in

LinkedIn – პლატფორმა, რომელმაც ყველანაირ კონკურენციას გაუძლო და თავისი ნიშა იპოვა

LinkedIn-მა თავის დროზე ის ადამიანები გაგვაერთიანა, რომლებსაც ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა და საქმიანი, აკადემიური კონტენტი გვაინტერესებდა. ეს გახდა პლატფორმა, რომელიც დასაქმების, კარგი კადრების მოძიებისა და საქმიანი პარტნიორების გაცნობის შესანიშნავ საშუალებად იქცა. ის ჩვენთვის ერთგვარი რეზიუმეა, რადგან ჩვენი ლინკდინ პროფილის სტრუქტურა საშუალებას აძლევს პოტენციურ დამსაქმებლებს, შეიტყონ ჩვენ შესახებ. იმის მიუხედავად, რომ მას კონკურენციას დღემდე უწევენ სხვა დიდი სოციალური ქსელები, LinkedIn-ს თავი დამკვიდრებული აქვს და ჯერჯერობით ჩამოქვეითებას არ აპირებს.

istoriebi
istoriebi

თუ გაინტერესებთ, როგორ გახდა LinkedIn წარმატებული და როგორ გაუძლო მკაცრ კონკურენციას, გამოგვყევით – ბიზნესისტორიების რუბრიკაში, სადაც მისი წარმატების ისტორიას მოგიყვებით.

რეიდ ჰოფმანის ოცნება

რეიდ ჰოფმანი LinkedIn-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელია. მისი თავდაპირველი ოცნება აკადემიკოსობა იყო. სურდა დაეწერა ესეები და წიგნები იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან Apple Computer-ში დაიწყო მუშაობა Apple-ის America Online ვერსიაზე. მოგვიანებით მან გამოცდილება მიიღო PayPal-ისა და eBay-ის გუნდებთან თანამშრომლობაშიც.

ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობამ მას ახალი სოციალური ქსელის დაარსების იდეა გაუჩინა. მას სურდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც პროფესიულ სამყაროში კავშირების დამყარების საშუალებას მოგვცემდა. პირველადი საიტი 2002 წელს, ჰოფმანის მისაღებ ოთახში შეიქმნა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის 2003 წელს გახდა ცნობილი.

პირველი სირთულეები და მათთან გამკლავება

თავდაპირველად  LinkedIn-მა დიდი პოპულარულობა ვერ მოიპოვა. სოციალური ქსელი ასოცირდებოდა გაცნობისა და გასართობ საიტებთან, ამიტომ საზოგადოებამ LinkedIn-ის მორიგ ასეთ პლატფორმად მიიჩნია. 

თუმცა შემქმნელები არ დაბნეულან. მათ 2004 წელს LinkedIn გამოაცხადეს, როგორც სივრცე B2B პარტნიორობებისთვის. საიტს დაემატა ფუნქციები, რომლებიც მცირე ბიზნესს წაადგებოდა, მაგალითად, შესაბამისი ჯგუფები, პარტნიორობა American Express-თან და სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა ასეულებიდან ათასობით ადამიანამდე გაიზარდა. 

დაახლოებით ერთ წელში კი, 2005 წელს, პლატფორმამ პირველი შემოსავლის მიღება დაიწყო. ასევე ამ დროისთვის მისმა მომხმარებლებმა 1 მილიონს გადააჭარბეს. ეს შედეგები ორ წელიწადში რეკორდულად გაუმჯობესდა, კომპანიამ გააფართოვა ბიზნესი, დაემატა 15 მილიონზე მეტი წევრი და მოიზიდა მილიონობით დოლარი.

მას შემდეგ LinkedIn შეუცვლელ სივრცედ მიიჩნევა საქმიანი პროფილების შესაქმნელად და კომუნიკაციის დასამყარებლად, სიახლეების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის. ამ წლების განმავლობაში მას მხოლოდ ტექნიკურად საინტერესო ფუნქციები დაემატა, ხოლო კონცეფცია უცვლელი დარჩა. ის მკაცრად აკოტროლებს კონტენტს, რომელიც ზიარდება მომხმარებლების მხრიდან და დაცულია პლატფორმის ეტიკეტი. მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ზრდის თავდაპირველი ნელი ტემპისა, იდეის ავტორს სჯეროდა, რომ მსგავსი შინაარსის სოციალური ქსელი აუცილებლად იპოვიდა თავის ადგილს მსოფლიოში და ამ რწმენამ გაამართლა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

NASA-ს სიმულაციის დროს კაცობრიობის ასტეროიდისგან გადარჩენა ვერ შეძლეს!

პადინგტონი Barbour-ის საშობაო რეკლამაში გამოჩნდა