in

ლიზა სიმონე – ლეგენდარული დედის დიდების ქვეშ აღმოცენებული ვარსკვლავი

“AND EVERY TIME YOU LEFT,
A PART OF ME DIED INSIDE.”

როდესაც ლიზა სიმონეზე იწყებენ საუბარს, ალბათ ლოგიკურად გაგვიელვებს ხოლმე თავში იდეა, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის, ნინა სიმონეს შვილი გერქვას. თუმცა, ლიზას შემთხვევაში, მთელ მის ცხოვრებას უფრო მეტად ტკივილნარევი ბედნიერება სდევს თან. ლიზას წლების განმავლობაში უწევდა დედის მენტალურ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა, ხანგრძლივი პერიოდულობით, ნინას გრაფიკიდან გამომდინარე, მას ვერც კი ნახულობდა.

ლიზა 1962 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. პირველი ათი წლის განმავლობაში ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ კი ნინა და მისი ქმარი განქორწინდნენ – “სწორედ აქედან დაიწყო ჩემი მომთაბარე ცხოვრება,” – ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. მართლაც, 1970-81 წლებში მან იცხოვრა ჩრდილოეთ კაროლინაში, ბარბადოსში, ლიბერიაში, შვეიცარიაში, ნიუ-იორკში.

“საკმაოდ ამბიციური სტუდენტი ვიყავი. თუმცა, შენ გარშემო არსებული რეალობა შენს გეგმებს ცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვიყავი, აშშ-ს საჰაერო ძალებში ინჟინერიის ასისტენტად მომიწია მუშაობის დაწყება. ეს პროფესია მოიცავდა კვლევას, ნიადაგის მოსინჯვას, მშენებლობის მენეჯმენტს.. მიუხედავად იმისა, რომ აქ მუშაობის 2 წელი ჩემთვის სრული ტანჯვა იყო, საბოლოოდ ავიღე ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში.”

ცნობილია, რომ ლიზა სიმონე სპარსეთის ყურის ომის ვეტერანიც არის. ჩვენ დღეს მას მომღერლად ვიცნობთ, თუმცა კი სანამ ის ამ პროფესიას შეუდგებოდა, საკმაოდ მძიმე და მისთვის არასასურველი წარსული გამოიარა. მთავარი საქმიანობის მიღმა, მან მოახერხა აერობიკის ინსტრუქტორი და ბოდიბილდერიც გამხდარიყო, რის გამოც ალკოჰოლს არასდროს ეკარებოდა. თუმცა, ერთ საღამოს, გადაწყვიტა ფრანკფურტის ერთ-ერთ ბისტროში შესულიყო და ღვინო დაელია. აქ მან მოისმინა მუსიკა, რომელმაც ძველი წლები გაახსენდა და გადაწყვიტა, პიანისტს აჰყოლოდა და ემღერა. ამ დღიდან 2 კვირის შემდეგ მას ჯოან ფოლკნერმა დაურეკა და მასთან ერთად სიმღერა შესთავაზა. სწორედ აქედან დაიწყო მისი სხვაგვარი მომთაბარე ცხოვრება, თუმც კი მუსიკით გაჟღენთილი..

უამრავ ქვეყანაში, უამრავ ბარსა თუ ბისტროში, უამრავ ჯაზ ფესტივალზე გამოსვლის შედეგად ის შემდგარ მომღერლად ჩამოყალიბდა. ეისიდ ჯაზი, ჯაზი, Neo Soul, ფოლკი, პოპი და თანამედროვე რიტმ ენდ ბლუზი – ეს ის ჟანრებია, რომლებშიც ლიზამ ნელ-ნელა ფრთები გაშალა. მუსიკალური გამოცდილების მიღების შემდეგ კი მოღვაწეობა თეატრშიც დაიწყო – მისი დებიუტი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ მიუზიკლში “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” შედგა, რომელშიც სულიერ დას განასახიერებდა. შემდეგ კი უკვე იყო “აიდა”, რომელშიც ლიზა მთავარ როლს ასრულებდა.

1998 წელს ნინა სიმონეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ბიძგი მისცა დედა-შვილის ურთიერთობას, გაღრმავებულიყო. 1999 წლის 24 ივლისს ისინი პირველად გამოვიდნენ ერთად სცენაზე – ეს მოხდა ირლანდიაში, დუბლინში, გინესის ბლუზის ფესტივალზე. “ეს მომენტი ჩემს მახსოვრობაში ერთ-ერთ ყველაზე მაგიურ მოგონებად დარჩა,” – იხსენებს ლიზა. ამ საღამოს “Simone on Simone” ეწოდა. მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დედა-შვილი ერთად ჩნდებოდა სცენაზე. 2003 წელს კი ნინა გარდაიცვალა.

“სწორედ ამ დღიდან შევწყვიტე ჩემი სასცენო სახელის, “ლიზა სიმონეს” გამოყენება და ვთქვი: როცა ნინა გარდაიცვალა, ლიზაც მაშინ მოკვდა.”

ნინას გარდაცვალების შემდეგ ლიზამ თეატრალური კარიერა შეწყვიტა და კვლავ, მხოლოდ და მხოლოდ, მუსიკალურ საქმიანობას მიუბრუნდა.

დღემდე მას გამოქვეყნებული აქვს ორი ალბომი: “All is well” – 2014 წელს და “In need of Love” – 2019-ში.

ლიზა სიმონეს ქართველი მსმენელი 3 ოქტომბერს Jazz&Wine Kakheti-ს საღამოზე მოუსმენს. მანამდე კი, მის ბიოგრაფიასთან ერთად აქვე გიტოვებთ მის შემოქმედებასაც:

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Nano Lab: „ჩვენი ჰაერისა და ზედაპირის გამწმენდი საშუალებები ინოვაციური და ძალიან ეფექტურია“

მოემზადეთ Eurobest 2020-ისთვის!