in

„სიმღერის წერის პროცესი ძალიან ჰგავს კითხვებზე პასუხის გაცემას” – ლიო ჩხეიძე

რილსების სქროლვისას სულ ერთნაირი მუსიკა თქვენც გხვდებათ? ე.წ. ტრენდული სიმღერები, რომლებიც თითქმის ყოველ მეორე ვიდეოს ადევს და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ცოტა მოსაწყენიც გახდა. თუმცა ზოგჯერ რაღაც ისეთიც შეიძლება აღმოაჩინო, მერე ძალიან დიდხანს რომ გაგყვება. იშვიათად, მაგრამ ასეთებიც ხდება.

დაახლოებით ერთი წლის წლის ერთ-ერთი ასეთი რუტინული სქროლვისას და უკვე გაზეპირებული სიმღერების ნაწყვეტებს შორის ქართულმა ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და, სიმართლე ვთქვა, ვიდეოს შინაარსი სულ არ იყო საინტერესო, მაგრამ სიმღერა, რომელიც ფონად გასდევდა, ძალიან მომეწონა. 

შემდეგ, როგორც მელომანებს გვჩვევია, მოვიძიე შემსრულებელი, ავტორი, სხვა ნამუშევრებიც ვნახე და ასე გახდა ჩემთვის ლიო ჩხეიძე ის არტისტი, რომლის ხმის ტემბრიც ყოველთვის ყველასგან განსხვავებულია, იმდენად, რომ ათას სხვა ხმაშიც გაარჩევ, სიმღერები კი ბავშვობის საყვარელ ანიმაციებში მოსმენილ, ზღაპრებში წაკითხულ და სიზმრებში ნანახ სამყაროებს აცოცხლებს.

ლიო ჩხეიძე:

მუსიკაში ჩემს პირველ ნაბიჯებზე ბავშვობა მახსენდება, როცა მქონდა შეხება სიმღერასთან სხვადასხვა ფორმით, თუმცა გაცნობიერებული, წარმატებული და მეტად ემოციურად დატვირთული პერიოდი ჩვენს შემოქმედებით პროექტს, LIOwithILA-ს უკავშირდება, რომელსაც სამი ადამიანი: ილა წულაძე, თამარა ჯაჭვლიანი და მე, ლიო ჩხეიძე, აერთიანებს.

ერთმანეთი გაგვაცნო საერთო მეგობარმა და დრამერმა გიორგი ბახტაძემ, ვისთან ერთადაც შევასრულეთ პირველი კონცერტი ბათუმში. ეს, ასევე, იყო ახალი საავტორო მუსიკალური პროექტი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გავიცანი ბარში, სადაც დიდ დროს ვატარებდი ცოცხალი მუსიკის მოსასმენად.

გადაწყვეტილება სწრაფად და ცოტა არეულად მივიღე. შემოთავაზებისას ჯერ უარი ვთქვი, რადგანაც შემეშინდა – ჩემი ოცნება ზუსტად ჩემ წინ იყო. შემდეგ, როცა მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს გადაწყვეტილებაში, გონებაში მიტრიალებდა მხოლოდ ერთი წინადადება: „ან ახლა, ან არასდროს.“ ჩვენი სიმღერის სახელი გამახსენდა „დღეს თუ არა, აბა როდის.“

M: შემდგომი ნაბიჯები უკვე როგორ გადაიდგა?

როდესაც საბოლოოდ დავთანხმდი შემოთავაზებას, იმწამსვე ილას დავუკავშირდი, გავაცანი ყველა ის ინფორმაცია, რაც მქონდა და თანხმობა მისგანაც მსგავსი სისწრაფით მივიღე.

მას შემდეგ, ერთსაათიანი კონცერტი ერთ თვეში მოვამზადეთ და დავწერეთ, ეს ჩემთვის ნამდვილად იყო დიდი გამოწვევა და სწორედ ეს იყო ჩემი ძვირფასი პირველი ნაბიჯები მუსიკაში. 

M: როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?

ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, სრული ინსპირაციაა: ურთიერთობები, ბუნება, გარემო, პიროვნული განვითარებები, გრძნობები, ემოციები, მომენტები და სხვა.

თვითონ წერის პროცესი თითქოს ძალიან ჰგავს კითხვებზე პასუხების გაცემას. ამ ცხოვრებაში ადამიანებს ბევრი კითხვა გვიგროვდება, ხოლო უპასუხოდ დარჩენაც არავის გვიყვარს. შესაბამისად, სწორი პასუხებიც, ვფიქრობ, ჩვენი თავიდან მოდის.

პირველად ან კონკრეტული კითხვა ჩნდება, ან პასუხი, და ამ ყველაფერთან ერთად მსჯელობა მთავარ როლს თამაშობს. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია წერის დროს ჩემს თავთან მარტო დარჩენა, რადგან ამ დროს ყველა ის ენერგია და აურა თავისით მპოულობს, რაზეც მინდა ეს კითხვები დავსვა, პასუხები ვიპოვო ან უბრალოდ ვიმსჯელო.

M: რა არის თქვენი მთავარი შემოქმედებითი გზავნილი?

ჩვენი მუსიკით გვინდა, სამყაროს გადავცეთ სიყვარული, მადლიერება, გულწრფელობა, პატივისცემა და ყველა ის დადებითი ემოცია თუ გრძნობა, რაც ერთმანეთში სიცოცხლეს ბადებს.

M: თქვენი გადმოსახედიდან, რა არის დღეს საჭირო, რომ საქართველოში მუსიკოსმა ბოლომდე მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზება?

ნამდვილად საჭიროა ფინანსური რესურსები და ტექნიკური ცოდნა: ინსტრუმენტები, აპარატურა, მუსიკალური გამოცდილება და სხვა დანარჩენი — ეს ყველაფერი ერთად აძლევს მუსიკოსს საშუალებას, შეუფერხებლად შექმნას ხარისხიანი და ემოციურად მდიდარი მუსიკა.

M: ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ და როგორი გეგმები გაქვთ?

ძირითადად, სინგლებზე ვმუშაობთ. დაგვიგროვდა ბევრი სიმღერა სხვადასხვა ჟანრში, რომლებსაც ძალიან მალე გავუზიარებთ ჩვენს მსმენელს. გეგმები ნამდვილად მრავალფეროვანი გვაქვს, თუმცა წინასწარ ყველაფერს ვერ გავამხელ.

M: დაბოლოს, ლიო, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

ვინც ამას კითხულობს, ვეტყვი: იმედია, კარგად გრძნობ თავს. სიმღერაზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, გიტოვებთ Coldplay-ს Sparks.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა