in

როგორ გააერთიანა Litz Resort-მა სამედიცინო, გასართობი და დასასვენებელი სერვისები ერთ საკურორტო სივრცეში

Litz Resort სტუმრებს, თითქმის, ერთი წელია მასპინძლობს. სასტუმრო კომპლექსი ჯერ კიდევ საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს და ეტაპობრივად, სერვისებს ამრავალფეროვნებს. კვარიათის მთიან ლანდშაფტზე გაშენებული პროექტი სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაგანახებთ გარემოს. აჭარის მთებიდან მონაბერი ჰაერი ზღვისას უერთდება და გამორჩეულ კლიმატს ქმნის დამსვენებლებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ დასასვენებელი და გასართობი დანიშნულების გარდა, Litz Resort-ს გამაჯანსაღებელი დანიშნულებაც აქვს. სასტუმრო კომპლექსის სივრცეში Litz Resort-ის გუნდმა პროფესიონალი მედიკოსები შეკრიბა და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა განათავსა.

ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც ზღვისპირეთში ჩასული დიმიტრი ტვილდიანი კვარიათის მაღლობმა შთააგონა. „მე აქედან არსად წავალ“ – მტკიცედ თქვა მან და მეუღლესთან ერთად, მთის წვერზე სახლის აშენება გადაწყვიტა. თავდაპირველად, ამ სივრცის სააგარაკედ მოწყობა განიზრახეს, შემდეგ – პატარა სასტუმროს აშენება. თუმცა ნიადაგის დამუშავებამ გარემო სულ სხვანაირად დაანახა და მთის თავზე უზარმაზარი დასასვენებელი კომპლექსის ჩამოყალიბებაზე დააფიქრა. საინტერესოა კურორტის სახელწოდებაც – „ლიც“ სვანურად წყალს ნიშნავს, შესაბამისად, Litz Resort გახლავთ „წყლის კურორტი“, პირდაპირი მნიშვნელობითაც.

„ეს გარემო იმდენად გწყვეტს ყოველდღიურობას, რომ  დასასვენებლად ამოსული სტუმრებისთვის განსატვირთად სხვადასხვა აქტივობის მოფიქრება იყო საჭირო. შესაბამისად, ამ მხრივაც ვიმუშავეთ. განვათავსეთ დიდი საბილიარდო, სადაც ოთხივე სახის ბილიარდის მაგიდაა წარმოდგენილი. მოეწყო ბოულინგის დარბაზი, სპა, გარე და შიდა აუზები – მტკნარი და მარილიანი წყლებით, ჭადრაკის, შაშისა და პეტანკეს სათამაშო მოედნები, „არკადა“ – ბავშვებისთვის კომპიუტერული სათამაშო ოთახი, დიდი სათამაშო დარბაზი, სამაგიდო თამაშების კლუბი, კინოთეატრი და ა.შ. გართობის მრავალმხრივი შესაძლებლობა შევქმენით,“ – გვიამბო დიმიტრი ტვილდიანმა.

M: როგორ მიხვედით Litz Resort-ში სამედიცინო მიმართულების იდეამდე?

დიმიტრი ტვილდიანი

რატომღაც, ბათუმი მხოლოდ ზაფხულის კურორტად მიაჩინიათ, რომ სტუმრების მიღება მხოლოდ სამი თვითაა შესაძლებელი. ეს მცდარ მოსაზრებად მიმაჩნია. ამ შეხედულებას მიმყარებს თავად კლიმატის ცვლილებაც, რამაც შემოდგომა-ზამთარში უფრო თბილი ამინდები განაპირობა. ვფიქრობ, ამ ფაქტორს დიდი ყურადღება სჭირდება და შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს ბათუმის საკურორტო დანიშნულება.

