in

Lions Live დასრულდა! – ფესტივალის შეფასება

Lions Live დასრულდა! – 22-დან 26 ივნისის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს, საშუალება ჰქონდა, მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების „ონლაინ“ მასტერკლასებს, სემინარებსა და გამოსვლებს დასწრებოდა. „კანის ლომების“ ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა – ორგანიზატორებმა, პანდემიის გამო, ტრადიციულ ფორმატზე უარი თქვეს და ალტერნატიული საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნეს. „მარკეტერის“ მკითხველს, საშუალება ჰქონდა, 5 დღის განმავლობაში, თვალი ედევნებინა Lions Live-ს აქტივობებისთვის, მიეღო რეკომენდაციები და შეფასებები. ბუნებრივია, შეჯამების გარეშე არც  ბოლო დღე ჩაივლიდა. რითი იყო გამორჩეული ღონისძიების მე-5 დღე და ზოგადად, Lions Live?! – ამ თემებზე Kollektiv-ის კრეატიულ დირექტორ ბუბა რადიანს, Leavingstone-ს თანადამფუძნებელ ლევან ლეფსვერიძეს და JWT Metro-ს კრეატივ დირექტორ ეკა ყიფიანს ვესაუბრეთ.

ლევან ლეფსვერიძისთვის, Lions Live-ს ბოლო დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ლექცია “Accenture Interactive Brazil Presents Heart-beating Brand Experiences“.  

„დროა, გამოვიგონოთ ახლებური მეთოდები და თავგადასავლები, რაც ადამიანებს უფრო ინტენსიურ შთაბეჭდილებას არგუნებს“ – ლევან ლეფსვერიძე

ლევან ლეფსვერიძე: საუბარი იყო ტექნოლოგიებზე, რომელიც მხედველობის და სმენის გარდა, სხვა შეგრძნებებით ზომავდა ადამიანის გამოცდილებას, ბრენდის მიმართ. მაგალითად, რომელიმე სარეკლამო აქტივობაზე ვის აუჩქარდა გული, რამდენად ემოციურად აღიქვა ის, ან პირიქით – დაწყნარდა, დამშვიდდა. ჩემთვის ეს უაღრესად ინსპირაციული იყო. იმიტომ რომ, რეალურად, ბრენდის კონტენტი ბევრ განზომილებაში მოქმედებს ადამიანზე. თუმცა, დღეს ჩვენ დადებითად ვაფასებთ მხოლოდ იმას, რასაც, ლოგიკური გონებით, ვიღაცამ Like დაუწერა, ან View-ები დაგენერირდა. ვფიქრობ, რომ მომავალში ემოციებსაც გავზომავთ. ალბათ, ქართველი მარკეტინგის მენეჯერების უმრავლესობა იტყვის, რომ სანამ ჩვენთან ეს ტექნოლოგია დამკვიდრდება, ვგულისხმობ, ემოციების გაზომვას, მანამდე არც ღირს ამ თემის განხილვა. მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაძლოა, დღეს ვერ ვზომავთ, რა ემოციური გავლენა მოახდინა ამა თუ იმ აქტივობამ/ბრენდმა მომხმარებელზე, იმიტომ რომ ამის ტექნოლოგია ფართოდ შემოსული არ არის, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი არსებობს და დაფიქრება ნამდვილად ღირს. დროა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ბრენდის „იქსფირიენსი“ არა მარტო სმენასა და მხედველობაზე დავაკონცენტრიროთ, არამედ გამოვიგონოთ ახლებური მეთოდები და თავგადასავლები, რაც ადამიანებს უფრო ინტენსიურ შთაბეჭდილებას არგუნებს.

„კანის ლომების“ წლევანდელი პლატფორმა ანუ, Lions Live, ეკა ყიფიანის აზრით, მთელი ათწლეულის შეჯამება იყო.

