in

“უარი ვთქვით უცხოურ ანალოგებზე და გადავწყვიტეთ HCM პლატფორმა ნულიდან შეგვექმნა” – Linton Group

Startauperi
Startauperi

“როდესაც შენ გარშემო მსგავს სიტუაციებს წლების განმავლობაში აწყდები, და გრძნობ, რომ ხელთგეწიფება სწორი ცვლილებები გამოიწვიო, ვფიქრობ, აუცილებელია ნაბიჯის გადადგმა.”

უჩა ოთინაშვილი

პასუხისმგებლიანი კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტალანტების მოძიების პროცესს. თუმცა, შერჩევის მექანიზმი საკმაოდ რთულია – ვაკანსიის გამოცხადებისთანავე, ელექტრონული ფოსტა შემოსული რეზიუმეებით იტვირთება. აპლიკაციების შეფასება, დახარისხება და ერთიან ბაზაში მოქცევა კი, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. დღეს, გიამბობთ ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ადამიანური კაპიტალის მართვის კუთხით, ყოველი კომპანიისთვის ინდივიდუალურად მოეძებნათ ტექნოლოგიური გადაწყვეტა და პროგრამულ უზრუნველყოფაში მოექციათ.

ამ საქმეს ორი საკვანძო სფეროს სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში. უჩა ოთინაშვილი პროგრამისტია, მისი 13-წლიანი გამოცდილება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, ნანი კობახიძეს კი, ადამიანური კაპიტალის მართვასა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვს ნამუშევარი. დიდი ხნის მეგობრობამ და დაგროვილმა გამოცდილებამ, პროგრამისტსა და HR სპეციალისტს ძალების გაერთიანება გადააწყვეტინა. ასე გაერთიანდა იდეის გარშემო პროგრამისტი და HR სპეციალისტი. საკუთარი შესაძლებლობების კომბინაციით, Linton Group შექმნეს და დაახლოებით, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ბაზარზე, ორიოდე თვის წინ, პანდემიის დროს გამოჩნდნენ.

M: რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ სერვისის შექმნა ქართულ ბაზარზე?

მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებში, რაც, თავის მხრივ, დაუზოგავს დანახარჯებს და გაზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსა და მის მეგობარ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სრულყოფილი, კომპლექსური და ხელმისაწვდომი HCM (Human Capital Management) სისტემები და სტანდარტები, ორგანიზაციებს უხდებათ უარი თქვან მოდერნიზაციაზე და პროცესების ავტომატიზაციაზე, რაც თავის მხრივ, იწვევს მეტ ფინანსურ და დროით დანახარჯს.


საზღვარგარეთ წარმოებული პროგრამები გათვლილია ზოგად მიდგომებზე და ვერ უზრუნველყოფენ ყველა იმ პროცესის მართვას, რაც სპეციფიკურად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის პირობებში. ხოლო, საქართველოში შექმნილი არსებული პროდუქტები ძირითადად დაფუძნებულია უცხოური კომპანიების მიერ შემუშავებულ პროდუქტებზე დაყრდნობით და პასუხობენ მხოლოდ მწირი ადმინისტრაციული პროცესების გამოწვევებს და გათვლილია მსხვილ ორგანიზაციებზე, რომლებიც მზად არიან გაიღონ დიდი დანახარჯი დანერგვაში და შემდგომი სერვისების მიღებაში, რაც საბოლოო ჯამში ვერ მისცემს მათ დროის და ფინანსური ხარჯების სწორ ბალანსს.

M: რა არის სტარტაპის მთავარი ჩანაფიქრი?

Linton Group – ის მიზანია შევქმნათ და ორგანიზაციებს მივაწოდოთ მაღალი კლასის თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის მართვის ერთიანი პლატფორმა.

პლატფორმა რეალურ შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს უფრო ეფექტური გახადონ შიდა ორგანიზაციული ბიზნეს პროცესების მართვა, მყისიერად მიიღონ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, აკონტროლონ შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები, გააუმჯობესონ შიდა კომუნიკაციის პროცესი და აქციონ ის სტრატეგიულ პრიორიტეტად, გამოიყენონ მრავალი არხი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გასაზიარებლად, მოქნილად და ეფექტურად მართონ თანამშრომელთა შერჩევის პროცესი და შესაბამისი ეტაპები, დაამყარონ კანდიდატებთან უკუკავშირი, აწარმოონ შიდა ორგანიზაციული კვლევები და გამოკითხვები, შეაფასონ, გაზომონ პროდუქტიულობა და წაახალისონ თანამშრომლები, ეფექტურად წარმართონ თანამშრომელთა განვითარების და ტრენინგების პოლიტიკა.

