მსოფლიოს პრესტიჟულ კანის ლომების ფესტივალზე, საკონკურსო და სხვა უამრავი აქტივობის პარალელურად, ყოველწლიურად ფუნქციონირებს Roger Hatchuel Student Academy, რომელიც მომავალი თაობის შემოქმედებით ადამიანებს გამორჩეულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ დიდი კონკურენციის დაძლევაა საჭირო – 30-მდე ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები იღებენ საშუალებას, გაეცნონ ინდუსტრიის ლიდერებს და ისწავლონ წამყვანი ბრენდებისგან. წელს, გერმანიის სახელით, Roger Hatchuel Student Academy-ში ისწავლის Miami Ad School-ის სტუდენტი თეკლა გუჯაბიძე, რომელიც ამჟამად, სააგენტო HeimatTBWA-ში გადის სტაჟირებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი სტუდენტი გერმანიის სახელით სტუმრობს კანის ფესტივალს. 2023 წელს, ლიზა ღლონტი გერმანიის წარმომადგენლის სტატუსით იყო სტუდენტად, წელს კი, მენტორისა და სპიკერის ახალ როლში ბრუნდება ფესტივალზე, რათა ახალ თაობას კრეატიული ბრიფების დამუშავებაში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში ყველა ქვეყანას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს, რომელსაც შიდა კონკურსის საფუძველზე არჩევენ. აკადემიის შესაძლებლობებსა და მენტორის ახალ როლზე ლიზა ღლონტი გვესაუბრა.
M: როგორი გამოცდილებაა Roger Hatchuel Student Academy-ში მონაწილეობა და რა მოთხოვნები არსებობს კანდიდატებისთვის?
კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში არსებული Roger Hatchuel Student Academy ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, ყოველ წელს, საშუალება ეძლევათ ისწავლონ და გაიცნონ ინდუსტრიის წამყვანი ლიდერები, ბრენდები და შემოქმედები. ფესტივალის განმავლობაში, აკადემიისთვის ორგანიზდება მრავალი შეხვედრა, პრეზენტაცია და აქტივობა. სტუდენტები დაახლოებით 30 ქვეყნიდან ირჩევიან შიდა კონკურსებით, კონკურენცია საკმაოდ დიდია. არის ასაკობრივი ლიმიტი – 25 წლამდე. ასევე, აუცილებელია თავიანთ ქვეყანაში ბოლო კურსელი სტუდენტები იყვნენ და ინტერესი ჰქონდეთ საქმიანობა განაგრძონ კრეატიულ კომუნიკაციებში ან სარეკლამო ინდუსტრიაში.
M: როგორი იყო შენი გამოცდილება სტუდენტის სტატუსით?
2023 წელს ვიყავი RHSA-ში გერმანიის წარმომადგენელი სტუდენტი. ეს იყო ნამდვილად გამორჩეული გამოცდილება, რომელმაც ბევრი რამ შემასწავლა ინდუსტრიის შესახებ. სტუდენტები იღებენ კრეატიულ ბრიფს, რომელიც ფესტივალის ფარგლებში უნდა შეასრულონ. ამისთვის რამდენიმე დღე აქვთ. ეს არის ნამდვილი გამოწვევა, რადგან ძალიან შეზღუდულ დროში უნდა შექმნან რაღაც ნამდვილად გამორჩეული.
M: ამჯერად, მენტორის როლში ხარ. რა იქნება შენი ამოცანა და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი პროგრამებში მონაწილეობა?
ამ ეტაპზე, მიმიწვიეს, როგორც კურსდამთავრებული მენტორი და სპიკერი. მენტორის როლში, სტუდენტებს უნდა დავეხმარო მაქსიმალურად „გატეხონ“ ბრიფი. მენტორობა საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა ძალიან მიხარია ფესტივალზე დაბრუნება ახალ ფორმატში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა კრეატივებისთვის, რომ მსოფლიო დონეზე გამოავლინონ თავი და ისწავლონ საუკეთესო პრაქტიკა. ასეთი გამოცდილება შეუცვლელია კარიერული განვითარებისთვის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი