in

2020 უნდა იყოს სიმართლის ერა! თუნდაც მწარის, ოღონდ სიმართლის! – ნიკა გარსენიშვილის შთაბეჭდილება Lions Live-დან

წელს, კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, კრეატიულმა ფესტივალმა Cannes Lions, ონლაინ ღონისძიების გამართვა გადაწყვიტა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის, უფასოდ გახდა შესაძლებელი. ამ მიზნით შექმნილმა საგანმანათლებლო პლატფორმამ – Lions Live, 22 ივნისს, ღონისძიებასთან ერთად აიღო სტარტი და დღეს Lions Live-ის მეოთხე დღეს ვადევნებთ თვალს. Lions Live-ზე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები პასუხობენ კითხვებს, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, განიხილავენ ქეისებს. ქართველი კრეატორები და მარკეტერები კი დროდადრო გვიზიარებენ ღონისძიებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ამჯერად კი, Advertwise-ის Senior Copywriter ნიკა გარსენიშვილი გვიზიარებს მის შთაბეჭდილებას ღონისძიების ფარგლებში გამართული Dazed Media-ს ანალიტიკური პრეზენტაციის “The Era of Monomass” შესახებ:

როგორც მოსალოდნელი იყო, Cannes lions live-ის მე-4 დღეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ღონისძიება თავიდანვე მსუყედ დაიწყო და ეგრევე Saatchi & Saatchi-ის მიერ ორგანიზებული New Director’s Showcase-ის 30 წლიანი ისტორიის მიმოხილვა გვაჯახეს სახეში. ვნახეთ Juan cabral-ის უკვე ლეგენდად ქცეული გორილა და მის მიერ phil Collins-ის „in the air tonight-ზე” უგემრიელესად შესრულებული დრამის პარტიაც. (Darw In Creativity)

შემდეგ იყო Tony Yecenda-ს და Lil Dicky-ის თითქმის 11 წუთიანი, (10:55) უბრალოდ გენიალური ვიდეო, „საიდანაც შეიტყობთ რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბალიშს, პიცას, ეგზისტენციალურ საუბრებს, ვეგეტარიანელობას, Uber-სა და დინოზავრებს“.

შემდეგ იყო ..

შემდეგ იყო ჩემი საყვარელი Mad Men და Don Draper, ჩვენი ინდუსტრიის გარიჟრაჟის პრომეთე და გენიალური პერსონაჟი, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ვიდეორგოლები და კამპანიები ჩვეული ცინიზმითა და სიზუსტით შეაფასა და წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლები ასეთი დიდებული ფრაზით გაამხნევა: Mad men are still Mad men, Let’s go. (Mad men – “გადარეულები“, ტერმინი, რომლითაც მოიხსენიებდნენ 1950-1960- იანი წლების Madison Avenue-ს „კრეატივშიკებს“)

მაგრამ არა, დღეს ამაზე არ ვისაუბრებ..

პანდემიის პირობებში უამრავ ლექციასა თუ ონლაინ შეხვედრას დავესწარი, მომავლის უამრავი პროგნოზი და ბრძნული ჭვრეტა მოვისმინე, თუმცა, ტექსტები, ძირითადად, ყველგან თანაბრად ბუნდოვანი და ზედაპირული იყო, ზედაპირულობა კი მოგეხსენებათ, არც პროგნოზს უხდება და მით უმეტეს არც სიბრძნეს.

“სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორსაც ვიცნობთ.”
“კომპანიებმა უნდა მოახდინონ რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.”
“ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი დღევანდელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.“
„აუცილებელია, ახალ რეალობასთან ტექნოლოგიური ადაპტაცია.“
„ეს არის შანსი, პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად“, და ასე შემდეგ და ა. შ.

მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსად ისმოდა რეალური რჩევები, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯები.

(სად არიან რჩევები, რჩევები სად არიან?! )

მაგრამ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რაღაც ძალიან ნაღდს, გულწრფელსა და ხელშესახებს გირჩევენ, როცა გრძნობ, რომ „ეგარი“! რომ ის ლომი ხარ, რომელსაც ხეზე ასვლა ასწავლეს – სწორედ ასეთი იყო დღევანდელი Dazed Media-ს ანალიტიკური პრეზენტაცია :

„The Era of Monomass”, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს კრეატიული ინდუსტრიის მომავალსა და მის მდგენელ პარამეტრებს.