პლატფორმის მიზანი არ არის მხოლოდ HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი მოტანაც პროდუქტს შეუძლია მათთვის. თუნდაც გუნდურად მუშაობა, პროდუქტიულობის ამაღლება, სამოტივაციო აქტივობები, რიგითი თანამშრომლის საკომუნიკაციო წვდომა მენეჯმენტთან და მისი მოსაზრებების გამოხატვის თავისუფლება და დაფასება.

M: თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევები აქვთ კომპანიებს თანამშრომლის მოძიებისას და თქვენ, კონკრეტულად, როგორ შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება?

დასაქმების თვალსაზრისით, დღეის მდგომარეობით არსებული რესურსები არ არის იმდენად მოქნილი, რომ სამსახურის მაძიებელმა მარტივად შეძლოს თავისი რესურსების წარმოჩენა პოტენციურ დამსაქმებელთან. მას შეიძლება ჰქონდეს ისეთი უნარები, რისი წარმოჩენაც არ იქნება მარტივი და ეფექტური, მხოლოდ რეზიუმეს სახით რომ გაააცნოს დამსაქმებელს. ამასთანავე, არის მიმართულებები, სადაც კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია კვალიფიციური კადრის მოძიება, მაგალითად, პროგრამისტი.

აქედან გამომდინარე, პლატფორმის Front მოდულით სარგებლობას შეძლებენ სამსახურის მაძიებლებიც. პლატფორმას ექნება საკუთარი კანდიდატთა ბაზა, რომელიც გამორჩეული იქნება სხვა არსებული ანალოგებისგან იმით, რომ კანდიდატები (იგივე სამსახურის მაძიებლები) შეძლებენ ავტომატურად დააგენერირონ პროფესონალური რეზიუმე, მიიღონ Online რჩევები დარგის სპეციალისტებისგან თუ როგორ უნდა შესთავაზონ საკუთარი რესურსი პოტენციურ დამსაქმებლებს, საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ჩაერთვებიან მათთვის საინტერესო თემების განხილვაში პროფესიონალებთან ერთად. სამუშაო გამოცდილების არმქონე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტობის პერიოდში შექმნილი თავიანთი ნაშრომები გააცნონ პოტენციურ დამსაქმებლებს, რაც ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას.

ყალიბდება პროფესიული კლუბი (პროფესიული გაერთიანების ერთგვარი თანამედროვე ვარიანტი Online-ში), სადაც  პლატფორმაზე არსებული სხვადასხვა სახის ტესტებისა და დავალებების გავლის საფუძველზე (ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტირების მოდული, რომელიც გაანალიზებს პიროვნების ქცევას ტესტის გავლის პროცესში) კანდიდატები შეძლებენ კლუბში გაწევრიანებას შესაბამისი რანგით და სტატუსით. კლუბი ხელს შეუწყობს წევრებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებსა და დამსაქმებლებს შორის სწორ კომუნიკაციას და ხაზს გაუსვამს მათ პროფესიონალიზმს და იმიჯს.

M: ალგორითმიზაციის თავისებურებებზე მოგვიყევით, რა საკვანძო დეტალების გათვალისწინება მოგიხდათ, რათა საქმის სპეციფიკა ეფექტიანად მოგექციათ პროგრამულ უზრუნველყოფაში?

არსებობს მინიმალური სტანდარტები კომპანიისა თუ ადამიანური კაპიტალის მართვაში. თუმცა, ყველა კომპანიას მეტ-ნაკლებად განსხვავებული მიდგომები ახასიათებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი პლატფორმის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა ნებისმიერი ტიპის კომპანიის პროცესებს და ასევე შესაძლებლობა იქნებოდა მინიმალური რესურსების ხარჯზე ცვლილებების შეტანა და მათ ინტერესებზე მორგება. შესაბამისად უარი ვთქვით, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა არსებულ უცხოურ ანალოგებზე და გადავწყვიტეთ რომ ყველაფერი შეგვექმნა ნულიდან. ასევე დარგის სპეციალისტებთან ხშირი კომუნიკაცია დაგვეხმარა სფეროში არსებული პრობლემების პოვნაში და მათი გადაწყვეტის გზების პოვნაში.