Litz Resort-ში ეს ფაქტორი გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, გასართობთან ერთად, დამსვენებლებისთვის გამაჯანსაღებელი სერვისიც შეგვექმნა, რათა ყველა სეზონზე საინტერესო ყოფილიყო ჩვენთან სტუმრობა. ჩამოვაყალიბეთ დეტოქსიკაციისა და ველნესის პროგრამები და ვიზიტორებს სრული ამბულატორიული მომსახურება შევთავაზეთ. ჩვენი ხედვით, ესაა სამედიცინო ტურიზმი, სადაც დასასვენებლად ჩამოსულ ადამიანებს, პარალელურად, სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ.

M: რას მოიცავს გაჯანსაღების პროგრამა?

გამაჯანსაღებელი პროგრამა მოიცავს, მაგალითად, საკვების მიმართულებას. გარკვეული დროის განმავლობაში, დამსვენებელი იღებს მხოლოდ ორგანულ საკვებს, წვენებს და ისეთ დიეტას მიჰყვება, რომელიც მისთვის ინდივიდუალურად არის განსაზღვრული. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ წონა და ზომა არ არის მნიშვნელოვანი საზომი, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ორგანიზმის ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი მასა, უჯრედგარეთა და უჯრედშიგნითა სითხეების მდგომარეობა. ამ ყველაფრის განსაზღვრისთვის Litz Resort-ში სპეციალური აპარატი გვაქვს. გაზომვის შედეგად, დგინდება კვების სპეციალური პროგრამა. გაჯანსაღების პროგრამის მიმართულებას უძღვება მარიამ ლიპარტია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის სისტემაში მომუშავე პროფესორია, სიმსუქნისა და ენდოკრინოლოგიის დარგში. ის ერთ-ერთია აშშ-ის იმ სამოც მედიკოსს შორის, რომელიც სიმსუქნის მედიცინის კუთხითაა სერტიფიცირებული. აქვე სიამაყით აღვნიშნავ, რომ ის სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, წელს, 34 წლის ხდება. ჩვენი 250-ზე მეტი კურსდამთავრებული აშშ-ის წამყვან კლინიკებში მუშაობს, 500-ზე მეტი – სხვა ქვეყნებში მუშაობს.

Litz Resort-ის ამ პროგრამაზე მიღება უკვე დაწყებულია და უკვე საკმაო ინტერესიც გამოიწვია. პროგრამა ზაფხულამდე იქნება აქტიური, ხოლო შემდეგ, შემოდგომიდან კვლავ განახლდება. დარწმუნებული ვარ, ეს სერვისი უამრავ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

M: როგორც ჩვენთვის ცნობილია, Litz Resort-ში ქირურგიული სერვისებიც არის ხელმისაწვდომი…

ამ პროგრამის გარდა, უზრუნველვყოფთ მაღალი დონის სხვადასხვა სამეციდინო მომსახურებას, მაგალითად, პლასტიკურ ქირურგიაში გვყავს აშშ-ში მომუშავე და არბატის წამყვანი პლასტიკური ქირურგი, ასევე, ჩვენი თანამემამულე. ისინი ყველა სახის პლასტიკურ და კოსმეტიკურ ოპერაციას ჩაატარებენ. აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ სასტუმროს გარემო სამედიცინო სერვისით დაინტერესებული ადამიანებისთვის უზრუნველყოფს რეაბილიტაციას. ამდენად, ეს იქნება დასვენება და გაჯანსაღება ერთდროულად.

Litz Resort-ში ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური სერვისიც, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კლინიკა ახორციელებს. ასევე, გვაქვს თმის გადანერგვის მაღალი დონის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, ვინაიდან, ანალოგიური ხარისხის ბევრად ხელმისაწვდომ ფასად მიღება შეუძლიათ.

M: მთლიანობაში, Litz Resort-ის დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის რელიეფს. როგორ შეიმუშავეთ ასეთი არქიტექტურული გადაწყვეტა?

