13
May
2018

Young Lions 2018 კიდევ 3 კატეგორიის მონაწილეებისთვის მიმდინარეობს! მობილური რეპორტაჟი ტექნოპარკიდან

13 May 2018

12 მაისს, Young Lions 2018 კიდევ სამი კატეგორიის 103 გუნდისთვის, ანუ 206 მონაწილისთვის დაიწყო. დილის 10 საათიდან, თვალს ვადევნებდით მონაწილეთა რეგისტრაციის, ასევე, დიზაინის, პრინტისა და ციფრული კატეგორიების გუნდებისთვის ბრიფის გაცნობის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კანის საერთაშორისო ფესტივალის ქართულმა წარმომადგენლობამ შეცვალა კონკურსის წესები. მონაწილეებს მიეცათ საშუალება საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, დაეტოვებინათ ტექნოპარკის ტერიტორია, ნამუშევრების ჩაბარების დედლაინი კი 24 საათის ნაცვლად, 48 საათად იქცა. უფრო კონკრეტულად, რა დავალებები მიიღეს კონკურსანტებმა და როგორ აფასებენ კანის კრეატიულ ფესტივალზე საქართველოს სახელით ბრძოლის შანსებს – დავიწყოთ:

ტექნოპარკის დარბაზში რიგრიგობით შედიოდნენ სხვადასხვა კატეგორიის მონაწილეები. Digital-ის გუნდებმა მიიღეს ბრიფი, რომლის მიხედვითაც, უნდა შექმნან ციფრული გადაწყვეტა, იმისათვის, რომ მსოფლიოს თვალში, გამოასწორონ გუდაურის იმიჯი, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის ცნობილი შემთხვევის შემდეგ.

აღნიშნული დავალებით კმაყოფილები არიან Digital-ის მონაწილეები, იმავეს თქმა შეგვიძლია Design კატეგორიის კონკურსანტებზე, რასაც ვერ ვიტყვით Print-ის მონაწილეებზე.

საქართველოში სისხლის დონაციის კუთხით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, სწორედ ამას გამოეხმაურა დიზაინის კატეგორიის ბრიფი. მონაწილეები ისეთი ლოგოტიპის შექმნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელიც სისხლის დონაციას წაახალისებს ქვეყანაში და იქნება გარკვეული ჯილდო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვების სიცოცხლისთვის საკუთარ სისხლს გაიღებენ.

რაც შეეხება კატეგორია პრინტის ბრიფს, ეს არის ქართული ფეხბურთის წახალისების მცდელობა. მონაწილეებმა უნდა შექმნან პრინტ ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის პოტენციალს წარმოაჩენს და იქნება სამოტივაციო გზავნილი მშობლებისთვის, სცადონ შვილების განვითარება ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ პრინტ კატეგორიის ბევრი მონაწილე არ არის გატაცებული ფეხბურთით, ამიტომ, მათთვის დავალების შესრულება სირთულეებს უკავშირდება:

დავალებების მიღების შემდეგ, მონაწილეები შესაბამის მაგიდებსა და კომპიუტერებთან მოთავსდნენ. ზოგმა მათგანმა ბრიფის გაცნობა და თანაგუნდელთან ერთად, პირველადი იდეების განხილვა ტექნოპარკის ეზოში, ბუნებაში გადაწყვიტა, ზოგს სიარულისას აქვს კარგი აზრები დაცდილი, ზოგს კი, საკუთარი კომპიუტერის ეკრანი და სრული მობილიზება უქმნის სამუშაო განწყობას.

მათ კარგად იციან, რომ მთავარია შრომა, აზროვნება და თავისუფლება. ვნახოთ, რა კრეატიულ იდეებსა თუ გადაწყვეტებს მივიღებთ კონკურსის შედეგად. მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და ასე გაირკვევა, 164 გუნდიდან რომელი 5 წარადგენს საქართველოს დიდ კანში.

მანამდე კი, ასეთი მდგომარეობაა

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] მოსაპოვებლად, ტექნოპარკის შენობაში გამაგრდნენ. ვნახოთ, სრული 164 გუნდიდან რომელი 5 […]