M: როგორ კომპანიებს შეუძლიათ თქვენთან თანამშრომლობა?

ჩვენი სერვისებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი სიდიდის მქონე კომპანიას. პლატფორმა მოიცავს რამოდენიმე მოდულს, თუმცა ამ მომენტისთვის ტალანტების შერჩევის მოდული გვაქვს გააქტიურებული და ეტაპობრივად ემატება სხვა მოდულები. კომპანიას თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე შეუძლია მოითხოვოს წვდომა შესაბამის მოდულებზე. რეალურად, ჩვენ არ ვუწევთ კონკურენციას ისეთ კომპანიებს, რომლებიც ქმნიან და ორგანიზაციებს სთავაზობენ HR პროგრამებს. ამასთანავე, 1 წლის განმავლობაში, ინტენსიურად ვხვდებოდით დარგის სპეციალისტებს და ბაზრის კვლევაამ გვიჩვენა, რომ HR სფეროში ნამდვილად არსებობს მოთხოვნა სხვადასხვა სახის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, თუმცა ვერ ხერხდება მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

M: პანდემიამ როგორ იმოქმედა თქვენს სტარტაპზე – რა გასწავლათ? ასევე, როგორ შეიცვალა მოთხოვნილება ბაზარზე?

პანდემიის დაწყებამდე, ტალანტების შერჩევის მოდული უკვე მზად გვქონდა, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ კომპანიებს ეზრუნათ ახალი თანამშრომლების მოძიებაზე, მათ მოუწიათ თანამშრომლების დათხოვნა სამსახურიდან. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იყო, რადგან სწორედ ამ პერიოდში გვქონდა დაგეგმილი ის, რასაც დღეს ვაკეთებთ. თუმცა პანდემიის დროს გაჩნდა მოთხოვნილება ისეთ რესურსებზე, რაზეც აქამდე კომპანიებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მაგალითისთვის დისტანციურად მუშაობა და თუნდაც თანამშრომლის დისტანციურად დაქირავება უკვე ჩვეულებრივ პროცესად იქცა. ეს შესაძლებლობა კარგია ასევე მათთვის, ვინც რეგიონში ცხოვრებს და სურს თბილისში ან სხვა ქალაქში დაიწყოს მუშაობა და მისთვის სირთულეს წარმოადგენს ერთი გასაუბრებისთვის გზის გავლა. ჩვენი “ტალანტების შერჩევის მოდული” კომპანიებს ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხმარება.

M: რა გამოწვევების წინაშე ხართ, ამ ეტაპზე და როგორ ხედავთ სტარტაპის განვითარებას?

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანია, პლატფორმა შეივსოს ისეთი მოდულებით, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს გადაუჭრის კომპანიებს. ამასთანავე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტ კომპანიას მივცეთ საშუალება ისარგებლონ არსებული მოდულებით. გვაქვს საკმაოდ მოქნილი სისტემა სერვისზე წვდომის მისაღებად.

ვაპირებთ, მაქსიმალურად ავითვისოთ ქართული ბაზარი და სრულად მოვარგოთ პლატფორმა ქართველ მომხმარებლებს. ძალიან გვინდა, რომ ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანოს HR სფერო, რეალურად შევუწყოთ ხელი დასაქმების ზრდას, ჩამოყალიბდეს კომპანიების შიდა პროცესების მართვის მაღალი კულტურა. ვფიქრობთ ამ ყველაფერს ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით ნამდვილად მივაღწევვთ. ამის შემდეგ უკვე თამამად შეგვიძლია, ამაყად წარვუდგინოთ ქართული პროდუქტი საზღვარგარეთ მოღვაწე კომპანიებს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პაატა ღაძაძე – #პირველისამსახური

ბათუმში „დიჯიტალ ტვ“-ის ოფისი გაიხსნა