in

LinkedIn პლატფორმაზე თამაშების დამატებას გეგმავს

LinkedIn უკვე პოზიციონირებს, როგორც საუკეთესო სოციალური ქსელი პროფესიული კავშირებისა და დასაქმებისთვის. ამასობაში, ერთ მილიარდ მომხმარებელზე მეტიც ჰყავს და ამჯერად იმისათვის, რომ მომხმარებლებმა პლატფორმაზე უფრო მეტი დრო გაატარონ, კომპანია სრულიად ახალ სივრცეში აბიჯებს. ეს არც მეტი და არც ნაკლები, მაგრამ, ალბათ, თქვენთვისაც მოულოდნელი, გეიმინგია. 

უფრო მეტად ისეთ თავსატეხებს შესთავაზებენ მომხმარებლებს, რომლებიც მარტივ თამაშებს, როგორიც მაგალითად Wordle-ია, დაეხმარა, ვირუსული გამხდარიყო და მილიონობით მოთამაშეც დაეინტერესებინა. სამი ადრეული მცდელობა Queens-ის, Inference-ისა და Crossclimb-ის თამაშებს მოიცავს, თუმცა მათი ჩაშვების თარიღი ჯერ უცნობია. 

ჩვენ ფაზლებზე დაფუძნებული თამაშების დამატებას ვგეგმავთ ლინკდინის გამოცდილებაში, რათა მეტად სახალისო გავხადოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები. ვიმედოვნებთ, რომ ასე საუბრების შესაძლებლობებსაც გავაჩენთ, — აცხადებს LinkedIn-ის სპიკერი. 

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლინკდინი Microsoft-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი სათამაშო ბიზნესის მფლობელია, იქნება ეს Xbox, Activision Blizzard თუ ZeniMax. თუმცა ლინკდინის გეიმინგის ჩანართში უშუალოდ მაიკროსოფტის ჩართულობაზე ჯერ დეტალურად არ საუბრობენ. 

ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშები მობილურ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებში ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია, როგორც შემოსავლების, ისე ჩართულობის კუთხით. თავად ფაზლებზე დაფუძნებული თამაშები კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სივრცეს წარმოადგენს. ამიტომ, იმ პლატფორმებზეც იჩინა თავი, რომლებიც თავდაპირველად გეიმინგისთვის არ იყო გამიზნული…

წლების მანძილზე LinkedIn-მაც არაერთი ფუნქცია დანერგა, რათა მომხმარებელთა ჩართულობა გაეზარდა პლატფორმაზე, ამიტომ მათი სტრატეგიული კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს: როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაზე პოპულარული ხელსაწყოები და გავხადოთ იგი რელევანტური ლინკდინის აუდიტორიისთვის ისე, რომ სამსახურებრივ მხარეზეც ვფოკუსირდეთ?. როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვაზე პასუხი ახლა გეიმინგია, ხოლო ის, თუ რამდენად დაეხმარება ლინკდინს თამაშები, ამას მხოლოდ ფუნქციის ჩაშვების შემდეგ გავიგებთ.

 

კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

Dyson-მა ახალი, „ჭკვიანი“ თმის საშრობი გამოუშვა