in

ნაყოფიერი მუშაობისთვის მთელი დღე ერთსა და იმავე მუსიკას უსმინე

კრეატიული დირექტორი, დიზაინერი და ბლოგერი (დიზაინის, სპორტისა და ცხოვრების თემებზე), ჯეფრი ბეიტსი სამუშაო კულტურის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, თუ როგორ ეხმარება მუსიკა საქმის შესრულებაში:

პირველად 10 წლის წინ მივხვდი, რომ შემოქმედებითი სამუშაოს შესრულების პროცესში, ერთსა და იმავე მუსიკას რამდენჯერმე ვამეორებდი. და ეს დღემდე გრძელდება. ოღონდ არა საათებისა თუ დღეების – ხანდახან, მთელი კვირების განმავლობაშიც კი, პროექტის დასრულებამდე. 

ჩემი მეთოდი კი ასეთია – დილას შედარებით ნელ სიმღერებს ვუშვებ – ოდნავ მოგვიანებით კი – უფრო ჩქარს ვარჩევ. და აღმოვაჩინე, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს იმ საქმის ხარისხზე, რომელსაც ვაკეთებდი. 

ჩემი მიდგომა, მგონია, რომ იმუშავებს დიზაინერების, მწერლების, პროგრამისტებისა თუ სხვა მიმართულების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც საქმეზე ფოკუსირება ინტენსიურად უწევთ.

რატომ არის ერთისა და იმავე სიმღერის მოსმენა ძლიერი ინსტრუმენტი?
კვლევები ცხადყოფს, რომ როცა იმ მუსიკას ვუსმენთ, რომელიც მოგვწონს, ტვინი ქიმიურ ნივთიერება დოპამინს გამოყოფს, რომელიც ჩვენს განწყობაზე პოზიტიურ ეფექტს ახდენს. ჩქარტემპიანი მუსიკა ჩვენი გულის ცემასა და სისხლის მიმოქცევას ზრდის და სუნთქვას ახშირებს, საპირისპიროდ, ნელ მუსიკას სრულიად კონტრასტული ეფექტი აქვს. 

ერთისა და იმავე მუსიკის გამეორებით, ჩვენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ვცვლით. დროთა განმავლობაში, სიმღერა ფონად გარდაიქმნება და აქტიური მსმენელიდან, მისი აღქმა, უბრალოდ, მუსიკის შეგრძნებამდე დადის.

პირადად მე, მუსიკას იმისთვის ვიყენებ, რომ ტრანსში ვიყო. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ჩემს საქმეში საუკეთესო ვხდები. ამ დროს, საქმეზე მაქსიმალური ფოკუსირება შემიძლია და აღარ მიწევს კონცენტრირებისთვის ბრძოლა. 

მუსიკის  შერჩევას წარმატებულ შედეგებზე პირდაპირი ეფექტი აქვს.
სრულიად განსხვავებული ჟანრისა და ტემპის მუსიკა მომწონს. და თითოეული მათგანი ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე დრამატულ ეფექტს ახდენს. დედლაინიდან დედლაინამდე მიწევს მუშაობა და ხშირად, სამუშოდ საკმარისი დრო არ მაქვს მოცემული.

სამუშაო რამდენიმე ფაზად მაქვს დაყოფილი:

პირველი კრეატიული აზროვნების ფაზაა. ამ შემთხვევაში, ვცდილობ, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ ამ ნაწილისთვის საკმარისი დრო მაქვს და შესაბამისად, შედარებით უფრო ნელ მუსიკას ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. ძალიან მეხმარება მელანქოლიური სიმღერები, რომელიც რაღაცას მახსენებს ხოლმე. იმ შემთხვევაში, თუ ვწერ, უტექსტო კომპოზიციებს ვუსმენ ხოლმე იმიტომ, რომ როგორც წესი, ჩემი წარმოსახვის უნარი სიმღერის ტექსტებს მიჰყვება, მთლიანად სიმღერის გავლენის ქვეშ ვექცევი და საქმეზე ვეღარ ვკონცენტრირდები ხოლმე.მეორე ნაწილი დიზაინის, წარდგენისა და გადასინჯვის ეტაპია. აქ უკვე არჩევანში უფრო თავისუფალი ვარ. თუმცა, თუ მუშაობის პროცესში ვინმესთან კოლაბორაცია მიწევს, სხვადასხვა სიმღერას ვრთავ, რომ თანამშრომელთან განხილვის შემდეგ, ხელახლა შევძლო თემაზე ფოკუსირება. 

რაც შეეხება ბოლო ფაზას, აქ საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ტემპში მუშაობა. იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. რიტმიანი სიმღერები კი ამ ფაზას საუკეთესოდ ერგება. განსაკუთრებით იმ დროს, თუ მუშაობა ღამით მიწევს და ვცდილობ, არ ჩამეძინოს. 

აქ უცნაური არაფერია
არის ხოლმე მომენტები, როცა უხერხულობა მექმნება იმ სიმღერის არჩევის გამო, რომელიც მუშაობის კონკრეტულ მომენტს ძალიან უხდება, მაგალითად, ბრიტნი სპირსის Toxic. როგორც წესი, ამაზე არავისთან ვსაუბრობ, თუმცა, ხანდახან ჩემგან დამოუკიდებლად იგებენ, რას ვუსმენ.

ერთ დღეს, ჩემი „ზენჰაიზერის“ყურსასმენები მეკეთა რა, რომელზეც ვიცოდი, რომ ცოტათი ხმა ეპარებოდა, თანამშრომელი მეუბნება:

– Wicked Game-ს უსმენ ხომ, უკვე მერამდენედ?
– მმ, კი, მოკრძალებულად ვპასუხობ…
-აუ, მაგ სიმღერის ჯეიმს ვინსენტ მაკმოროუისეული ვარიანტი მოსმენილი გაქვს? ძალიან მიყვარს, – ბედნიერად ამბობს.
-აჰა, მეც, მაგარია – ვპასუხობ და ნელ-ნელა მუსიკის ხმას ვადაბლებ. 

ჩემი სპოტიფაის ფლეილისტი.
დასაკრავი სიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპითაა დალაგებული. ხან რომელი უხდება ჩემს სამუშაო განწყობას, ხან – რომელი – Songs on repeat to get shit done

P.S გთხოვთ, ჩემი ცუდი მუსიკალური არჩევანის გამო ნუ განმსჯით. 

ამჯერად კი, თქვენ გაგვიზიარეთ, მუსიკა თქვენს სამუშაო პროცესზე რა ზეგავლენას ახდენს?

 

წყარო: Medium



კარგია თუ ცუდი ერთსა და იმავე კომპანიაში დიდი ხანი მუშაობა – სოფო ბალავაძე

ინტელექტს არ აქვს სქესი! – UNDP Georgia-ს ვიდეორგოლი