in

როგორ აფასებენ Lions Live-ის მეორე დღეს ქართველი მარკეტერები

კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, კრეატიულმა ფესტივალმა Cannes Lions, წელს ონლაინ ღონისძიების გამართვა გადაწყვიტა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის, უფასოდ გახდა შესაძლებელი. ამ მიზნით შექმნილმა საგანმანათლებლო პლატფორმამ – Lions Live, 22 ივნისს, ღონისძიებასთან ერთად აიღო სტარტი და 23 ივნისს კი Lions Live-ის მეორე დღეს ვადევნებდით თვალს. Lions Live-ზე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები პასუხობენ კითხვებს, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, განიხილავენ ქეისებს. ქართველი კრეატორები და მარკეტერები კი დროდადრო გვიზიარებენ ღონისძიებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

Lions Live-ის მეორე დღის დასაწყისს გვითხრეს, რომ სარეკლამო ინდუსტრია უკვე „არის ინდუსტრია, რომელიც შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული“. ქვემოთ სამი ქართველი მარკეტერის შეფასებას გთავაზობთ, რომელიც Lions Live-ის მეორე დღიდან მიღებული შთაბეჭდილებების შეჯერებას ისახავს მიზნად.

თათია კარიაული, CMO, TBC INSURANCE

თათია კარიაული

„კანი ჩემთვის ერთგვარი გადატვირთვაა ხოლმე. რაღაცის დავიწყება, რაღაცის გახსენება და თავბრუდამხვევად ბევრი ახალი ინფორმაცია, საინტერესო ადამიანები, საინტერესო ქეისები… კანში ხვდები, საით წავა ინდუსტრია და არამხოლოდ, რა ტენდენციებია, რა შესაძლებლობებია. სულ ვადარებ სად ვართ ჩვენ, სად ძალიან შორს, სად ახლოს…

დღეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო ტიტანიუმის ლომის jury briefing, ეს ლომი, ლომების ლომია და მისი მთავარი კრიტერიუმი უცვლელად არის ისეთი ნამუშევრის აღმოჩენა, რომელიც გვაჩვენებს ინდუსტრია საით უნდა წავიდეს, საით განვითარდეს, აჩელენჯებს არსებულ რეალობას. წელს ტიტანიუმის ლომს არ გამოავლენენ, 2021 წელს 2 წლის შედეგები შეფასდება, თუმცა, ამ კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტს მომავალი წლისთვის ერთი დამატებითი კრიტერიუმი აქვს შემოტანილი, მისი აზრით ასეთ ნამუშევარს თან მნიშვნელოვანი შედეგიც უნდა მოჰქონდეს ბიზნესისთვის. არა მხოლოდ გრძელვადიანი Brand Equity-ს სახით, არამედ შედეგები მოკლე დროშიც, რომ ბიზნესმა მისი პოტენციალი დაინახოს, სხვანაირად ინდუსტრიაში არ იქნება ინვესტიცია. “we got to stop doing our best work on the side budgets” – ეს ფრაზა მომხვდა გულზე.

დღის პირველი ნაწილი დიდწილად ეფექტურობას ეძღვნებოდა, საინტერესო იყო კვლევა კრეატიულობის ხარისხი როგორ ზდის ეფექტურობას ბიზნესისთვის, თუმცა Warc-ის მიმოხილვაში, ბიზნესის მხრიდან, საპირისპირო ტენდენცია ჩანს. ეს სესია კოვიდის დროს ელექტრონული კომერციის განვითარებასა და გამოწვევებს ეხებოდა, ბრენდები, ციფრული რეკლამების და კომერციის ერაში, მოკლევადიანი შედეგებისკენ იხრებიან, გაყიდვაზე ორიენტირებული კომუნიკაციით და ძალიან შემცირებული ბრენდის მარკეტინგით. რამდენიმე რეალური ქეისი კი გვაჩვენებს, რომ ძლიერი ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი უფრო აფასებს ბრენდის პროდუქტს, მზადაა უფრო მეტი გადაიხადოს. ამიტომ, დღეს განსაკუთრებით საინტერესოა, სად არის სწორი ბალანსი მოკლევადიან, გაყიდვებზე ორიენტირებულ და ბრენდ მაკრეტინგს შორის.

დღევანდელი ფესტივალის განრიგიდან ჩემი ორი საყვარელი სააგენტოს სესიის ნახვასაც გირჩევდით, ALMAP BBDO მისთვის ჩვეული ცოტა მაგიური და მარტივი short ფილმით, სადაც პანდემიის პერიოდის თქვენ თავს აუცილებლად აღმოაჩენთ, უბრალოდ კატის ამპლუაში და მაინც ოპტიმისტურადაც შეხედავთ მოვლენებს. ასევე, აუცილებლად სანახავია R/GA, რომელიც, ჩემი აზრით, თვითონ არის იმის მაგალითი საით განვითარდება კრეატიული ინდუსტრია და სააგენტოები, sustainability-ს თემაზე შექმნილი შთამბეჭდავი ქეისით. სხვათა შორის, წლევანდელი speech-ების ფორმატებიც ძალიან საინტერესოა, მოკლე, სხარტი და ეფექტურია“, – ამბობს თათია კარიაული.