რას ნიშნავს The era of monomass? როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ეს არის რეალობა, სადაც ჰიპერინდივიდუალიზმი და მეინსტრიმული ტრენდები ერთად თანაცხოვრობენ. რომ ეს არის უკიდურესად სუბიექტურისა და მასობრივის რაღაცნაირი კოჰაბიტაცია. ამ სიტყვების მოსმენისას, თავიდან ცოტა სეჭვოდ განვეწყვე, ვიფიქრე, ნუთუ ძველი ბერძნებიდან მოყოლებული, როგორც იქნა, ამოიხსნა ერთისა და მრავალის ეს მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა აზრის კონტურები გამკვეთრდა და ამ მესიჯების მოსმენისას: coziness is over, culture is everywhere, everything is for sale, paradox is extinct – ჩემი ირონიაც უკვალოდ გაქრა.

Dazed Studio-ს აზრით “The Era of Monomass” 4 ძირითად ფაქტორზეა დაფუძნებული :

1. Gen z behavior: the death of the tribe

2. Society: rising revolutions

3. Role models: the end of the influencer

4. Media: the power of media creators and curators

მოდი, სათითაოდ გავყვეთ თითოეულ პუნქტს.

Gen z behavior: the death of the tribe – “ტომის“ გარდაცვალება, ჰარდკორ პანქი და იოგა

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ტიპი, რომელიც ჰარდკორ პანკს უკრავს და პარალელურად ყოველ დილით იოგაზე დადის ? დიახ, ეს შესაძლებელია. Dazed studio-ს კრეატიული დირექტორის, Frederick Paginton-ს აზრით, ახალი თაობა მასიურად „იწოვს“ უამრავ განსხვავებულ იდენტობას, რადგან საკუთარი იდენტობის ზედმიწევნით განსაზღვრა მათთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახდა.

ჩვენ უკვე ვნახეთ ციფრულსა და რეალურ სამყაროებს შორის გახლეჩილი იდენტობები, სწორედ ამ უფსკრულის გამო აუცილებელი გახდა, ახალი, კოლექტიური პერსონის (Collective Persona) დაბადება, რადგან ნებისმიერ აუდიტორიას აუცილებლად აქვს კულტურული კვეთა სხვადასხვა ინტერესთან და ელემენტთან და რომ დღეს, უკვე ნებისმიერ ბრენდს შეუძლია, „Beauty” ინდუსტრიის დაკავშირება თუნდაც Fortnite-თან (Video Game) და კომუნიკაციის ნებისმიერი მიქსის გაკეთება. ამის გასააზრებლად კი უმნიშვნელოვანესი არსებული ინფორმაციის სწორი ანალიზია, საკუთარ აუდიტორიაში სწორედ ახალი, ჯერ კიდევ აუთვისებელი სივრცეების აღმოჩენა „ტომის“, სეგმენტირების „სიკვდილსა“ და კოლექტიური პერსონის აუცილებელ დაბადებას გამოიწვევს.

Society : rising revolutions – იპოვე შენი სოციალური დანიშნულება ! დროშები ჩქარა !

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო სამოქალაქო უფლებების მხრივ, მსოფლიოში უდიდესი მოძრაობა დაიწყო. როგორც Dazed Media-ს მმართველი დირექტორი Priya matadeen ამბობს, ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ აღშფოთება ან მექანიკური პასუხი ძალადობაზე, ეს არის ხმის ამაღლება სოციალურ უთანასწორობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურასა და ლიდერებზე, რომლებმაც გვიღალატეს.

Dazed Studio-ს კვლევების თანახმად, Generation Z-ის 87%-ისთვის პოლიტიკა მნიშვნელოვანი საკითხია. მათი ნახევარზე მეტი კი სოციალურ მედიაში საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, ქალთა უფლებები, რასობროვი თანასწორობა და LGBTQ პრობლემები.

ბრენდებმა უნდა გაანალიზონ, სურთ თუ არა პოზიტიური ცვლილებების მოხდენა სამყაროში და გაიაზრონ, როგორი იქნება მათი როლი ამ პროცესში. მათ ყველაფერი „შიგნიდან“ უნდა დაიწყონ და ჰკითხონ საკუთარ თავს : რამდენად მრავალფეროვანი და სამართლიანი გარემოა ჩემს კომპანიაში? (Analyze)

ბრენდები უნდა იყვნენ ინიციატორები, გაარკვიონ რისი გაკეთება შეუძლიათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. (Act) გამოიყენონ „ბრენდის ხმა“, (brand voice) როგორც პლატფორმა სხვათა პრობლემების გასაჟღერებლად, გაიმეტონ ფულადი სახსრები იმ ხალხისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. (Advocate)

Role models : the end of the influencer – ინფლუენსერების ერა სრულდება, „ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს“

The end of the influencer, as we know it – ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო Izzy farmiloe-ს, Dazed Studio-ს კრეატიული სტრატეგის გამოსვლა. as we know it – ქართულად ასე ითარგმნება – „როგორც ასეთი“ და სიმბოლურია, რომ ჩვენს ციფრულ სამყაროში ხანგრძლივი ტრენდულობის შემდეგ ეს სიტყვათშეთანხმებაც დავიწყებას მიეცა.

