„ლისაბონის საერთშორისო სარეკლამო ფესტივალი” პორტუგალიაში 2016 წლიდან ტარდება და წარმოადგენს საერთაშორისო ჯილდოს, კრეატიული რეკლამირების
კუთხით. წელს, ფესტივალი 21 სექტემბერს 15 კატეგორიაში ჩატარდება, ციფრული კატეგორიის ჟიურის წევრი კი საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-ს დამფუძნებელი და დირექტორი – ლევან ლეფსვერიძე იქნება. Ad Black Sea-სა და Kiaf-ზე ჟიურის წევრობისა და ჟიურის პრეზიდენტობის შემდეგ, „ლისაბონის საერთშორისო სარეკლამო ფესტივალის” ჟიურის წევრობა ლევანისთვის ახალი გამოწვევაა, ასევე – ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვისაც, ვინაიდან გეოგრაფიულ-კულტურული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ ფესტივალის სპეციფიკა, სხვა ფესტივალებთან მიმართებაში, განსხვავებულია. ლევანი მარკეტერს ახალი გამოცდილების მიღების პერსპექტივებსა და მოლოდინებზე ესაუბრა:
M: რა მნიშვნელობის მატარებელია ლისაბონის ფესტივალი საერთაშორისო სარეკლამო ინდუსტრიისთვის და როგორ შეგარჩიეს ჟიურის წევრად?
Lisbon International Advertising Festival, სხვა ფესტივალებთან შედარებით, ახალია. შემიძლია ვთქვა, რომ მის ორგანიზატორებს დიდი ამბიციები აქვთ, გეგმავენ აქციონ ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო ფესტივალად. შარშან, ამ ფესტივალზე „ლივინგსტონიდან” გაგზავნილი გვქონდა ნამუშევრები, გავიმარჯვეთ. შარშანდელი გამარჯვების საპირწონედ ვიტყვი, რომ საკმაოდ მკაცრი შეფასებები ჰქონდათ, რადგან პროექტ OLD IRISH-ით დავიმსახურეთ ვერცხლი და ბრინჯაო, ყველაზე წონიან „კანის” ფესტივალზე კი, იმავე ნამუშევრით ავიღეთ ბრინჯაო. ამ მაგალითზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ისეთივე სიმკაცრეა, როგორც დიდ და გავლენიან ფესტივალებზე. ამ წარმატების შემდეგ, შემოგვთავაზეს ჟიურიში მონაწილეობა, გარდა ამისა, სავარაუდოდ, მოიძიეს ინფორმაცია ჩემ შესახებ – ასე მივიღე მოწვევა.
M: როგორია საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე ჟიურის სახით თქვენი მონაწილეობის გამოცდილება?
პირველად, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალში ჟიური ვიყავი Ad Black Sea-ზე, 2015 წელს, Kiaf-ზე ჟიურის პრეზიდენტიც გახლდით. ძალიან საინტერესოა ჟიურიში ყოფნა და პროფესიული ზრდის ძალიან კარგ საშუალებას გაძლევს ეს გამოცდილება. წინა ფესტივალები, სადაც ჟიური ვიყავი, საქართველო და უკრაინა იყო, ეს მაინც ერთი რეგიონია. ჩემთვის, დასავლეთ ევროპის ფესტივალში მონაწილეობა, სხვა კულტურის ნამუშევრების, ამ სიჭრელის ნახვა, პროფესიული ზრდის ძალიან კარგი პერსპექტივაა.
M: თქვენს კატეგორიაში – DIGITAL რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება?
ჩვენი კატეგორია მოიცავს ციფრულ არხში გაკეთებულ სარეკლამო კამპანიებს. „ლისაბონის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე”, როგორც ყველა ასეთ კრეატიულ ფესტივალზე, დიდი წონა ენიჭება იდეის კრეატიულობას. იმას, თუ რამდენად ახლებური და უნიკალურია იდეა. მთელი კაი კაცობა და „მუღამი” არის იმაში, რომ ახალი ტექნოლოგია გამოიყენო მიზანმიმართულად, ახალი იდეებისთვის. ბევრ მონაწილეს ჰგონია, გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ტექნოლოგია პირველად გამოიყენა და რაღაც რთული ამოცანა გადაჭრა ტექნოლოგიურად, რაც ძალიან საპატივსაცემოა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, კრეატიული ფესტივალები აუცილებლად დაეძებენ კრეატიულ იდეას, ამ ტექნოლოგიის უკან.
M: რატომ არის ლისაბონის ფესტივალი თქვენთვის საინტერესო და რა მოლოდინები გაქვთ ფესტივალში ჟიურის სახით მონაწილეობიდან?
ეს ფესტივალი ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, უფრო მრავალფეროვანი იქნება და კულტურულადაც, უფრო განსხვავებულ ნამუშევრებს მივიღებთ, რაც ჩემთვის ახალი “ჩელენჯია”. საინტერესოა იმიტომ, რომ ახლო კულტურის ნამუშევრების ტკივილს და კონტექსტს, ასე თუ ისე, გესმის. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ჟიურის წევრებისგან, თუნდაც ჟიურის პრეზიდენტისგან, გამოცდილებას გავიზიარებ. ყოველთვის ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებთან ერთად მუშაობა, განხილვა, საუბარი და დაკვირვება. ძალიან საინტერესოა, როცა ქართული ნამუშევარია შემოსული, ან ჩვენი – „ლივინგსტონის” ნაშრომი; ამ შემთხვევაში, მე არ მეძლევა ხმის მიცემის საშუალება, იმიტომ, რომ სუბიექტური შეიძლება ვიყო. თუმცა, ძალიან სასარგებლოა, როცა ისმენ, რას საუბრობენ, როგორ განიხილავენ ქართულ ნამუშევარს უცხოელები. ქართველი რომ ხარ, გესმის ქართული რეკლამის ყველა კონტექსტი, წმინდა კრეატიულობის შეფასებისას, ეს კონტექსტი წესით დაგამძიმებს. ასეთი ფესტივალების შემდეგ, იქიდან ჩამოგვაქვს ისეთი “რემარქები”, რაც უნდა გავითვალისწინოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ნამუშევრები შემდეგი წლებისთვის, საერთაშორისო ბაზრებისთვის.














