ერთხელაც რომ დავფიქრდით, რა შეიძლება, ცხოვრებაში, ადამიანს აკლდესო, ბევრი პასუხი მოგვაფიქრდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პასუხი გვეპიტნავა და მივხვდით, ზუსტად ეს იყო, რაც ყველას გვჭირდებოდა და გულის სიღრმეში, ყველას სწორედ ეს გვსურდა – ჯადოსნობა ჩვენს ცხოვრებაში! როცა ეს პასუხი გაჟღერდა, გადავწყვიტეთ, „ლისის მწვანე უბანი“ ჯადოსნურ ადგილად გვექცია და სხვადასხვა პერსონაჟები მოგვეპატიჟებინა.
აქ მოსახვედრად არც კარადაში შესვლაა საჭირო და არც თეთრ კურდღელზე ადევნება, ყველაფერი გაცილებით მარტივია – მწვანე უბანში, ლისთან სტუმრობა საკმარისია, რომ გარშემო აზიდულმა მწვანე ხედებმა და სუფთა ჰაერმა მაშინათვე ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინოთ თავი.
მწვანე უბანში, ლისთან უკვე უამრავმა მოსახლემ დაიდო ბინა და ყველას საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია აქვს იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ აქ.
ზოგი შორეული ქვეყნებიდან გვესტუმრა, ზოგმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ჩვენს ალაგს მოადგა და სხვაგან წასვლა აღარც მონდომებია, ზოგს გაოცებისგან ისღა წამოსცდა, აქ რა საარაკო ყოფილაო და თავდავიწყებით შეუყვარდა ლისი, ზოგი კი უბრალოდ ჩვენმა დიზაინერმა გამოიგონა (აი, მაგალითად, ჩვენს გიორგის, მთელი ცხოვრება უნდოდა, ზღარბი ჰყოლოდა, არასდროს ჰყოლია, მაგრამ ერთ დღესაც, ნახატი წარმოგვიდგინა – აესენიო, ფანა და ნა არიან, ჩემი ზღარბები და დღეიდან ლისზე აცხოვრეთო!). მოკლედ – ეძებეს და იპოვეს!
რატომ მაინც და მაინც ლისზეო, ხანდახან ვეკითხებით ეზოს ბინადრებს და პასუხი ყოველთვის ერთია – აბა, სხვაგან ასეთ მყუდრო ადგილს სად ვიპოვიდითო?! – და მართალიცაა. სხვაგან სად უნდა იპოვო ეზო, რომელიც ამდენ ჯადოსნურ, ფერად-ფერად ამბავს იტევს?
სინამდვილეში, ეს ყველა პერსონაჟი საკუთარ თავებში ვიპოვეთ, მივხვდით, რომ ყველა ადამიანშია ვაკა, რომელსაც საქანელები უყვარს, ან ბონი, რომელიც ფიქრობს სამყაროს მოწყობაზე და ამავდროულად, ხის „ჩეროშია“ წამოკოტრიალებული, ან – კუ პატრიკი (პატი), რომელიც უბრალოდ ძალიან კარგი ტიპია.
სწორედ ჯადოსნობისკენ სწრაფვა და ყოველივეს ხალისით შევსება გახდა ინსპირაცია იმისთვის, რომ გარემოსგან, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიკეთით გამოირჩევა და სადაც ცხოვრება ნამდვილად ერთი სიამოვნებაა, ახალი სამყარო შეგვექმნა, უფრო საინტერესოდ წარმოგვეჩინა და ყველა ადამიანს შესძლებოდა ჩვენს ჯადოსნურ პერსონაჟებში საკუთარი ანარეკლი ეპოვა.
ასე შევქმენით ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველა მეგობრული, ხალასი და სიხარულით სავსეა და შესაძლოა, რაღაცების გამოგონებაში დაგვდოთ ბრალი, მაგრამ, სინამდვილეში, უბრალოდ ის, რაც მწვანე უბანში ლისთან ნამდვილად ხდება, გრაფიკულად აღვწერეთ.
სინამდვილეში, ჩაპის მართლა შეუძლია ლისის ბინადრების საშინაო დავალებების ჭამა!
Credits:
დამკვეთი: მწვანე უბანი ლისთან
მარკეტინგის ხელმძღვანელი: ნეკა გიორგიძე
ილუსტრატორები: გიორგი მაღრაძე artman, მაშოლენდი, გიორგი ჯინორიძე
სტრატეგიის ხელმძღვანელი: საბა ჯავაშვილი
კრეატიული დირექტორი: გიორგი კვიტატიანი
პერსონაჟების თავგადასავალთა მთხრობელი: გიორგი კვიტატიანი, მწვანე კოღო
ციფრული მენეჯერი: თიო ზარნაძე
კონტენტი: მაიკო გოგიაშვილი
[პარტნიორის კონტენტი]

