„ახლა საუკეთესო დროა, გავბედოთ და სტრატეგიულად ყველაზე მცდარია  – უკან დავიხიოთ“ – ეკა ყიფიანი

ეკა ყიფიანი: Lions Lives-ის ბოლო დღეს იყო მიმოხილვა, თუ რა მოხდა წინა კრიზისების შემდგომ. ზე-შთამაგონებელია – ყოველმა კრიზისმა იკონური კამპანიები გამოიძახა სამყაროში, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელს სრულიად ახალ ერას უნდა ველოდოთ სარეკლამო ინდუსტრიაში – მისი ბირთვი იმედია იქნება გრძელვადიანი (და არა მოკლევადიანი – ტაქტიკური სვლები) ბრენდების გამაძლიერებელი სტრატეგიები, რომლებიც ბრენდების არსს (brand purpose) და არა ბრენდის მოკლევადიან წარმადობას (brand performance) მიხედავს. წლევანდელი „კანი“ ბრენდების მესვეურების და მფლობელებისთვის უმნიშვნელოვანესი მოსასმენია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ კრიზისის დროს. უკან დახევა, აქტივობის შემცირება და დალოდება – ისტორიულად ყველაზე მცდარი გადაწყვეტილებაა. ამას თავად ბიზნეს შედეგები გვეუბნება. ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გავიაზროთ. ახლა საუკეთესო დროა, გავბედოთ და სტრატეგიულად ყველაზე მცდარია  – უკან დავიხიოთ.

ბუბა რადიანი თვლის, რომ „კანის ლომების“ ორგანიზატორებმა სრულად ადაპტირებული ღონისძიებები შესთავაზეს მთელი მსოფლიოს კრეატიულ ინდუსტრიას. Lions Live-ს პლატფორმა კი ისეთივე გამორჩეული და განსხვავებული აღმოჩნდა, როგორც თავად 2020 წელი. 

„წლევანდელი განსხვავებული ფორმატი – Lions Live – ყველას დიდხანს ემახსოვრება“ – ბუბა რადიანი

ბუბა რადიანი: გასაოცარი სანახავი და მოსასმენია ამდენი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის აზრები, რჩევები, იდეები, „ონლაინ“ რეჟიმში. ეს ერთგვარი სამოთხეა კრეატიულ ინდუსტრიაში და არამარტო კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისათვის – ფორმატიდან გამომდინარე, მარტივად შეგიძლია, ერთდროულად აკეთო შენი საქმე და ფონად გქონდეს Lions Live ჩართული. სასიხარულოდ დამაიმედებელია ამდენი მოტივირებული და გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული გამომსვლელის მოსმენა. ეს მუხტი კიდევ უფრო დიდ ძალას იძლევა ჩვენი ახალი ყოფის გასააზრებლად და დასაძლევად. ჩემთვის სამაგალითო იყო, თუ რამდენად სწრაფად მოახერხა Vox Media-მ სამუშაო ფორმატის გადაწყობა, სახლიდან მუშაობაზე მორგება და რაც მთავარია – ხარისხის შენარჩუნება. აღსანიშნავია Facebook-ის მიერ გასაოცარი ვიდეოს შექმნა, რომლის ყურების დროს რთულია, ადამიანს ცრემლი არ მოადგეს და არ დააფიქროს, P&G-ის ჩართულობაზე რასიზმთან ბრძოლის წინაღმდეგ. ასევე გამოვყოფდი FCB-ის მიერ დაუცველობის აღმოფხვრისკენ მიმართულ მოკლე და ეფექტურ ვიდეოებს. ეს  ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელო, თუმცა აქ შევჩერდები და ვიტყვი: მსგავსი მაგალითები ნათლად გვაჩვენებს, რომ ცხოვრება იცვლება და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორც 2020 წლამდე იყო. ასევე ნათლად შემიძლია აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს კრეატიულ აზროვნებას და რომ მას პრობლემის გადაწყვეტაში საზღვარი არ გააჩნია. მთავარია, გააზრებულად და გამორჩეულად იმოქმედო და აუცილებლად მიაგნებ გამოსავალს. იმედი მაქვს, 2021 წელს Cannes Lions ისევ ჩვეული ფორმატით ჩატარდება და კიდევ ერთხელ შევძლებთ კანში, არსებული მუხტით, ენერგიით და სიახლეებით დატკბობას, თუმცა დარწმუნებული ვარ, წლევანდელი განსხვავებული ფორმატი – Lions Live – ყველას დიდხანს ემახსოვრება.

“60 დღე დაგვჭირდა, რომ 60-წლიანი ისტორია 60 წამში ჩაგვეტია” – NASA Launch America-ს ბრენდინგი

რა ცვლილებებია Ad Black Sea 2020-ზე?