in

LIVE Branding-ს ახალი ლოგო და გეგმები აქვს, ანუ სააგენტოსა და ალექსი ჩიქოვანის ცოცხალი ამბავი

LIVE-ს, ან როგორც უფრო ხშირად ვუწოდებთ, LIVE Branding-ს ახალი ლოგო აქვს, რაც სააგენტოში მიმდინარე მოვლენების გამოძახილია. ვიზუალის განახლებულ ვერსიაზე რეზო მელიქიშვილმა იმუშავა. დანარჩენს კი თავად დამფუძნებელი ალექსი ჩიქოვანი გვიამბობს:

„LIVE 2008 წლის ოქტომბერში დავაფუძნე. ჩემი სააგენტოს ნიშნისა და ლოგოტიპის დიზაინის შექმნა ვთხოვე ირაკლი თოფურიას. ბრიფი იყო ძალიან მარტივი (ბრენდინგი ხომ რაღაც კომპლექსურის დალაგება, გამარტივებაა), რომელიც ჩემს მაშინდელ ბრენდინგის ფილოსოფიას გადმოსცემდა – ბრენდი ცოცხალი ორგანიზმია, მას გააჩნია ხუთივე გრძნობა, 21-ე საუკუნის ბიზნესი ბრენდზე დგას, ბრენდინგი დინამიკურია და არა სტატიკური. სწორედ ამიტომაც შევურჩიე სახელი LIVE ანუ ცოცხალი. მაგრამ ქართულად  სიტყვა „ცოცხალი“ ქელეხში (და არამარტო) თეფშზე ჩარიგებული მოხარშული თევზის ასოციაციის მფლობელია და ამიტომ, სახელად ინგლისური სიტყვა დავტოვე. ძალიან დიდ ბოდიშს, გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ჩემს უძვირფასეს ქართულ ენას და იოანე ზოსიმეს, მაგრამ თუ მე ქართულ ბრენდებს დიდ ოკეანეში შეცურვაში დავეხმარები, ალბათ, მაპატიებენ.

ირაკლიმ რამდენიმე ვერსია გააკეთა, მაგრამ იმ ვერსიაზე, რომელიც 2008 წლიდან დღემდე იყო სააგენტოს ნიშანი და ძალიან მხურვალედ უჭერდა მხარს, ბევრი ვიკამათეთ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ძალიან მეჭრელებოდა, გადავწყვიტე დამეტესტა. ჩემი მაშინდელი დამკვეთები, პარტნიორები და ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანები მოვიწვიე ვიზუალის შესაფასებლად. მოგროვდა 12-15 ადამიანი. ეს კვლევით სააგენტო ACT- ში მოხდა, ფოკუს – ჯგუფები ჩავატარეთ და მე ეს ვერსია არ წარვადგინე (მაპატიე ირაკლი). იმედი მქონდა, სხვებიდან რომელიმე მოეწონებოდათ.

არცერთი არ მოეწონათ. ფოკუს – ჯგუფები თვითონ ACT-ის დირექტორს – თიკა რუხაძეს მიჰყავდა, მას ნანახი ჰქონდა ის ვიზუალი რომელიც მე არ წარვადგინე. როცა ფოკუს – ჯგუფებმა უარყვეს სხვა ვარიანტები – ყველა! კარგად მახსოვს, თიკა წამოხტა და თქვა – აუ, ალექსი ახლა ძალიან ატრ..ებს (ეს სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ ნუ ეგ იყო), ერთი ვერსიაც აქვს და არ გამოაქვსო, გავიდა და მოუტანა ჯგუფის წევრებს. მე დასაკვირვებელ ოთახში ვიყავი და ვერაფერს ვიზამდი. ჩემდა გასაოცრად. ყველამ ერთხმად (და ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა ვიზუალის, სახელის, სლოგანის თუ სტრატეგიის დამტკიცებისას) თქვა „ვააააა, ეს კარგია! ძალიან კარგი!“. თიკა მოტრიალდა და გამყოფ სარკეში შემომძახა – „ხომ გეუბნებოდი?!“ (მადლობა თიკა). აი, ასე გახდა ვეშაპი და უნიკალური წარწერა LIVE ჩემი სააგენტოს ვიზუალური იდენტიფიკაცია 2008 წელს.

Live Branding – სირბილის დროს დაბადებული “ცოცხალი” ბრენდის ისტორია

ვიზუალის აღწერა 

ნიშანი: ვეშაპი – თუ გახსოვთ, არსებობს ლეგენდა, რომ დედამიწა სამ ვეშაპზე დგას, შესაბამისად, ირაკლიმ ეს ლეგენდა გამოიყენა (თან შენც დიდი და „მოზვინული“ ხარო მოთხრა და მოგიხდებაო – ყველა ბრენდი თავის შემქმნელს ჰგავს), მაგრამ სამის მაგივრად, რა თქმა უნდა, სიმარტივისთვის, გააკეთა ერთი – ბიზნესი ბრენდზე დგას; ვეშაპი იყო 5-ზოლიანი, გრძნობების – ხედვა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა – აღსანიშნავად. ვეშაპს გარს წყლის ბუშტუკები აქვს როგორც დინამიკის მაჩვენებელი, ის მოძრაობს – ბრენდინგი დინამიკაა. ლოგოტიპი: უნიკალური, სპეციალურად დახატული წარწერა LIVE, თხელი და ნარნარი ვეშაპის „მოზვინულობის“ დასაბალანსებლად.

ირაკლიმ ამ ვიზუალით ბევრი კარგი შეფასება მიიღო საზღვარგარეთ. რამდენიმე კონკურსიც კი მოიგო და მე მისი ძალიან მადლობელი ვარ, რომ არ დათმო. მეტ ვერსიას არ გაგიკეთებო, ძალიან მკაფიოდ მითხრა.

რა შეიცვალა ლოგოში

12 წლის თავზე, ჩემი ფილოსოფია რომ ბრენდი ცოცხალი არსებაა, განვითარდა, დაიხვეწა და ეს ფილოსოფია ახლა ასე ჟღერს – ბრენდი ადამიანია! (და არა უბრალოდ ცოცხალი არსება) სხვაობა ის არის, რომ თუ ის სწორად იმართება, ადამიანზე დიდხანს ცოცხლობს ან უკვდავია. ამასთან დაკავშირებით ბევრი სტატია და გამოსვლა მქონდა და მექნება, ალბათ, წიგნსაც დავწერ. ამასობაში შევქმენი ტერმინები – ბრენდამიანი, ორგანიზებული ჯიგრის კულტურა და ბრენდინგი – ცხოვრების გზა და ძალიან კარგი პარალელები გამოდის ადამიანის სოცოცხლის გზის მოდელსა და ბრენდის ცხოვრებას შორის. ამიტომ, მე ბრენდზე ვსვამ კითხვას – ვინ არის ბრენდი? და არა – რა არის ბრენდი? ამიტომ, ჩავთვალე რომ გრძნობების გამომხატველი ფერები აღარ არის საჭირო, ეს უკვე იციან იმ ადამიანებმა ვინც მე და ჩემს სააგენტოს გვიცნობს. მაგრამ ბიზნესი რომ ბრენდზე დგას ეს უცვლელია, მაგრამ უფრო დავხვეწე და ჩამოვაყალიბე – სანამ ხარ ბიზნესში, ხარ ბრენდინგში – ამ ყველაფერში შოთა ჩინჩალაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

ლოგოსა და ნიშნის კონსტრუქციაში არაფერი შეცვლილა, ჩემი ვეშაპი როგორც ბრენდის სიმბოლო, თავისი ბუშტუკებიან – და ლოგოტიპიანად იგივეა. უბრალოდ მოვაცილე ფერები, გავათეთრე, როგორც ბიზნესის აბსოლუტი, უმთავრესი და ერთ დიდ იასამნისფერ ოკეანეში გავუშვი. იმიტომ რომ მჯერა, კარგი ბრენდი დიდ ოკეანეებს დაგაპყრობინებთ. ეს ფერიც, მუქი იასამნისფერი, საიდან მოიტანა არ ვიცი, მაგრამ შოთამ გამოიყენა ჩვენი შეთავაზებების გასაფორმებლად, ძალიან მომეწონა და მივითვისე.

ამ სახით ჩემი ვიზუალური იდენტიფიკაცია გამარტივდა და უფრო მოქნილი გახდა. ეს უკვე ჩვენს სააგენტოში მომხდარი ცვლილებების აღსანიშნავად გაკეთდა. სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE პანდემიის ხანის გავლენით – სტრატეგიული ბრენდინგის, საგანმანათლებლო და საინფორმაციო სააგენტოდ გარდაიქმნება და ძალიან მოქნილ მომსახურების სისტემაზე გადაერთვება (უკვე).

