„ამიერიდან, LIVE Branding იქნება საგანმანათლებლო-საინფორმაციო სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო, რომელიც ბრენდიგის შესახებ ადამიანების ინფრომირებაზე და განათლებაზე იზრუნებს და რა თქმა უნდა, შეასრულებს შეკვეთებს მათთვის, ვისაც იურიდიულ პირთან ურთიერთობა უფრო ურჩევნია“, – წერს სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელი – ალექსი ჩიქოვანი ფეისბუკ პოსტში. როგორც ამავე პოსტიდან ვიგებთ, გადაწყვეტილება პანდემიის პერიოდიში შექმნილ ორგანიზაციულ დაბრკოლებებს უკავშირდება. თუმცა, ყველაფერი COVID-19-ისას არ დაწყებულა.
„პანდემიამ მეც შემაშინა და დამაყენა გამოწვევის წინაშე. თუმცა, ის რაც მოხდა, მანამდე, კრიზისამდე ვითარდებოდა, მე და შოთა [ჩინჩალაძე] ვხვდებოდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, რომ რაღაცაში ჩვიკეტეთ, მოქნილობა დავკარგეთ. რაღაც ისე არ მიდიოდა, როგორც გვინდოდა და რაც მთავარია, დაგვიჩლუნგდა კომპანიების რეალური საჭიროებების დანახვის და მოქნილად დაკმაყოფილების უნარი. მაგრამ საუბრის იქეთ ვერ მივდიოდით, ნაბიჯს ვერ ვდგამდით. ალბათ, რაღაც იყო საჭირო რაღაც ბიძგი და აი, COVID-19-იც გამოჩდა და მაგრადაც გვიჯიკა. გვიჯიკა და ჩვენც მაგრად დავუხვდით! (…) გამოვედით სააგენტოობის ჩარჩო-სტრუქტურიდან და ახლა უკვე ცალ-ცალკე გავაგრძელებთ საქმიანობას. მაგრამ! როგორც კი საჭირო იქნება ჩვენ ისევ გავერთიანდებით და ერთად გავაკეთებთ პროექტებს. (…) ჩვენ მხოლოდ ერთ საქმეს კი არ ვემსახურებით, არამედ ერთ დიად იდეას – რაც შეიძლება მეტი კარგი ბრენდი საქართველოში! და ეს მარტო არცერთს არ გამოგვივა“, – წერს ალექსი ჩიქოვანი.
ზემოთ მოცემული ინფორმაცია სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და უფროსმა ბრენდ კონსულტანტმა – შოთა ჩინჩალაძემაც დაადასტურა. მის პირად ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მან სააგენტო დატოვა. ის ეთანხმება ალექსი ჩიქოვანს საერთო მიზნის ქონის კუთხით და სამომავლო თანამშრომლობებისთვის მზაობასაც გამოხატავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ის საქმიანობას.
„ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი ზუსტად ისეთია, როგორიც ძველის დასასრული: გაუკრვეველი. პანდემიამ დამანახა, რომ ცოტა სახლში ყოფნაც მომენატრა. პატარა კუსკუსა სამუშაო კუთხე მოვიწყე და მეტწილად, აქედან შევეცდები სამყაროში ჩემი ჭიანჭველას წვლილის შეტანას. (…) ჯერჯერობით, ვიცი, რომ უნდა ვეძებო, აღმოვაჩინო, ვნახო, ავწონ-დავწონო. მგონია, რომ შეიძლება ვიღაცებს მართლა გამოგადგეთ, თუნდაც ერთი, პატარა ცვლილებისთვის თქვენ გარშემო. (…) ზუსტად ვიცი, რომ ღია ვარ ყველა საინტერესო და კარგ ადამიანთან თუ გუნდთან თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის“, – წერს შოთა ჩინჩალაძე.
ჯერჯერობით, არც ის ვიცით ზუსტად, თუ როგორი იქნება საგანამანათელობლო-საინფორმაციო სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის პირველი ნაბიჯები, ან რა სტრატეგიას დაეყრდნობა მისი საქმიანობა. ამის შესახებ, ალბათ, მოგვიანებით, დაწვრილებით გავიგებთ. მანამდე კი შეგვიძლია გავეცნოთ იმას, თუ ამ ეტაპზე, როგორ წარმოუდგენია სააგენტოს დამფუძნებელს საკუთარი პროფესიული მომავალი:
„პირადად მეც ვხდები გაცილებით მოქნილი, გადავდივარ ახალ მოდელზე და ვფიქრობ რომ ჩვენს დამკვეთებს, ახლანდელ და მომავალ პარტნიორებს ესეც მოეწონებათ. მე, როგორც ინდივიდუალი ბრენდინგის სპეციალისტი – ალექსი ჩიქოვანი – მზად ვარ ვიყო ბრენდის კონსულტანტი მოქნილი ურთიერთობის მოდელით, როგორც იმ მომენტში დამკვეთს მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის დასჭირდება. დასჭირდება ჩემი გარკვეული დროით კომპანიაში ყოფნა? ვიქნები. დასჭირდება ერთჯერადი კონსულტაცია? გავუწევ. დასჭირდება ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარება? მოვუგვარებ. დასჭირდება პროექტის გაკეთება? გავაკეთებ! რაც ყველაზე მთავარია, მე დღეიდან ნებისმიერი დამკვეთისთვის მუშაობისას უპირველს პრიორიტეტად ვაყენებ არა მხოლოდ სტრატეგიის შექმნას და გადაცემას, არამედ ძალიან დაჟინებით და გააფთრებით ვიზრუნებ კონკრეტული, ხელშესახები შ ე დ ე გ ი ს თ ვ ი ს! ესეც იქნება სიახლე, მე ყველა დამკვეთს ვთხოვ და მოველაპარაკები, რომ საშუალება მომცეს კონკრეტულ შედეგებზე მეც მასთან ერთად ვიზრუნო. ამისთვის უკვე ვამუშავებ ახალ შეთავაზებებს და პროდუქტებს, დიდი ცოდნა და ინფორმაცია დამიგროვდა და მე მათ გარდავქმნი შედეგის მომტან პროდუქტებად“.
და კიდევ:
„უფრო მეტ დროს დავუთმობ სტატიების წერას და ჩემს დარგში განმანათლებლობას. იქნება და წიგნზეც გავიწიო, ვნახოთ… აი, ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა. შევიცვალეთ რომ არ მომვკვდარიყავით. ახლა ვნახოთ, როგორ გამოვა. მე დარწმუნებული ვარ რომ გამოვა – კიდევ უფრო მაგარი პროექტები“, – წერს ალექსი ჩიქოვანი.