ირმა ელბაქიძე

ირმა ელბაქიძე – დეველოპერულ კომპანია იორკ თაუერსის-მარკეტინგის მენეჯერი:
„მინდა პირველ რიგში მადლიერება გამოვხატო ამ შესაძლებლობისთვის, რაც ახლა მოგვეცა, კანის ლომებს ვესწრებით, მართალია ონლაინ, მაგრამ მთავარია ვიზიარებთ არაჩვეულებრივი შემოქმედების გამოცდილებას და კონკრეტულ ქეისებს ვისმენთ, რაც ახალ იდეებს ბადებს და ახალ მიმართულებებს გვანახებს.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის სპიკერები, რომლებიც საუბრობენ ბიზნესის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და კრეატიული გუნდების როლის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთაზე. განსაკუთრებით მომეწონა გამოთქმა „creative leadership”, რაც გულისხმობს იმას, რომ კრეატიულობა მხოლოდ მარკეტერებს და კრეატიული გუნდების აუცილებელი ატრიბუტი აღარაა, დღეს კრეატიულობა მოეთხოვება მთლიანად ორგანიზაციის მენეჯმენტს. საჭიროა ადაპტაცია დღევანდელ ახალ რეალობაში და გამოწვევების სწორი შეფასება. შეიცვალა მოთხოვნილებები და მომხმარებლის ქცევა. მე პირადად, მაინტერესებდა სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შეფასების მოსმენა ამ საკითხებზე, და ძალიან კარგია, რომ ეს შესაძლებლობაც მოგვეცა“.


ანი ელიაშვილი

კიდევ ერთი ახალგაზრდა მარკეტერი – ანი ელიაშვილი ადევნებდა აქტიურად თვალს Lions Live-ის მეორე დღეს. მისი შეფასება კი ასე გამოიყურება:

„ბოლო თვეებია, ყოველდღე გვესმის, რომ ჩვენი, ბრენდების და ბიზნესების ახლანდელი და მომავალი მდგომარეობაც უკვე ახალი ნორმაა. ახალი ნორმისთვის კი ახალებურად ფიქრია საჭირო, ბევრად უფრო სხვანაირი, ვიდრე ოდესმე. და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, არა სადღაც მომავალში, არამედ ახლა, ზუსტად ამ მომენტში. ჩემთვის, დღევანდელი Lions Live-ის ჩართვები ამ მესიჯის გარშემო ტრიალებდა და ყველა ჩართვა გვასწავლიდა, როგორ მოვერგოთ ახალ ნორმებს. ძალიან საინტერესო იყო უკვე გადადგმული ნაბიჯების და ნამუშევრების განხილვა – აქ ხვდები, რომ თურმე რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს „ახალ რეალობაში“ და რაზე უნდა გააკეთო სწორება. ასევე, მინდა გამოვყო რუბრიკა „CMOs in Spotlight”, რომელშიც დღეს Asim Naseer, Beiersdorf-ის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვებოდა, თუ როგორია ხელმძღვანელობდე გუნდს დისტანციურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო პოზიცია ლოქდაუნამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიკავე. გაგვიზიარა, თუ პრობლემებს წააწყდა ბოლო თვეებში, რა აღმოაჩინა და საკმაოდ კარგი რჩევებიც გასცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მარკეტერი, თუკი იგი კომპანიას ახლახან შეუერთდა. და ბოლოს, ჩემთვის დღის მთავარი კითხვა და მასზე პასუხი: როგორ უნდა გადავრჩეთ ახალ რეალობაში? პრეზენტაციების და იდეების გაზიარების დრო წარსულს ჩაბარდა, უნდა გადავეწყოთ პროტოტიპირებაზე, ვიკვლიოთ მნიშვნელოვანი ინსაითები და მათზე დაფუძნებით შევთავაზოთ მომხმარებლებს რეალური პრობლემების რეალური გადაწყვეტა. მხოლოდ ტრენდის აყოლა და მასზე გამოხმაურება, არაა საკმარისი და საჭირო, თუკი ბრენდი არ დგამს ქმედით ნაბიჯებს პრობლემის მართლა მოსაგვარებლად. საჭიროა ჯერ გააზრება და მხოლოდ შემდეგ მოქმედება. თითქოს, ეს ყველაფერი ისედაც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ შეხსენება გვჭირდება, რომ ყოველდღიურობაში დავნერგოთ და ინსტინქტის დონეზე გავითავისოთ. ბალანსი, ზრუნვა, ავთენტურობა და სიმარტივე – ესაა ის ოთხი რამ, რაზეც უნდა იდგეს ყველა გადაწყვეტილება, თუკი გვუსრს ახალ რეალობას მოვერგოთ და გადავრჩეთ“, – ანი ელიაშვილი.

რეგიონებში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ბალანსს“ ახალი ლოგო აქვს!