რა იცვლება Live-ში?

იმ დამკვეთებს, ვისაც სურვილი ექნება იურიდიულ პირთან იმუშავოს, მოემსახურება შპს LIVE, სადაც დამკვეთის ინტერესიდან გამომდინარე, შეიკრიბება გუნდი და გაკეთდება პროექტი. მე ვიქნები სტრატეგი და დანარჩენ გუნდის წევრებს საჭიროების მიხედვით დავიმატებ. რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ ჩემი სტრატეგობა არ ეყოფა, პირველი ადრესატი შოთა ჩინჩალაძე იქნება, რომელიც სააგენტოში უერთგულესი და უეფექტურესი 8-წლიანი საქმიანობის შემდეგ დიდი ოკეანეების დასაპყრობად თავისუფალ ცურვაში წავიდა. და დარწმუნებული ვარ, კარგადაც იცურებს. რაც შეეხება დიზაინერებს, კოპირაიტერებს, კრეატივის სპეციალისტებს ბევრი ნიჭიერი ადამიანი იქნება ჩემს გვერდში. პირველ რიგში, „ავალა“ და „კუბო“,მაგრამ, ასევე, მინდა ავიხდინო ჩემი დიდი ხნის ოცნება და ჩემს ყოფილ სტუდენტებთან ერთადაც ვიმუშაო. ეს უფრო დიდ, მასშტაბურ პროექტებს შეეხება.

თუ დამკვეთისთვის არ იქნება პრინციპული მოთხოვნა, რომ მაინცდამაინც შპს – იყოს, მაშინ მე პირადად როგორც – ალექსი ჩიქოვანი – მზად ვარ მათ დავუდგე გვერდში და მხარდამხარ შევუტიოთ საქმეს. ეს შეთავაზება გაცილებით მოქნილი იქნება, როგორც პროცესში – ისე ფასში და ვადებში. ცვლილებამ ისიც გამოიწვია, რომ მე ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებ ხელშესახებ შედეგებზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა დამკვეთმა მომცეს საშუალება მეც ჩავერთო რეზულტატების გენერირებაში, მათთვის მორგებული, მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთებული, გამოყენებადი და მოქნილი სტრატეგიის დანერგვაში – გამოყენებადი სტრატეგია მაგარი შედეგებისთვის! დღეიდან, აი, ასე ვუბერავ – თუ ვინმეს ჩემთან მუშაობა არ მოუნდება, მაშინ მათ ახსოვდეთ, რომ შოთა ჩინჩალაძე არსებობს და მანამ, სანამ ვინმე მე ამირჩევს, მანამდე აი ქვემოთ მოცემული პუნქტით – განმანათლებლობით დავკავდები.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, მე და ჩემი სააგენტო დღეიდან, ვიზრუნებთ ბრენდის ვინაობის, ბრენდინგის რაობის, მისი სასიცოცხლო როლის და მნიშვნელობის კიდევ უფრო გაპოპულარიზების სასწავლო – საინფორმაციო მეთოდებით და მე ამას – ბრენდის ჟურნალისტიკა – დავარქვი. სექტემბრიდან დავიწყებთ გააფთრებულ საუბარს ბრენდზე, სტრატეგიაზე, მის დანერგვაზე და იმაზე თუ რა არის საჭირო ამ ყველაფერში წარმატების მისაღწევად. პირველი ასეთი ექსპერიმენტი ამერიკელი ბრენდინგის მონსტრთან – მარტი ნეიმეიერთან ინტერვიუთი გაკეთდა და წარმატებითაც. მჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება. არც აქ ვიქნები მარტო, ბევრ ჭკვიან ადამიანს ჩავრთავ.

ასეთია ჩემი ამბავი, რომელიც გამოწვევების ფონზე უფრო საინტერესოდ ვითარდება, მიზანი ერთია, დიადი და ნათელი – რაც შეიძლება მეტი მაგარი ქართული ბრენდი, რაც შეიძლება უკეთესი საქართველოსთვის!

მიაწვააააააა!“

DeepFaceDrawing – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კონტურებს პორტრეტებად აქცევს

195 წამი ბიზნესში განათლების ტრენდების შესახებ