Dazed Studio-ს აზრით სელებრითებმა და ინფლუენსერებმა პანდემიის პირობებში დაკარგეს ის როლი და მნიშვნელობა, რაც მათ აქამდე ჰქონდათ, რადგან ვირუსმა ჩვენი აზროვნების სტილი ამოაყირავა და ყველაფერი ახლებურად დაგვანახა, დაგვანახა ახალი რეალობა, სადაც სხვანაირი role model-ები გვინდა, სხვანაირი მაგალითის მიმცემი ლიდერები. ამის მიზეზებად კი Izzy-მ შემდეგი ფაქტები მოიხმო :

ა. ინფლუენსერების დიდი ნაწილი არაგულწრფელია, ისინი ორიენტირებულნი არიან ფინანსური სარგებლის მიღებაზე და ღიად “paid for” აქტივობებს ეწევიან;
ბ. მათ გვერდებზე გახშირდა ცივი და ნარცისული კონტენტის დადება;
გ. Tik-tok ის აფეთქებასთან ერთად, ტიკ-ტოკ ინფლუენსერებები ასევე გახდნენ Instagram ინფლუენსერები და მათი ყველა ნიშა „გადაფარეს“.

სწორედ ამიტომაა, რომ Z თაობის უდიდესი ნაწილის აზრით, Instagram-ზე დადებული კონტენტის მხოლოდ 30 % შეესაბამება სინამდვილეს. ეს უნდობლობა კი მუდმივად იზრდება, რადგან ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვინც საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ჩვენი საზოგადოება ელოდება ფუნდამენტურ ცვლილებებს. მეტი გულწრფელობა და შეცდომების აღიარება ამ აუდიტორიის მთავარი დაკვეთა გახდა.

Dazed studio-მ საკუთარ ინფორმაციულ ბაზაზე დაყრდნობით ახალი ლიდერისათვის დამახასიათებელი თვისებების ჩამონათვალიც გაგვიმხილა, ესენია: პატიოსანი, ადექვატური, მიზანდასახული, ნამდვილი, მტკიცე, გაბედული, საქმის პროფესიონალი, საიმედო და გუნდური მოთამაშე.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბრენდებმა საკუთარი პლატფორმა სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენას და მათ წინ წამოწევას დაუთმონ. მოკლედ, როგორც ილია იტყოდა: „ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს !“

Media : The power of media creators and curators – ყოფიერების აუტანელი სიმძიმე, კარდაშიანების კატა და მწარე სიმართლე

საუბრობს Ahmad Swaid , Head of Content, Dazed media.

ფაქტია, რომ ჩვენ კონტენტის ზედოზირების ხანაში ვცხოვრობთ. ადამიანები დაიღალნენ კარდაშიანებით და უაზრო თემების ტირაჟირებით. სოციალური მედია დაემსგავსა „პულტით თამაშს“ (channel surfing), როცა აღარ იცი, რას უყურო, რაზე შეაჩერო შენი ყურადღება და მუდმივად ეძებ ინფორმაციის ახალ წყაროს.
როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ უშურველად ვსაუბრობთ reach-სა თუ impression-ზე, მაგრამ, გიფიქრიათ იმაზე, რამდენად რეალურია ეს „წვდომა“(reach) თუ „შთაბეჭდილება“ (impression) თქვენი მომხმარებლისთვის ემოციურ დონეზე?

Ahmad Swaid ფიქრობს, რომ სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი engagement (ჩართულობა) გახდა, რადგან თუ reach და impression უბრალოდ გაძლევთ აუდიტორიას, engagement თქვენი გულშემატკივრების ბაზას (fanbase) აყალიბებს.

ჩვენ პოსტვირუსულ სამყაროში ვცხოვრობთ, (შინაარსობრივად, post viral არის ხანა, როცა ადამიანები მასიურად აღარ მიჰყვებიან ტრენდებს და მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარების შანსი კლებულობს, ბუკვალურად კი ჩვენ მართლაც პოსტვირუსული პერიოდი (postcorona period) გვიდგას. ავტ.შენ. )

რომ შევაჯამოთ, 2020 უნდა იყოს სიმართლის ერა. თუნდაც მწარის.
ოღონდ სიმართლის.
ასე რომ, გისმენთ.

ბეკი ფანცხავა – #პირველისამსახური

ცოტა რამ Lions Live-ის მესამე და მეოთხე დღის შესახებ