in

ძმები ნამიჭეიშვილების ამბავი, ანუ როგორ განხორციელდა ივენთ ჰოლი „ლისი მერე“

Startauperi
Startauperi

თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, ლისის ცოტა ზემოთ, ახალი ივენთ ჰოლი, „ლისი მერე“ გაიხსნა. „ლისი მერეს“ მფლობელები ძმები, თაზო და გორდა ნამიჭეიშვილები არიან. მათ დიდი ხნის ჩანაფიქრი საკუთარი ხელითა და ახლობელ-მეგობრების დახმარებით განახორციელეს.თაზო და გორდა ნამიჭეიშვილები დამწყები ბიზნესმენები არ ყოფილან. პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორი, გორდა და მშენებელი, თაზო ოჯახურ ბიზნესში 15-16 წლის ასაკიდან იყვნენ ჩართულები. თავიდან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს აკეთებდნენ. პირველი ბიზნესი, საიდანაც უკვე შემოსავალიც მიიღეს, სურსათის მაღაზია იყო, შემდეგ კი, მანსარდების მშენებლობითაც დაკავდნენ. როგორც გორდა ნამიჭეიშვილმა მოგვიყვა, ძმებს ყოველთვის უნდოდათ სადღესასწაულო სივრცის აშენება, რაიმე განსაკუთრებულ ადგილას, ასეთივე ინტერიერით. შესაფერისი ადგილი კი, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს.

ეს მიწა იყო საძოვარი ტერიტორია ადრე და თითქმის კვირაში სამჯერ ავდიოდით ხოლმე. ვიცოდით, უკვე რა იქნებოდა იმ ადგილზე და გვქონდა მთელი რიგი გეგმები.

თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ძმები გეგმავდნენ და მოკლე დროში უამრავ დაბრკოლებას წააწყდნენ. აუქციონზე გამოტანილი მიწა იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე ნავარაუდები იყო. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელი ბიზნეს პარტნიორების დახმარებით, მიწა ძმები ნამიჭეიშვილების მფლობელობაში გადავიდა. მიწის ნაკვეთი საკმაოდ დიდი იყო, ნაწილი პარტნიორებმა შეიძინეს, „ლისი მერეს“ ასაშენებლად კი, ზუსტად ის ადგილი დაიტოვეს, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდათ.

შემდეგი პრობლემები უკვე მუშაობის პროცესში წარმოიშვა – კომუნიკაციის საშუალებების ნაკლებობის გარდა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული დეტალებისა და დეკორაციების მოგროვება – ისეთი ნივთების, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ არ შეგვხვდება. ასეთ ნივთებს, ძირითადად, ონლაინ, მაიმარკეტის საშუალებით მიაკვლიეს. სირთულეების გადალახვაში მათ ახლობლები და მეგობრებიც დაეხმარნენ და ასე, ერთობლივი ძალებით, თანაც სულ რაღაც ექვს თვეში, განხორციელდა ძმების ჩანაფიქრი. „ლისი მერე“ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მფლობელებს წარმოედგინათ.დიზაინი მთლიანად თაზოსა და გორდას შექმნილია. ლოფტის ტიპის ინტერიერი ვინტაჟურ, ევროპულ და ქართულ ტრადიციულ სტილს აერთიანებს. დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია მათი დიდი ბებიის ნაქონი ხალიჩა გახდა.

ეს ხალიჩა გვქონდა სოფელში და სულ ვფიქრობდით, რომ გამოსახაული ქალბატონები სუფრასთან რაღაც ძალიან განსხვავებული იყო, თან ანტიკვარული ნივთია და ყოველთვის გვინდოდა, რომ აგვეშენებინა ისეთი რაღაც, სადაც ამას გამოვიყენებდით.

გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები

როგორც გორდა ამბობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ლისი მერეს სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებისგან გამოარჩევს, საინტერესო ინტერიერია. კლიენტებსაც, უმეტესწილად, არასტანდარტული დიზაინი იზიდავს.

ექსპერიმენტები ძალიან გვიყვარს მე და ჩემს ძმას და როცა ამ სხვადასხვა სტილის ერთმანეთში შერწყმას ვახდენთ, ჩემი აზრით, ამ დროს გამოდის ყველაზე საინტერესო და საუკეთესო. იმიტომ, რომ ახლა თბილისში იმდენი მსგავსი ადგილია, ძნელია, ვინმე რამით გააკვირვო. იდეაც ამაში მდგომარეობდა, რომ ყოფილიყო რაღაც ძველებურ სტილში – თან გათანამედროვებული და თან რაღაც ქართული ელემენტებით.

გორდას თქმით, ლისი მერეს ატმოსფერო ქალაქური სიმღერების საღამოებსაც ისევე კარგად მოერგება, როგორც თანამედროვე წვეულებებს. მომხმარებელთა დაინტერესებას კი ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ სექტემბრის შუა რიცხვებამდე უკვე დაჯავშნილია ყველაფერი.

პირველ ეტაპზევე რომ ასეთი დაინტერესება იყო, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ვინც ამოდის, ყველას ძალიან მოსწონს. ეს გვახარებს და უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს.

ლისი მერეს სეგმენტი, ძირითადად, ახალდაქორწინებული წყვილები არიან. ასევე, ის ადამიანები, ვისაც დახურული ან კორპორატიული ღონისძიებების ჩატარება სჭირდებათ.

ამ ეტაპზე ივენთ ჰოლში მხოლოდ დახურული საღამოები იმართება, თუმცა მომდევნო წლის გაზაფხულისთვის რესტორნის ფუნქციის დამატებასაც გეგმავენ. გორდას აზრით, იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ლისის ტბაზე ადის დასავენებლად, არც სასიამოვნო გარემოში ჩამოჯდომაზე და გემრიელი კერძების დაგემოვნებაზე იტყვის უარს.

დაინახე საკუთარი თავი მიკროსკოპში! – ორიგინალური ინსტალაცია NordArt-ში

როჯერ ფედერერის თამაშით შექმნილი მუსიკა! – Wilson-ის ექსპერიმენტი