ყველაფერი პროცესში შემუშავდა, ჩვენივე ენთუზიაზმით. შემიძლია ვთქვა, რომ არ დაგვიქირავებია ადამიანი, რომელიც კომპლექსის ესკიზს შექმნიდა. ამ კუთხით ჩემი მეუღლე იყო მთლიანად ჩართული. გარდა იმისა, რომ პროექტის დიზაინი გარემოსთან ჰარმონიაშია, სიმბოლურია კოშკურის დატვირთვაც, რომელიც თან, შუქურას ჰგავს და თან თანამედროვე სვანური კოშკია. სხვათა შორის, კოშკურის სახურავზე მაღალი დონის ობსერვატორია გვაქვს განთავსებული და ღამის ცის დაკვირვება დაუვიწყარი სანახაობაა.

რასაკვირველია, არ დაგვვიწყნია იმ შესანიშნავი ტყიანი გარემოს ფუნქციური დატვირთვაც, რაც გარშემო გვაქვს. ტყეებში სალაშქრო ბილიკები გავიყვანეთ, სტუმრებისთვის საცხენოსნო ტურები დავგეგმეთ. ჩვენ გარშემო უამრავი მარშრუტია, რაც აქ სეირნობას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.

აქვე, არ დავივიწყოთ კვება და გართობაც. Litz Resort-ში სამი რესტორანია განთავსებული. აუზთან მოწყობილი გვაქვს კაფე-პატისერი, საღამოს გართობისთვის ფუნქციონირებს ჯაზ-კლუბი, ასევე, რესტორანი „ზეცა“, რომელიც გამორჩეულად უყვართ სტუმრებს. ღონისძიებების განსხვავებული სტილის მიხედვით იგეგმება, რათა სხვადასხვა გემოვნების მსმენელს შევუქმნათ კომფორტი. დიდი სივრცე გვაძლევს საშუალებას, 1500-ზე მეტ ადამიანს ვუმასპონძლოთ ღონისძიებაზე ერთდროულად. ამას გარდა, გვაქვს საკონფერენციო დარბაზებიც, საქმიანი შეხვედრებისთვის.

M: თქვენთვის რა მნიშვნელობის მატარებელია Litz Resort-ის პროექტი?

ჩემთვის ნამდვილად ძვირფასი პროექტია, თუმცა მთავარ პროექტად დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მიმაჩნია, რომელმაც უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული გამოუშვა. პანდემიის დროს კი, როცა უსაქმოდ ვერ გავჩერდი შედეგად Litz Resort შეიქმნა. მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი პროექტი გამოვიდა. ზოგადადაც, მიყვარს ახალი წამოწყებები. მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩემი, როგორც უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ $9 იყო, მივხვდი, რაღაც სხვა უნდა მეკეთებინა. სწორედ იმ დროს, პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბე „პირველი რადიო“, რომელიც ჩაბნელებულ თბილისში, ტანკის აკუმულატორზე მუშაობდა და გემოვნებიანი მუსიკა მიჰქონდა მსმენელებამდე. შემდეგ იყო „პირველი ტელევიზია“, იმის შემდეგ – გადამზიდი კომპანია ჩამოვაყალიბეთ და ევროპიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით გადაგვქონდა ტვირთი. დავიქირავეთ გემები, შევიძინეთ სატვირთო მანქანები და ავმუშავდით. უამრავი სხვა წამოწყება იყო, მათ შორის, რამდენიმე დიაგნოსტიკური ცენტრი აშშ-ში…

M: თქვენი ხედვით, რა მიმართულებებს შეიძლება გაუხსნას გზა საქართველოში Litz Resort-მა თავისი განსხვავებული კონცეფციით?

საბედნიეროდ, საქართველო არაერთი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტული მიმართულებაა. მინდა, უფრო მეტად გავიკვალო გზა ევროპაში და სხვა ქვეყნებში „გამოზამთრების“ მოყვარულ ევროპელებს ჩვენკენ გამოვუძღვე, მოვხიბლო აქაური კლიმატით, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით, გამორჩეული სერვისებითა და კურორტით, რომელიც ჩამოვაყალიბეთ… ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ საქართველოს გავლენის არეალი ევროპისკენ, რისი უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს.

 

[R]

შესაძლოა, მარსის ქალაქების გასაშენებლად კარტოფილი და მტვერი გამოიყენონ

NEXT COLLECTION – 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე