in

ლისის ტბიდან 5 წუთის გზაზე, განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შესაქმნელად, ყოველდღე გელიან

ლისის ტბა ის ადგილია, რომელსაც ბევრი მოყვარული ჰყავს. სოციალურ ქსელებში ხშირად შეგხვდებათ პოსტი წარწერით – „მირჩიეთ რამე, ლისის ტბასთან ახლოს”…

ამ სტატიაში „რამეს” არ გირჩევთ, უბრალოდ გაგაცნობთ ერთ ლამაზ ადგილს, რომელიც ლისის ტბიდან ზუსტად 5 წუთის გზაზე მდებარეობს, უკვე 4 წელია სტუმრებს ერთგულად მასპინძლობს, 300 სტუმარს იტევს და მისი დამფუძნებლები ახალ-ახალი სივრცეებითაც ანებივრებენ მომხმარებელს. ეს ადგილია „ლისი მერე”. 

ლისი მერე

„ლისი მერე” საოჯახო ბიზნესია, მისი დამფუძნებლები ძმები, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები არიან. გორდა პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორი, თაზო კი მშენებელია. მიუხედავად ამ ტიპის ბიზნესში გამოცდილების არქონისა, ძმებმა თავიანთი მონდომება, ცოდნა გააერთიანეს და შექმნეს სივრცე, რომელმაც მალევე მოიხვეჭა სახელი და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ადგილად ითვლება, როგორც ქორწილების, ისე სხვადასხვა კორპორაციული წვეულებების გადასახდელად თუ უბრალოდ სამეგობროს თავშესაყრელად. სულ პირველი იდეაც სწორედ აქედან დაიბადა – ნამიჭეიშვილების ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს მათი მეგობრები და ძმებმა გადაწყვიტეს, აეშენებინათ ისეთი სივრცე, რომელშიც მეგობრული გარემო, გემოვნებიანი ინტერიერი და გემრიელი კერძები იქნებოდა.

გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები

გორდა ნამიჭეიშვილი: ლისი მერეს” დაარსებით გვინდოდა, რომ ახალი სიტყვა გვეთქვა, ისეთი ადგილი შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის, რომელიც სიახლე იქნებოდა ქართული რეალობისთვის. ის არ იქნებოდა სტანდარტული რესტორანი, არამედ სივრცე წვეულებებისა და თავშეყრისთვის, რომელიც დროს გაუძლებდა. იდეამ გაამართლა. დღეს „ლისი მერე” ის ადგილია, სადაც სტუმარს ხვდება უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მასზე მორგებული დეკორაცია, მყუდრო გარემო და შეუძლია კარგად გაატაროს დრო”.

ძმები ნამიჭეიშვილების აზრით, მათი იდეის ასეთი წარმატება დიდმა მონდომებამ და საქმისადმი სერიოზულმა მიდგომამ განაპირობა. ისინი გვეუბნებიან, რომ გუნდის ძირითადი ნაწილი, რომელიც „ლისი მერეში” მუშაობს, არ შეცვლილა და ამასაც თავიანთი წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევენ. გუნდი მუდამ მთელი ძალისხმევით მუშაობს ყოველი ღონისძიების დაგეგმვაზე და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ყოველმა საღამომ კარგად ჩაიაროს. 

ლისი მერე

თაზო ნამიჭეიშვილი: ყოველ წვეულებას, რომელიც უნდა გაიმართოს „ლისი მერეში”, პროექტად ვუყურებთ. ყოველდღეც რომ არის საღამოები დასაორგანიზებელი, ვცდილობთ, რომ ისინი არაფრით ჰგავდეს ერთმანეთს. ერთი საღამო რომ მთავრდება, დილიდან მეორეზე იწყება გადაწყობა, დეკორაციით დაწყებული – ყველა სხვა დეტალით დამთავრებული, ვფიქრობთ, როგორ მოვარგოთ ის იმ სტუმრების სურვილებს, ვინც მას უნდა დაესწრონ”.

ლისი მერე

„ლისი მერემ” ქართველების გულში და არა მარტო, თავისი საპატიო ადგილი უკვე დაიმკვიდრა. მის მახლობლად, ასევე ლისიდან 5 წუთის სავალზე, ძმებმა ახალი რესტორანი გახსნეს, რომელსაც ასევე საინტერესო კონცეფცია აქვს. მას „რიგის პური” ეწოდება, რაც ფესვებს ძველი ქართული სიტყვიდან იღებს. რიგის პური დიდ ნადიმს ან მეგობრულ თავშეყრას ნიშნავდა ძველ თბილისში. სანაცნობო წრეებში ის გარკვეული პერიოდულობით იგეგმებოდა და ერთმანეთთან დაახლოების იდეალური საშუალება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიცია ახლანდელ „რიგის პურში” ცოცხლდება. 

რიგის პური

გორდა ნამიჭეიშვილი: რიგის პური დაახლოებით 2 კვირის წინ გაიხსნა. მისი განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ესეც თბილისის ცენტრთან ახლოს, თუმცა ბუნებაში მდებარეობს. მისი როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ აქ მოსულ ადამიანს თავს რაღაც ახალ და განსხვავებულ სამყაროში აგრძნობინებს. აქ განლაგებულია ტერასა, ეზო, იზოლირებული ოთახები თავ-თავისი პატარა ეზოებით. ლისი მერეს მსგავსად, აქაც შეიძლება წვეულების გამართვა, ოღონდ შედარებით ნაკლებ სტუმარს იტევს, დაახლოებით 80-მდე ადამიანს. სტუმრების განწყობაზე ყოველდღიურად ცოცხალი მუსიკის შემსრულებლები ზრუნავენ. მოკლედ, თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, ის არის ადგილი, რომელიც ნებისმიერი ტიპის თავშეყრისთვის სასიამოვნო და უნიკალური სივრცე იქნება”.

მას მერე, რაც „ლისი მერესა” და „რიგის პურის” ძირითადი იდეები მიმოვიხილეთ, ძმებს გუნდის შესახებაც ვკითხეთ, თუ რას ითვალისწინებენ ისინი კადრების შერჩევისას და როგორ უდგება საქმეს თითოეული წევრი:

თაზო ნამიჭეიშვილი: პირველი, რასაც ყურადღება ექცევა ჩვენს საქმეში, არის გუნდური მუშაობის სიყვარული. შეიძლება გამოცდილება არ ჰქონდეს ახალ კადრს, მაგრამ ამას არ ჩავუთვლით მინუსად. სამაგიეროდ, ყურადღებას ვაქცევთ მის დამოკიდებულებას, სხვა თანამშრომლების დახმარების სურვილს, თუ როგორი მიდგომა აქვს თითოეული საღამოსადმი, როგორ ელოდება და ფიქრობს იმაზე, რომ საღამომ უნაკლოდ ჩაიაროს. ერთი სიტყვით, დიდი მნიშვნელობა ექცევა ჩვენს გუნდში იმას, რომ თითოეული ჩვენგანის სურვილია, მაქსიმალურად კმაყოფილი სტუმრები გავუშვათ ჩვენი სივრცეებიდან. 

თავად ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მეგობრული და შინაურული გარემო შევუქმნათ მთელ გუნდს. არ იყოს იერარქიული დამოკიდებულება და ყველა ადამიანი, მენეჯერი იქნება, მიმტანი თუ მზარეული ერთნაირად დაფასებული იყოს. ამას გუნდის წევრებიც გრძნობენ და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულებები ერთმანეთში საქმეზეც დადებითად აისახება”.

რიგის პური

ინტერვიუს ბოლოს სამომავლო გეგმებსაც შევეხეთ. არ გაგვიკვირდა, როცა ძმებმა საკმაოდ საინტერესო გეგმები გაგვიზიარეს, რადგან ამ ადამიანებისგან ნამდვილად იგრძნობა თავიანთი საქმისადმი უზომო სიყვარული. გაგვიმხილეს, რომ „ლისი მერე” საახალწლოდ გრანდიოზული წვეულებისთვის ემზადება, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. მართალია, ჯერ წვეულების დეტალები საიდუმლოდ რჩება, თუმცა დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ეს ღონისძიება ისეთივე დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე იქნება, როგორც ახალი წლის დღესასწაულს შეეფერება. 

მეორე მიმდინარე და უფრო დიდი პროექტი კი, საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც იქვე, ლისის ტბასთან და მათ სივრცეებთან ახლოს აშენდება. 

გორდა ნამიჭეიშვილი: ეს პროექტი ითვალისწინებს ახალი დასახლების გაშენებას, რომელიც კერძო სახლებს მოიცავს და თითოეულს თავისი იზოლირებული ეზო ექნება. ლისი მერეს გამოცდილებით, ჩვენს მომხმარებელს ძალიან მოსწონს ჩვენი სივრცეების ვიზუალური მხარე. ამიტომ ამ ახალ საცხოვრებელ კომპლექსშიც მსგავსი კონცეფცია გვინდა, გადავიტანოთ, რომელიც იქნება სრულიად განსხვავებული და შესასვლელშივე უნდა იგრძნობოდეს, რომ რაღაც ისეთ სივრცეში მოხვდი, როგორიც სხვაგან არ გინახავს”.

თაზო ნამიჭეიშვილი: აუცილებლად გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ეს ყველა პროექტი: „ლისი მერე”, „რიგის პური” და ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიის ურბანიზაციასაც უწყობს ხელს, რადგან მანამდე სანამ ეს ტერიტორია ათვისებული საერთოდ არ იყო. რეალურად, ეს არის უძველესი ადგილი, თბილისთან ძალიან ახლოს, ტბის მიმდებარედ, ლამაზი ხედებით და ბუნებით. მას შემდეგ, რაც „ლისი მერე” დავაარსეთ, ამ ადგილმა სიცოცხლე დაიბრუნა და თანამედროვე ეპოქაში თავისი ადგილი იპოვა, რაც ჩვენთვის, როგორც პროექტის ავტორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია”.

[R]

Instagram მომხმარებლებს ტროლების პოზიტიურად დაბლოკვას სთავაზობს

რა ფუნქციები ემატება YouTube-ს?