთ!













