კარი 19:00 საათიდან გაიღო და „კარის“ სივრცეში თანდათან მომრავლდნენ სტუმრები. 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, „ისთერნ ფრომოუშენისა“ და „ლისი დეველოპმენტის“ ინიციატივით, აქ LISI Vibes-ის მუსიკალურმა დღესასწაულმა დაიდო ბინა. ჯადოსნურად მოწყობილ ლაუჯში ჯერ გრემის ორგზის ნომინანტ Cece Roger-ის მოსასმენად მოვიყარეთ თავი, მომდევნო პარასკევის ცა კი LOU Berry-სა და Eylia-ს ხმებმა ჩამოადნეს. „კარის“ ზღურბლზე შებიჯებისთანავე სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით – მოციმციმე ფერადი შუქები, ვინტაჟური გარემო და მომღიმარე სახეები. პირველი საღამო Cece Rogers-ის ენერგიულმა „ვაიბმა“ აავსო. ქართველების გულითადმა გულშემატკივარმა 2008 წლის ომის ამბებიც გაიხსენა და სპეციალურად საქართველოსთვის დაწერილი მელოდიაც დაამღერა. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო მისი უშუალო ურთიერთობა მსმენელთან, სცენიდან გულშემატკივრებში ჩამოსულმა სისი როჯერსმა სათითაოდ რომ აგვაცეკვა.

LISI Vibes-ის მომდევნო სერია, პარიზელმა მულტიინსტრუმენტალისტმა LOU Berry-მ, თავის ბენდთან ერთად გააფერადა. მასთან ერთად, Eylia-მ მშვიდი და ამავდროულად, მგზნებარე სიყვარულით სავსე მელოდიებით გაჟღინთა პარასკევი საღამო.

LISI Vibes-ის პირველი მუსიკალური დღესასწაული შედგა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიება ეტაპობრივად ფესტივალის სახეს მიიღებს და უფრო მეტ მსმენელს გაუფერადებს შემოდგომის საღამოებს. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრნენ LISI Development-ის მარკეტინგის დირექტორი სალომე კელენჯერიძე და „ისთერნ ფრომოუშენის“ თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე გვესაუბრნენ.
M: როგორ ჩამოყალიბდა LISI Vibes-ის კონცეფცია?
სალომე კელენჯერიძე: ეს ჩვენთვის მუსიკალური დღესასწაულია. სურვილი გვაქვს, რომ მომავალში მუსიკალური მრავალფეროვნების სახე მიიღოს, რომელიც ლისზე ჩატარდება ხოლმე. იდეა იქიდან წამოვიდა, რომ ლისის ტბა მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად იდეალური ლოკაციაა და ეს პირველი საცდელი ღონისძიება დაგვეხმარა განგვესაზღვრა, რამდენად მასშტაბური შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი და რამდენად საინტერესო იქნება მსმენელისთვის. ვინაიდან საშუალება გვქონდა, რომ გამოგვეყენებინა ეს ბუნებრივი პლატფორმა, როგორიცაა ლისის ტერიტორია და შემოდგომაც საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა პირველი ცდისთვის, ვფიქრობთ, ღონისძიება შედგა. ამ ადგილს დიდი უპირატესობა აქვს, დიდ მასშტაბებზეც შეიძლება გასვლა, ბუნებასთან ახლოს, დარბაზების გარეშე, საოცარი ატმოსფერო იქმნება და აქედან გამომდინარე დაიგეგმება მომავალი მუსიკალური ღონისძიებები.

M: „ისთერნ ფრომოუშენთან“ უკვე მრავალი წელია ასოცირდება მაღალი დონის მუსიკალური ღონისძიებები. როგორ შეაფასებდით პირველ LISI Vibes-ს?
მიხეილ გიორგაძე: პირველი ცდისთვის ძალიან კარგი იყო. პირველ რიგში, სწორიშეფასების ინდიკატორი არის დამსწრე საზოგადოების რეაქცია. ყველა ძალიან კარგ დროს ატარებდა და სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნა, არც ცეკვა დაზარებიათ და არც ფეხზე წამოდგომა. ეს მაძლევს საფუძველს, ერთმნიშვნელოვნად წარმატებულ ღონისძიებად შევაფასო.
ძალიან მიხარია, რომ თბილისში ამ მუსიკალური სცენის მრავალფერფეროვნება უფრო იზრდება და ნებისმიერ ადამიანს, ასაკისა და მუსიკალური პრეფერენციებიდან გამომდინარე, შეუძლია თავისთვის სასიამოვნო და საინტერესო არჩევანი გააკეთოს. ისიც მიხარია, რომ მაყურებელი არა მხოლოდ ნაცნობი მუსიკოსების მიმართ იჩენს ყურადღებას, არამედ ახალი სახეებითაც ინტერესდება. იმედი მაქვს, რომ სწორედ ლისი და „კარი“, როგორც ამ მოვლენის ეპიცენტრი, ღირსეულ რეპუტაციას მოიპოვებს.
M: სახელწოდება ,,ლისი ვაიბს” როგორ შეარჩიეთ?
სალომე კელენჯერიძე: არ გვინდოდა, ამ ღონისძიების სახელი ერთი კონკრეტული მიმდინარეობასთან დაგვეკავშირებინა და ჩავთვალეთ, LISI Vibes ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს სულისკვეთებას და მიმღეობას ნებისმიერი მუსიკალური მიმართულებისკენ. ის გადმოსცემს იმ ემოციებს, რაც ამ ყველაფერს მოაქვს. ძალიან კარგად მოერგო იმ გარემოსა და აღქმას, რაც გვინდოდა ჩაგვედო სახელში – ეს არის „ვაიბები“, რომლებიც ყველასთვის დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი გვინდა იყოს. გვსურს, რომ ნებისმიერი ჟანრისა და მუსიკალური მიმდინარეობის განურჩევლად ადამიანებმა ბედნიერად იგრძნონ თავი იმ მომენტში, როცა ჩვენთან ერთად გაიზიარებენ ამ დღესასწაულებს. სახელიც და ლოგოც ძალიან კარგად გადმოსცემს ჩვენს სათქმელს. დიზაინზე თათა გაბისონიამ იმუშავა, რომელმაც ჩვენი მოლოდინი ზუსტად აისახა ვიზუალურ იდენტობაში.

M: როგორია LISI Vibes-ის ხასიათი?
მიხეილ გიორგაძე: გარემოდან და ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, გვინდოდა არა საკონცერტო დარბაზში გასამართი ღონისძიება, არამედ ღია სივრცეში განთავსება. ეს იქნებოდა ჰაუსი, სოული… რაც გარკვეულ ასაკობრივ ცენზსაც გულისხმობს პუბლიკის თვალსაზრისით. ეს ხედვა სწორი აღმოჩნდა. LISI Vibes ძალიან უშუალო ურთიერთობებისა და სოციალიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ჩაიწერს ადამიანი გამოცდილების ნუსხაში.
მუსიკოსებიც საღამოების ხასიათიდან გამომდინარე შევარჩიეთ. ორივე ძალიან სახალისოა, სისი როჯერსი კიდევ უფრო მეტად ინტერაქციული, მყუდრო სივრცეში ძალიან დასამახსოვრებელია ასეთი ინტენსიური კონტაქტი მსმენელთან. პოტენციური მუსიკოსების არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა ჩვენ დავიწყეთ უკვე ნაცნობი მუსიკოსებით, ვისთანაც მეგობრობა გვაკავშირებს და ზუსტად ვიცით, რომ იმედებს არ გაგვიცრუებენ. შესაბამისად გვინდოდა პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი ყოფილიყო და ვფიქრობ, გამოგვივიდა.
M: თქვენი ხედვით, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს იმ თავისუფალ სტილს, რასაც LISI Vibes გულისხმობს?
სალომე კელენჯერიძე: ჩვენი სურვილია, დროთა განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღოს LISI Vibes-მა, და გადაიქცეს მუსიკალურ ზეიმად მელომანებისთვის, რა თქმა უნდა, უცვლელი ადგილმდებარეობით, რომელიც კიდევ ერთი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და შემოდგომის დღეებს სასიამოვნოდ გაატარებენ. ორკვირიანი მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, 1 ოქტომბერს, დახურული ღონისძიება მოეწყო მხოლოდ „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „კურორტ კოხტა-მიტარბის“ მაცხოვრებლებისთვის, მზიანი შემოდგომის პირველი შაბათი დღე დატვირთლი იყო უამრავი პოზიტიური ემოციით და ლეგენდარული CeCe Rojers-ის დაუვიწყარი პერფორმანსით.
მიხეილ გიორგაძე: ჟანრობრივი თვალსაზრისით, წინასწარ ჩარჩოებს არ ვუწესებთ საკუთარ თავს. განვითარება წარმომიდგენია ღონისძიებების ტრადიციულ სერიად, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება, ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყიში, როდესაც ხალხი თბილისში ბრუნდება, ყველა ერთმანეთს მონატრებულია და ჯერ კიდევ კარგი ამინდებია. არ გამოვრიცხავ, რომ „კარის“ გარეთაც გავიდეთ, ლისის ტბის ტერიტორიაზე და უფრო დიდ სივრცეში ჩატარდეს მასშტაბური კონცერტები.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი