in

როგორ უნდა იპოვოთ სამსახური LinkedIn-ზე თქვენი უნარებით?

დღეს დამსაქმებლებს უფრო მეტად თუ არა, თანაბრად მაინც, კანდიდატების უნარები აინტერესებთ — ნაცვლად იმისა, სად მუშაობდნენ ან სწავლობდნენ ისინი. გამოდის, თუ სამსახურს ეძებთ, მნიშვნელოვანია, თქვენი უნარები LinkedIn-ზე გააზიაროთ, ანუ იქ, სადაც ყოველ წუთში 4500 ვაკანსია იდება. 

რეკრუტერების 50% დღეს ადამიანებს სწორედ არსებული უნარების მიხედვით ასაქმებს. ამიტომ, თუ სამსახურს ეძებთ ან ღია ხართ შეთავაზებებისთვის, ლინკდინზე თქვენს უნარებს უნდა გაუსვათ ხაზი. თანაც, პლატფორმა ამაში კონკრეტული ხელსაწყოებით გეხმარებათ, მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უფასოა. აი, როგორ უნდა მოიქცეთ:

დაადგინეთ თქვენი უნარების ძირითადი კომპეტენციები

დაიწყეთ მთავარი უნარების დადგენა იმ სამსახურების ძიებით, რომლებიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. შეთავაზებების ჩამონათვალის ზემოთ დააკლიკეთ Skills-ზე, რათა ახალ, უფასო Skills Match-ის ფუნქციაზე გადახვიდეთ — იგი კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებულ ტოპ უნარებს გაჩვენებთ და მსგავსად, თქვენც უკეთ მიხვდებით, რა სურთ დამსაქმებლებს. შემდგომ კი, თუ კონკრეტული უნარების დამატებას გადაწყვეტთ, დააკლიკეთ Add-ის ღილაკს. თუმცა როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია…

განაახლეთ თქვენი უნარები

კონკრეტულ პროფესიებში მოთხოვნები ხშირად იცვლება ხოლმე, ამიტომ ლინკდინი Future of Skills-ის ხელსაწყოს გთავაზობთ — მოიცავს 34 ქვეყანას, 20 ინდუსტრიას და ასობით ვაკანსიას. მისი მონაცემები 2015 წლიდან 2022-მდე ჩატარებულ დაკვირვებებს ეფუძნება, მაგალითად, ასე ნახავთ, კონკრეტულ ქვეყანაში ბოლო 7 წლის მანძილზე რომელი უნარი იყო პირველ ადგილზე მარკეტინგში. მეტიც, გაიგებთ, რომელი უნარების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოთ, რათა მომავალში კონკურენტუნარიანი დარჩეთ. 

CAREER EXPLORER-ის დახმარებით განიხილეთ ახალი ვარიანტები

თუ მოგბეზრდათ ის სფერო, რომელშიც ახლა მუშაობთ, ლინკდინის CAREER EXPLORER-ის დახმარებით შეძლებთ, თქვენი უნარებით სხვა ინდუსტრიაში გადაინაცვლოთ. 

ვარიანტების განხილვისას AI დაიხმარეთ

თუ ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხავთ, რომელი კარიერული გზებია თქვენთვის ხელმისაწვდომი, შესაძლოა, მან ბევრი ვარიანტი შემოგთავაზოთ. ისეთებიც კი, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ… თუმცა რა ვარიანტზეც უნდა შეჯერდეთ, დარწმუნდით, რომ ლინკდინის ტერმინოლოგიას იყენებთ.

განივითარეთ უნარები LinkedIn-ისა და სხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით

LinkedIn Learning საჭირო უნარების შესაძენად უამრავ კურსს გთავაზობთ. მათი გავლა უფრო მეტ რამეს მოგცემთ, ვიდრე უბრალოდ პროფილზე საკვანძო სიტყვების განთავსებაა. თანაც, საკმაოდ კარგ პირობებს გვთავაზობენ — ზოგიერთი პირველი თვე უფასოც კია, ხოლო შემდგომ, 20 დოლარის გადახდა მოგიწევთ. თუ LinkedIn Premium Career-ის წევრი ხართ, მაშინ 30$-ის.

ზოგჯერ სულ უფასო კურსებსაც გვთავაზობენ, რაც ამ ბმულზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ბუნებრივია, პლატფორმაზე ლინკდინის სასწავლო კურსების გარდა, სხვებსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ, მთავარია, ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი გქონდეთ…

გაამდიდრეთ თქვენი რეზიუმე

თქვენს პროფილზე წარმოდგენილი თითოეული უნარი ერთი დაკლიკებით იმ პოზიციებს შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რომლებიც მათ მოიცავს. ეს თქვენი უნარების განახლებაში დაგეხმარებათ და შეგიძლიათ მსგავსი ფორმულირებები იმ რეზიუმეებშიც გამოიყენოთ, რომლებსაც დამსაქმებლებს უგზავნით. ამასთან, კარგი იქნება, თუ თქვენს კონტაქტებს სთხოვთ, სანდოობის გასაზრდელად, ეს უნარები დაგიდასტურონ. 



სააღდგომო ბაზრობა და სახალისო აქტივობები ბაზარი ორბელიანზე

BTU AI LAB – ხელოვნური ინტელექტი კრეატიულ ინდუსტრიებში